შეხება არის ურთიერთობა

შეხება არის ურთიერთობა

შეხება

 

შეხება შესაძლებლობას გვაძლევს, შევაფასოთ ჩვენ გარშემო არსებული საგნების ფორმა, ზომა, ზედაპირის თავისებურება… ვიგებთ სირბილეს, სიმყარეს, სიმშრალეს, სინოტივეს და ტემპერატურას. ვხვდებით მათ სივრცეში მდებარეობას და გადაადგილებას. ეს ყველაფერი რეცეპტორების – მგრძნობიარე ნერვული წარმონაქმნების წყალობით ხდება, რომელიც ჩვენივე კანშია „ჩამონტაჟებული“.

გარდა ფიზიოლოგიური თავისებურებისა, შეხებას საკმაოდ საინტერესო ფსიქოლოგიური ხასიათი აქვს. ხშირად ის ადამიანის „პატარ-პატარა საიდუმლოებების“ ინდიკატორიცაა (ალბათ მიხვდით რაც ვიგულისხმე.  ეს ის შემთხვევებია, თმა რომ ყალყზე დგება და კანი იბურძგლება).

შეხება

შეხებით ვხვდებით დამოკიდებულებას, განწყობას, გულგრილობას, ზრუნვას, სიყვარულს…

შეხება – ეს არის სიყვარულის ერთ-ერთ ძლიერი გამოხატულება, რომელიც აძლიერებს და ამყარებს ურთიერთობას. შეეხო ადამიანს – ნიშნავს შეეხო მის სულს. შესაძლოა ამიტომაც, მაგალითად, როცა გვაწყენინებენ, ვეუბნებით – „არ შემეხო!“ როცა გვიხარია, გვიყვარს – „ჩამეხუტე…”

ხშირად შეეხეთ და ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანს. უბრალოდ ჩაკიდეთ ხელი!

ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაატარეს ექსპერიმენტი: მთავარ ქირურგს, რომელიც წესისამებრ, ოპერაციამდე ჩამოუვლიდა ხოლმე და სათითაოდ მოინახულებდა თავის პაციენტებს, სთხოვეს რომ რამდენიმე წუთით, ვიდრე ეკონტაქტებოდა, პაციენტისთვის ხელი არ გაეშვა. ქირურგი ზედმიწევნით ასრულებდა ექსპერიმენტის ინსტრუქციას: ხელი ეჭირა პაციენტის ხელზე და ისე ესაუბრებოდა, სცემდა პასუხს კითხვებზე და უხსნიდა ოპერაციის დეტალებს.

ექსპერიმენტის ბოლოს, დაკვირვების შედეგად, აღმოჩნდა, რომ ამ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო სწრაფად გაუმჯობესდა, ვიდრე სხვების.

შეხება – ეს არის ჯანმრთელობის დაზღვევა!

როდესაც მზრუნველობით ვეხებით ვინმეს, იცვლება ჩვენი და მისი ფიზიოლოგიაც – მცირდება სტრესის ჰორმონების დონე, მშვიდდება ნერვული სისტემა, უმჯობესდება იმუნური სისტემის მდგომარეობა, ზოგადად, ემოციონალური ფონი და განწყობა.

საყვარელი ადამიანის შეხებისას ორგანიზმი გამოყოფს სიხარულის ჰორმონებს, რაც ბედნიერად გვაგრძნობინებს თავს. ბედნიერება კი, დამეთანხმებით, ყველა ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა.

და ბოლოს, შეხება არის ურთიერთობა!

შეხება