საქართველოს ჟურნალისტთა ეროვნული ნაკრები – 2015

საქართველოს ჟურნალისტთა ეროვნული ნაკრები – 2015

საქართველოს ჟურნალისტთა ეროვნული ნაკრები

როდესაც გადავწყვიტე ჟურნალისტებზე პოსტის დაწერა, პირველ რიგში იმაზე დავფიქრდი, თუ რა ფორმით შეიძლებოდა ამდენი ადამიანის ერთად თავმოყრა. ბუნებრივია, მათ აერთიანებს საერთო პროფესია, თუმცა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები არიან, შეხედულებებით, ჟურნალისტური მიმართულებებით, სქესით, სტაჟით, ტელეკომპანიებით. სიმართლე გითხრათ, ბევრი არ მიფიქრია, ყველაზე მარტივ გზას დავადექი და გადავწყვიტე შემედგინა საქართველოს ეროვნული ნაკრები. ჟურნალისტთა ეროვნული ნაკრები. შაბლონად კი ჩემთვის საყვარელი სპორტის სახეობა ფეხბურთი ავირჩიე. ამან ერთის მხრივ, ხალხის სასურველი რაოდენობის მოგროვებაში შემიწყო ხელი, მეორეს მხრივ კი, ტაქტიკური განლაგებების ფართო ასორტიმენტმა, ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა გამიადვილა. შევეცადე, კონკრეტულ სათამაშო პოზიციაზე, ისეთი ჟურნალისტი შემერჩია, რომელიც პიროვნული თუ პროფესიული თვისებებით მოერგებოდა ამპლუას. გამოგიტყდებით ეს, არც თუ ისე ადვილი საქმე აღმოჩნდა. საკმაოდ ბევრი ჟურნალისტია, რომელიც იმსახურებდა შემადგენლობაში მოხვედრას ნაკრების მიღმა დამრჩა. თუმცა ვფიქრობ, მეტნაკლებად მაინც მოვახერხე გუნდის კარგად დაკომპლექტება, პოზიციების განაწილება.

მოგეხსენებათ საფეხბურთო ნაკრებში ფეხბურთელებს კლუბებიდან იძახებენ. პირობითად, კლუბებად ჩავთვალე ტელევიზიები და ფეხბურთელები გრანდებიდან მოვიწვიე. ლიდერები ამ შემთხვევაშიც „რუსთავი 2“ და „იმედი“ აღმოჩნდნენ, თუმცა არც სხვა ტელეკომპანიები დამიტოვებია უყურადღებოდ და მათი ლიდერებიც მოვიწვიე. ყველაზე მეტად გამიჭირდა პლეიმეიკერის შერჩევა, როგორც იტალიელები იტყვიან „ფანტაზისტა“. რამდენიმე ვარიანტი მქონდა შერჩეული, მაგრამ სამწუხაროდ, ამ პოზიციაზე, მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშობს ძირითად შემადგენლობაში. ფუქნციებიდან და ამპლუის მნიშვნელობიდან გამომდინარე გუნდის კაპიტანად სწორედ პლეიმეიკერი ავირჩიე. გუნდში მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც სხვადასხვა კლუბში უთამაშიათ.

მაშ ასე, გთავაზობთ საქართველოს ჟურნალისტთა ეროვნულ ნაკრებს (ნაკრები დაკომპლექტებულია მოქმედი ფეხბურთელებით):

ტაქტიკა

4-3-1-2 (ოთხი მცველი, 3 ნახევარმცველი, 2 თავდამსხმელი და ნახევარდაცვისა და თავდასხმის დამაკავაშირებელი პლეიმეიკერი).

მწვრთნელი

დავით აქუბარდია

საქართველოს ჟურნალისტთა  ეროვნული ნაკრები

ვინაიდან საქმე გვაქვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან და ფინანსურად არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა, გადავწყვიტე მწვრთნელად ისეთი სპეციალისტი შემერჩია, რომლისთვისაც ანაზღაურება პირველ ადგილზე არ დგას. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კანდიდატის მაღალი პროფესიონალიზმი ეჭქვეშაა დაყენებული. ბატონი დავით აქუბარდია უკვე წლებია „კავკასიის“ მწვრთნელია და მიუხედავად იმისა, რომ გუნდი არც სპონსორების სიმრავლით გამოირჩევა, არც ინფრასტრუქტურულად არის გამართული, მაინც ახერხებს რომ მაღალ დონეზე იასპარეზოს. ეს კი, რა თქმა უნდა, მწვრთნელის დიდი დამსახურებაა. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სხვადასხვა კლუბების მხირდან წამოსული კრიტიკისა და ერთგვარი დამცინავი ტონის მიუხედავად, ბატონი დავითი საფეხბურთო წრეებში და გულშემატკივრებში შეუბღალავი რეპუტაციით და საკმაო ავტორიტეტით სარგებლობს.

გუნდის თილისმა

გია ჯაჯანიძე

საქართველოს ჟურნალისტთა  ეროვნული ნაკრები

გია ჯაჯანიძე პროფესიით ფეხბურთელი არაა, თუმცა მსოფლიო, ფეხბურთშიც იცნობს ფაქტებს, როდესაც  არაპროფესიონალს უთამაშია პროფესიონალურ გუნდში. მისი ქარიზმის, იდუმალების და ოკულტიზმისკენ მიდრეკილების გათვალისწინებით, გუნდის თილისმობისთვის, ფაქტობრივად, იდეალური კანდიდატურაა. თანაც ძნელად თუ წარმოუდგენია დღეს ვინმეს ქართული ფეხბურთი გია ჯაჯანიძის გარეშე.

მეკარე

ალექსანდრე ელისაშვილი

გავლილი აქვს „კავკასიის“ სკოლა. კარგად იცნობს გუნდის მწვრთნელს. იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთის და სხვა საქმიანობის შეთავსებას ახდენენ. ალეკომ ეს მოახერხა და ამ ეტაპზე ფეხბურთის თამაშთან ერთად, მუშაობს ფეხბურთის ფედერაციაშიც. გამოირჩევა პირდაპირობოთ, უყვარს საჯარიმოს გარეთ ბურთთან ერთად გასვლა და შეტევის წამოწყება. არის სწრაფი. აქვს კარგი ნახტომი. შეუძლია კარგი ურთიერთობა დაამყაროს ნაკრების ყველა წევრთან. „კვკასიაში“ თამაშისას არა ერთხელ აქვს საჯარიმო დარტყმიდან ბურთი გატანილი. არ ერიდება დაცვის წევრებისთვის მითითებების  და შენიშვნების მიცემას.

ცენტრალური მცველი

ზაალ უდუმაშვილი

მაღალი კლასის ცენტრალური მცველები ზოგადად გამოირჩევიან, კარგი ფიზიკური აღნაგობით, მშვიდი ხასიათით, სტაბილურობით, კლუბის ერთგულებით. ვფიქრობ, სტაჟის, გამოცდილების, პროფესიონალიზმის გათვალისწინებით ზაალ უდუმაშვილი იმსახურებს ეროვნული ნაკრების მაისურს. მნიშვნელოვანია, რომ წლებია ერთი კლუბის ღირსებას იცავს და სტაბილურად ძირითად შემადგენლობაში თამაშობს. შეუძლია იდეალურად შეეწყოს მეორე ცენტრალურ მცველს და შეცდომის შემთხვევაში დააზღვიოს.

ცენტრალური მცველი

დავით კოვზირიძე

მეორე ცენტრალური მცველის პოზიციაზე, ეროვნულ ნაკრებში დავით კოვიზირიძეა გამოძახებული. ამ შემთხვევაში გავითვალისწინე ზაალ უდუმაშვილის ფაქტორი და შევეცადე შემეწყვილებინა მისგან განსხვავებული ფეხბურთელი. შემოქმედებითად თავისუფალი და ზოგადად კლასიკური ცენტრალური მცველებისგან პიროვნულად განსხვავებული. მისი საკლუბო კარიერა არ გამოირჩევა ტიტულებით და ძვირადღირებული ტრანსფერებით, თუმცა მის ამჟამინდელ კლუბში „ტაბულა“ ჩემი აზრით ძირითადის მოთამაშეა. მეტსაც გეტყვით, ალბათ უალტერნატივო. შეიძლება ითქვას, რომ მისი თამაშის საყურებლად დადის ხალხი „ტაბულას“ თამაშებზე. აქვს თამაშის განსხვავებული სტილი და არ ჰგავს სხვა მისი ამპლუის ფეხბურთელებს. შეუძლია ისეთი პასი, დარტყმა ან ფინტი შესთავაზოს მოწინააღმდეგეს, რომ მოულოდნელობისგან შეჩერდეს და წონასწორობა დაკარგოს. არის ტექნიკური და ჭკვიანი მცველი. გამოირჩევა მშვიდი ხასიათით.

მარცხენა მცველი

ვასიკო ოდიშვილი

კლასიკური მარცხენა მცველი, კარგად ასრულებს მწვრთნელის დავალებებს. შეუძლია აკონტროლოს მთელი ფლანგი. ყველას ახსოვს დიადი „მაესტრო“, რომელმაც 2011-2012 წლების სეზონში თვით „რუსთავი“-2 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. სწორედ მაშინ გაიბრწყინა ვასიკო ოდიშვილმა. ყველას კარგად ახსოვს მისი თამაშის მანერა, ყველასგან გამორჩეული, საკმაოდ ცინიკური.

არ ერიდება მოწინააღმდეგისთვის დამცინავი ფინტის გაკეთებას, მისი ხელწერაა ბურთის ფეხებს შორის გატარება. დაცვაში ისეთი სტაბილურობით ვერ გამოირჩევა, როგორც ვთქვათ ცენტრალური მცველები, თუმცა შეტევაშია ბრწყინვალე, აქვს ზუსტი პასი. აკეთებს კარგ ჩაწოდებებს. მიუხედავად იმისა, რომ ვასიკო ამჟამად უკლუბოდაა, ვფიქრობ ეს დროებითი მოვლენაა და მარცხენა მცველის პოზიცია შეგვიძლია მშვიდად ჩავაბაროთ.

მარჯვენა მცველი

აკაკი გოგიჩაიშვილი

ამ პოზიციაზე დიდხანს არ მიფიქრია. სტაბილურობის, გუნდის ერთგულების, თავდაუზოგავი შრომის, ყოველთვის წყლის ზედაპირზე ყოფნის, პროფესიონალიზმის განსახიერება. 90-იანი წლებიდან მოყოლებული თამაშობს ამ პოზიციაზე. არის მრავალი ტიტულის მფლობელი. იდეალურია როდესაც ავალებენ პერსონალურ მეურვეობას. შეუძლია წყობიდან გამოიყვანოს და წითელი ბარათი მიაღებინოს მოწინააღმდეგეს. ამისათვის იგი არაფერს მოერიდება. მთავარია მწვრთნელმა დაავალოს და გააჩერებს ნებისმიერს. დაცვაში საკმაოდ ძლიერია, არ უყვარს შეტევებში ჩართვა. თავის საქმეს ასრულებს ზედმიწევნით კარგად.

ცენტრალური (საყრდენი) ნახევარმცველი

ინგა გრიგოლია

ჩემი აზრით საქართველოს ყველა დროის საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი. ნათამაშები აქვს ყველა გრანდში, თანაც უმაღლეს დონეზე. ყველგან სადაც ის თამაშობდა გუნდის ლიდერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დაგამწყვეტ გოლებს ვერ იტანს, მისი როლი კლუბში უალტერნატივოა. პირდაპირი შეუპოვარი, შეუძლია ჩაშალოს მოწინააღმდეგის შეტევა თუ კონტრ შეტევა. თუ გასცდნენ, აუცილებლად გაჰყვება ბოლომდე და მაინც შეუშლის ხელს შეტევის განვითარებაში. ძნელად თუ დაასახელებს ვინმე ინგას მიერ ჩაგდებულ მატჩს. მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც მისი შეცდომის გამო გავიდა გოლი. კახა ბენდუქიძის გოლი მაქვს მხედველობაში. ამ შემთხვევის გარდა, ყველა ორთაბრძოლაში გამარჯვებული გამოდის. გამოირჩევა სტაბილურობით. შეუძლია თანაგუნდელებს შეუძახოს და გამოაფხიზლოს. თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს გუნდის ლიდერი და მამოძრავებელი ძალა ეს ინგა გრიოლიაა.

მარჯვენა ნახევარმცველი

ეკა ხოფერია

„რუსთავი 2“-ის ოქროს თაობის ფეხბურთელი. მართალია იმ გუნდში დიდი ჩემპიონები თამაშობდნენ, მაგრამ ეკას როლიც არ ყოფილა პატარა. სტაბილური, არ გამოირჩევა პუბლიკაზე თამაშით, მწვრთნელის დავალებებს ასრულებს იდეალურად. მხოლოდ ერთხელ არ შეასრულა დავალება, რაც გუნდიდად წამოსვლად დაუჯდა. შემდეგ ჰქონდა მცირე კრიზისის პერიოდი. რაღაც დრო უკლუბოდ ვარჯიშობდა, თუმცა შემდეგ გადავიდა კონკურენტ გუნდში და მიუხედავად იმისა, რომ ძველებურად უმაღლეს დონეზე ვერ ასპარეზობს, ნაკრებში მისი ადგილი მაინც გამოიძებნა. არის უკომფლიქტო, მშვიდი და გაწონასწორებული, არ ძაბავს სიტუაციას გასახდელში. აქვს კარგი პასი, უქმნის საგოლე სიტუაციებს თანაგუნდელებს.

მარცხენა ნახევარმცველი

ნანუკა ჟორჟოლიანი

დადის ხმები, რომ მისი საკლუბო კარიერა „ვიღაცეების“ და „რაღაცეების“ გამო აეწყო კარგად, თუმცა ყველას გვახსოვს ჩემპიონ „რუსთავი 2“-ში, ახალგაზრდა და ენერგიული ნანუკა ჟორჟოლიანი. მისი ნიჭი და პოტენციალი არ დარჩენიათ უყურადღებოდ ფეხბურთის „მამებს“. ყოველთვის გრანდში თამაშობდა. დღემდე ასეთი კლუბის წევრია, მისი ავტორიტეტი და პროფსეიონალიზმი დღესაც პროგრესს განიცდის. ბევრი აძაგებს, რომ მისი თამაშის მანერა ძალიან ჰგავს ამერიკელი მსოფლიო ჩემპიონის ელენ დეჯენერესის სტილს, თუმცა მისი თამაშის საყურებლად ხალხი დადის და ნაკრებში მისი ადგილი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

პლეიმეიკერი

გოგი გვახარია

ამ პოზიციაზე ფეხბურთელის შესარჩევად ბევრი ვიფიქრე. არ დავმალავ და გეტყვით, რომ კონსულტაციებიც გავიარე სხვა საფეხბურთო ექსპერტებთან. საბოლოოდ ერთხმად ჩამოვყალიბდით, რომ პლეიმეიკერის პოზიციაზე გოგი გვახარია იდეალური კანდიდატურაა. ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი ინტელექტით, რაც პლეიმეიკერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თვისებაა. საინტერესოა, რომ მას არც ერთი დიდი ტურნირი მოგებული არა აქვს. სამწუხაროდ ამის მიზეზებს ვერ ვხსნი, უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ საჭირო დროს საჭირო კლუბში არასოდეს უთამაშია. გავიხსენოთ დიდი ქართული კლუბები და დავფიქრდეთ, რომელ გუნდს არ წაადგებოდა მისი ჭკუა და ინტელექტი. არის თავისუფალი მხატვარი. მას დავალებას არ აძლევენ მოედანზე და არც შეიძლება მისი ჩარჩოებში მოქცევა.

აქვს უზუსტესი ბოლო ბასი. გუნდის კაპიტნის სამკლაურიც გოგი გვახარიას მივანდე. ვფიქრობ, ასეთი ფეხბურთელებისთვის ეს სტიმულის მიმცემია და შესაბამისად საკუთარი თავის მიმართ რწმენას უმყარებს.

თავდამსხმელი

შალვა რამიშვილი

თავდამსხმელის პოზიციას შალვა რამიშვილს ჩემი აზრით ვერავინ შეეცილება. ბომბარდირი, უამრავი გადამწყვეტი გოლის ავტორი. ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან სადაც უთამაშია, ყველგან ბომბარდირი იყო. კარიერის პიკი ჰქონდა 2012 წელს როდესაც ისეთი გოლი გაიტანა, რომ ქვეყნის საფეხბურთო ისტორია შეცვალა. არის ჭკვიანი, განათლებული, შრომისმოყვარე, ყველაფერზე წამსვლელი, ავანტიურისტი და პირდაპირი. აქვს სისწრაფეც. წამის მეასედში შეუძლია სწორედ გაიხსნას და გოლი გაიტანოს. სამწუხაროდ ჰქონდა ცხოვრებაში პერიოდი როდესაც დოპინგის მოხმარების გამო გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას არც მაშინდელმა ფეხბურთის ფედერაციამ გაანძრია ხელი, რომ ის გარეთ დარჩენილიყო, შეიძლება ითქვას პირიქით ხელი შეუწყო კიდეც. რამიშვილმა სასჯელი პირნათლად მოიხადა, გამოვიდა თუ არა, იმ პერიოდში ყველაზე პერსპექტიული კლუბის „მაესტროს“ წევრი გახდა, რომლის მწვრთნელიც ლეგენდარული მამუკა ღლონტი გახლდათ (რომელმაც მწვრთნელის კარიერა დაასრულა და ამჟამად საფეხბურთო „მაზიანების“ დადებით ირთობს თავს). შეიძლება ითქვას, რომ შალვას წილი „მაესტორს“ მიერ, დაუმარცხებელი „რუსთავი-2“-ის დამარცხებაში უდიდესია. დღეს შალვა რამიშვლი „იმედში“ თამაშობს, რასაკვირველია შეინიშნება, რომ მას მოტივაცია აქვს დაკარგული, თუმცა როგორც თავდამსხმელი ჩვენს ეროვნულ ნაკრებში, დღესაც შეუცვლელია.

თავდამსხმელი

მაია ასათიანი

რა გინდა რომ თქვა, არიან ფეხბურთელები, რომლებიც საფეხბურთო თვალსაზრისით არ არიან მსოფლიო დონის ვარსკლავები, მაგრამ მაყურებელს მაინც უყვარს. ჩემი აზრით კი ასათიანი ბრწყინვალე მეორე თავდამსხმელია, იდეალური მსუბუქი ბოლო პასით, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ამჟამინდელ კლუბში პლეიმეიკერის პოზიციაზე მისი თამაში არის მწვრთნელის შეცდომა. ეს წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით, თორემ მარკეტინგულად, სტადიონზე მაყურებლების დასწრებადობის კუთხით საქმე იდეალურადაა. ვფიქრობ, თავდამსხმელის პოზიციაზე ასათიანი უფრო გაიხსნება და ბევრ მნიშვნელოვან გოლს გაიტანს.