ოთხშაბათი
აგვ272015

შეხედულებების თავისუფლება

შეხედულებების თავისუფლება

 

არსებობს  ბევრი რამ, რაც ვიცით ან გვგონია, რომ კარგად ვიცით.

მაგალითად, ვიცით, რომ დედამიწა მრგვალია, რომ ღამით ბნელა ან ზაფხულში ცხელა. ასევე ვიცით, რომ ვიტამინი C სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. კარგია თუ ვიცით, როგორ გავუფრთხილდეთ ორგანიზმს და როგორია უსაფრთხო სექსი. ყოველივე ამის ცოდნა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთდროულად სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები ვართ. ვგულისხმობ გეოლოგიას, ბიოლოგიას ან მედიცინას. არც იმაზე ვაპელირებ, რომ ეს ინფორმაცია ვიღაცამ გვითხრა და მას დავუჯერეთ. არა, ის, რაც ავად თუ კარგად ვიცით, ხშირად თავად ბუნებამ გვასწავლა.

ის, რაც ჩვენ გვგონია, რომ კარგად ვიცით, უმეტეს შემთხვევაში არის შეთანხმება, საერთო აღიარება ან რწმენა. მაგალითად, ახალი წელი რომ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს აღინიშნება, ეს შეთანხმებაა. ომი და ტერორიზმი რომ დამანგრეველია ეს აღიარებაა, უკეთეს მომავალს რომ ველით – რწმენა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რა ვიცით საკუთარი გამოცდილებით. მცირეოდენი პერსონალური გამოცდილება ან საკუთარი აღმოჩენა გარშემო რადიკალურად ცვლის ყველაფერს, ხშირ შემთხვევაში ე.წ. სტერეოტიპსაც კი.

ნებისმიერ საზოგადოებაში არის დამკვიდრებული წესები თუ შეხედულებები, რომლებსაც უმრავლესობა ემორჩილება. ასეთია საზოგადოების მოწყობის წესი. ცოდნის ბაზისი დათანხმებაა, რადგან რთულია მხოლოდ საკუთარი გამოცდილების ან აღმოჩენის ხარჯზე ვისწავლოთ. ხშირად ასევე გვჭირდება ის, რასაც სხვები ამბობენ და ეთანხმებიან, მაგალითად ექსპერტები.

და თუ ამ საყოველთაოდ აღიარებულ შეხედულებებს არ ვიზიარებთ, მაშინ რთულია ვიყოთ ამ საზოგადოების წევრი. რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. უფრო მეტიც, საინტერესოა ვიყოთ განსხვავებული, არ დავემორჩილოთ ბრმად და გქონდეს საკუთარი აზრი.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი თავი, ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მიიღოს და სხვა ადამიანებს გაუზიაროს ინფორმაცია ან იდეები. ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად აირჩიოს შეხედულებები.

“რისი უფრო მეტად ეშინია ხალხს? ყველაზე მეტად ახალი ნაბიჯისა და ახალი საკუთარი სიტყვისა” – თ. დოსტოევსკი (დანაშაული და სასჯელი).

საკუთარი შეხედულებების გაზიარებისას ადამინებს ალბათ, ყველაზე მეტად, კრიტიკის ეშინიათ. იმის, რომ არ გახდნენ სხვების განხილვის საგანი. მაგრამ არსებობს მეთოდი, რომელიც აგვაცილებს კრიტიკას: არ გავაკეთოთ არაფერი, არ ვთქვათ არაფერი და არ ვიყოთ არავინ ან არაფერი. სხვა საკითხია, რამდენად ვეთანხმებით არისტოტელეს და რამდენად გვინდა ეს ყველაფერი.

შეხედულებების თავისუფლება

 

 

 

 


ეკატერინე ჯოჯუა,
უფროსი კონსულტანტი
Share Button

საუკეთესო სტატიები