ორშაბათი
თებ272016

საქმის კეთების ვნება – დაბრუნების შემდეგი ფაზა!

საქმის კეთების ვნება – დაბრუნების შემდეგი ფაზა!

 

ამ პოსტის წერა შუა ღამით დავიწყე, ძალიან დატვირთული დღის თუ დღეების შემდეგ, მაშინ, როდესაც ჩემი გულისცემა იმდენად აჩქარებული იყო დაძაბულობისგან, რომ სრული „დრაივი“ ამ ქმედებით მოვკალი. სრული „დრაივი“ – ეს ის მომენტია, როცა ვეღარ ჩერდები; ის რაც ხვალ შეგიძლია გააკეთო, არ უნდა გახდეს მოუსვენრობის მიზეზი, მაგრამ თუ გონებას ვერ თიშავ და მაინც საქმეზე ფიქრობ, ვერ მიდიხარ დასაძინებლად, ხსნი მორიგ ფაილს და აგრძელებ non stop -ით მუშაობას.

რას ნიშნავს ჩემთვის საქმე და სამსახური რთულად დასახასიათებელია, თუმცა ეს ჩემს ცხოვრებაში იმდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ შეუძლია გონების 90% მომტაცოს. ასე იყო ყოველთვის და ახლაც ასეა; ბევრჯერ არაადეკვატურად მოვქცეულვარ: მახსოვს საკეისრო კვეთის წინ ლეპტოპი ძლივს დამახურინა ექთანმა – საოპერაციოდ გავყავდი, მე კი გიჟივით ვასრულებდი მნიშვნელოვან ფაილს; ვიხსენებ, როგორ დავტოვე 1.5 თვის დიმიტრი ბებიებთან რამდენიმე დღით და წავედი ფოთში ქარხნის გახსნის ღონისძიების გასამართად – ეს მნიშვნელოვანი საქმე მე უნდა გამეკეთებინა, მიუხედავად დეკრეტული შვებულებისა (ეს ალბათ ემოციაც არის და პროფესიული ამპარტავნობაც). აქ რამდენიმე მინისტრთან, ჩემს გერმანელ თუ აქაურ უფროსობასთან და თითოეულ სთეიქჰოლდერთან ყველა დეტალზე ვიყავი პასუხისმგებელი. ვაკვირდები და იშვიათად მაქვს პროექტი, სადაც შეცდომის დაშვება შეიძლება! მარათონები დიდი ადრენალინი იყო – მიუხედავად საქმის დელეგირებისა, ღონისძიების წინა ღამეს ყოველთვის ვათენებდი ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, რომ დილით 2000 – მდე მონაწილეს, მათ შორის სამთავრობო უწყებებს, ელჩებს და ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს ღირსეულად დავხვედროდით (ტექნიკურად ყველაფერი ღამე ეწყობოდა და ამ დროს ვერაფრით დავიძინებდი). არ ვიცი ეს ასე უნდა იყოს თუ არა! მიკვირს, როცა ოლიმპიური სიმშვიდით ეკიდებიან დედლაინის დარღვევას, გაპარულ შეცდომებს ოფიციალურ ტექსტებში, უკუღმა განთავსებულ ბანერს და ბევრ სხვა მოუწესრიგებელ დეტალს მასობრივ ღონისძიებებზე. საპასუხისმგებლო საქმეს ჩემთვის ყოველთვის თან ახლავს შფოთვა.

ორი წლის წინ, სამსახურს რომ ვიცვლიდი, რატომღაც მეგონა, სიმსუბუქეს შემოვიტანდი გრაფიკში, მაგრამ ვერა – ჯეპრაში გადარბენა გვაქვს :). ჩვენი სფერო გიჟურ მუშაობას მოითხოვს და აქ ყველანაირი ტიპი ვერ იმუშავებს. ახლაც იგივე “დრაივია”, თუ უფრო მეტი არა! ცხადია არის ინდივიდუალური ფაქტორები: შესაძლებელია, ცხოვრების ეს სტილი, დღის და ღამის თავდაყირა დაყენება, ჩემი ფიზიოლოგიური საათის არასწორ წყობაზე და ჩემს ხასიათზეა დამოკიდებული – მე ვერ ვთიშავ გონებას ღამით, თუ ვიღებ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც უკან მოვიტოვე სამსახურზე ფიქრი, 2015 წლის ნოემბერი იყო – როდესაც ძალიან ცუდი დიაგნოზის გამო თავდაყირა დადგა ჩემთვის ყველაფერი. ხო, სანამ გავერკვეოდი ჩემი ჯანმრთელობის პრობლემაში, ზღვარი იყო ორ რაღაცას შორის – ან გრძელდებოდა ყველაფერი, ან ყველაფერს ეკარგებოდა აზრი! ოპერაციის შემდეგ მესამე თვეს ვითვლი. ყველაფერი გადავლახე! პირველი ნაბიჟი დაბრუნებისთვის თავად გადავდგი – მოსალოდნელზე მალე, სამ კვირაში გავაგრძელე მუშაობა. რთული პროცესი იყო, ჯერ კიდევ არ ვიყავი ამისთვის მზად, მაგრამ საქმემ თავისთავად ჩამითრია და შესაძლოა, სტრესის მართვაშიც დამეხმარა. როდესაც გამოვდიოდი, საკუთარ თავს პირობა მივეცი, სამუშაო საათებს არ გასცდენოდა ჩემი დატვირთულობა და 6-ის და 7 -ის თუ არა, მაქსიმუმ 8-ის მერე, და შაბათ-კვირას ყველა მოკვდავისთვის კუთვნილი დასვენებით მეც მესიამოვნა. მოკლედ რომ ვთქვა, პირობა მივეცი ჩემს თავს, რომ პირადი ცხოვრებისთვის, ოჯახისთვის მეტი დრო დამეთმო, რადგან ბევრი რამ გადავაფასე ამ რთულ პერიოდში, თუმცა, რამდენადაც ჩამითრია საქმემ, იმდენად არ გამომივიდა პირობის დაცვა. კონკრეტული ღონისძება თუ ანგარიში გადაფასებების გამო ვერ ჩავარდება – პასუხისმგებლობის გრძნობა კვლავ რჩება მნიშვნელოვან ღირებულებად!

საბედნიეროდ, არასდროს მქონია მოცემულობა, სადაც ამას ვინმე მაიძულებს – უბრალოდ, ვიღებ საქმეს, რომელიც მოითხოვს ასეთ თავდადებას. პატარა პროექტები დიდ სიამოვნებას არ მანიჭებს და ნაკლებად ეფექტიანიც ვარ. ახლაც რთულ საქმეს მოვკიდე ხელი, ვიტყოდი მრავალწახნაგოვანს, მრავალი კრიზისის მატარებელს, ძალიან მნიშვნელოვანს, დიდ ყურადღებას და ენერგიას რომ მოითხოვს, მაგრამ საინტერესოს.

ერთ მიგნებას ვაკეთებ ჩემს სამსახურეობრივ ემოციებთან დაკავშირებით – თუ მომწონს საქმე, ადამიანები, ვისთან ერთადაც ვმუშაობ, თუ კი ვხედავ კარგ შედეგებს, მაშინ ეს დაღლილობა მისაღებია, მაგრამ თუ ჩემი დრო სხვისი უპასუხისმგებლობის, სხვისი უცოდინრობის, სხვისი სიზარმაცის ან ზოგადად, უინტერესო საქმის გამო იხარჯება, მე ვიღლები მორალურად და ეს უფრო დიდი სტრესია, ვიდრე გათენებული ღამეები. მიყვარს ჭკვიან ადამიანებთან ურთიერთობა – ერთობლივი საქმე, სადაც პროფესიული კამათიც საინტერესოა. შემიძლია ასეთ ადამიანებთან ერთად დღე და ღამე ვიმუშავო, გვერდში დავუდგე და რაც უნდა ხდებოდეს, რომელი საათიც არ უნდა იყოს არ ვუღალატო კრიზისულ სიტუაციაში; მიყვარს ერთიანი გამარჯვება ამ საქმეში – გუნდური სულისკვეთება. მიყვარს გამოწვევები და ახალი ბარიერების გადალახვა…ეს საქმის კეთების ვნებაა!

გულისცემა მუდმივად აჩქარებულია, რადგან რთული პროექტის განხორციელების დროს ვცდილობ, ყველაფერი არანორმალური სისწრაფით გავაკეთო და ემოციურად დამუხტული ვიღლები, როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად… ხანდახან ვგრძნობ, რომ ახლა ეს ჩემთვის მეტისმეტია და ჯერ არც შეიძლება ამისთვის მზად ვიყო. ექიმიც თავისას მეუბნება, მაგრამ აქვე ვუმტკიცებ ჩემს თავს და სხვებსაც, რომ მიუხედავად ჩავლილი ამბებისა, შემიძლია და კიდევ უფრო მაგრად. ყოველივე ეს, ერთის მხრივ რაღაცაში დამეხმარა – გონება სრულიად გადმოვრთე საქმეზე და მანიაკალურად აღარ ვკითხულობ მილიონ ინფორმაციას ჩემი ჯანმრთლობის პრობლემაზე (არ ვიცი რამე დავტოვე თუ არა წაუკითხავი, მაგრამ მაინც). ბოლო პერიოდში მხოლოდ ორჯერ მოვუბრუნდი შესაბამის ინტერნეტ გვერდებს, რომ გამერკვია, არის თუ არა კავშირში ჩემი არითმიები ჩავლილ ამბებთან ან წამლის დოზასთან, რასაც ყოველდღიურად ვიღებ, და ცხადია არის. ამასთან, ცხადია ჯობს ნაკლები ემოციით ვაკეთო ეს ყველაფერი, მაგრამ არ გამომდის.

აჩქარებული ვარ ყველა ქმედებაში… ზღვარი არ არსებობს: ვფიქრობ, მთას გადავდგამ; მიუხედავად სრული დატვირთვისა, ახალ, დამატებით პროექტებზეც მაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ ამ შემართებით ვერ ვხვდები, როგორი სტრატეგიით დავიცვა ბალანსი პირად ცხოვრებასა და სამსახურეობრივს შორის. რამდენიმე პირობა უნდა გავითვალისწინო ამისთვის – ეს შესამუშავებელი მაქვს, როგორც პერსონალური პროცედურა, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი: არ არის ემოცია – არ არის „დრაივი“, ეს კი მჭირდება წარმატებისთვის!

და ბოლოს, ეს ყველაფერი საქმის კეთების ვნებაა – ემოციებია, რომელსაც ჭირდება მართვა, რომ ძალები შენარჩუნდეს. ახლა რაც მინდა სამსახურეობრივი “არითმიის” შენელებისთვის არის ზღვა და მასთან თითქმის 6 საათიანი გზა მაშორებს. მინდა თბილ პლედში გახვეული დავჯდე სანაპიროზე – ამ წუთას მინდა მხოლოდ ზღვას ვუყურო!

საქმის კეთების ვნება – დაბრუნების შემდეგი ფაზა!


ნინო სუბელიანი,
უფროსი კონსულტანტი
Share Button

საუკეთესო სტატიები