ორშაბათი
სექ272015

როგორ ვმართოთ განწყობა სამუშაო პროცესში

როგორ ვმართოთ განწყობა სამუშაო პროცესში

 

ყველას გვქონია დღე, როდესაც ყველაფერი ისე არ ვითარდება როგორც წარმოგვედგინა. პრობლემა პრობლემას ემატება, განწყობა გვიფუჭდება და ეს ჩვენს საქმესა და შრომისუნარიანობაზე ნეგატიურად აისახება. მსგავს სიტუაციაში ყოველი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს, ამიტომაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრობლემაც მოგვარებადია და განწყობაც „ამაღლებადი“.

პირველ რიგში გავითვალისწინოთ, რომ არავინაა უშეცდომო. სწორედ შეცდომების დაშვება გვასწავლის ბევრ რამეს და გვძენს გამოცდილებას, არც დახმარების თხოვნაა სასირცხვილო. ჩვენი ყოველდღიურობისა და საქმის მოცულობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ხშირად გვჭირდება კოლეგისა და მეგობრის დახმარება. გუნდური მუშაობის პრინციპიც სწორედ  ამას გულისხმობს – როდესაც შესასრულებელი დავალების სწორ პიროვნებასთან დელეგირება ხდება და დავალებებს კარგად შეთამაშებული კადრები ასრულებენ. საბოლოო ჯამში,  პრობლემებიც სწრაფად გვარდება და შედეგიც შთამბეჭდავი გამოდის. აქედან გამომდინარე, სამსახურში, პროექტზე მუშაობისას, ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის სწორად შერჩევა – იმ ხალხის, რომელსაც კარგად იცნობ პიროვნულად და გაქვს ინფორმაცია მათ შესაძლებლობებზე. კარგად აწყობილი სამუშაო პროცესი და გადანაწილებული დავალებები  წარმატებულ პროექტს „დაგადებინებთ“ და ცუდი განწყობაც წარსულს ჩაბარდება.

როგორ ვმართოთ განწყობა სამუშაო პროცესში

ასევე მნიშვნელოვანია გარემოს შეცვლა – დაუთმე საკუთარ თავს ხუთი-ათი წუთი, ცოტა ხნით დატოვე ოფისი და შეეცადე ნეგატივისგან გათავისუფლდე. დასახე ახალი მიზნები და მათი განხორციელების საუკეთესო გზები. ყველანაირი პრობლემა მოგვარებადია, გააჩნია როგორ მიუდგები ამ საკითხს. ღრმად ჩაისუნთქე და პოზიტივით შეუდექი ყველაზე მნიშვნელოვანი დავალების განხორციელებას.

უცნაურია, თუმცა ყველა ჩვენგანისთვის საყვარელი Facebook-ი, რომელსაც ასე ხშირად ვამოწმებთ დღის განმავლობაში, შეიძლება იყოს პრობლემის მიზეზი. როგორც კვლევებმა აჩვენა, Facebook-ის აქტიური მომხმარებლები დეპრესიის საფრთხის წინაშე დგანან. მიზეზები განსხვავებულია, თუმცა მეცნიერების აზრით, კარგი იქნება თუ Facebook-ის გვერდს რაც შეიძლება ნაკლებად ვესტუმრებით და  მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნებისთვის გამოვიყენებთ.

როგორ ვმართოთ განწყობა სამუშაო პროცესში

ბევრი საქმე და სამუშაო პროცესში აქტიურად ჩართვა არ გიტოვებს ბევრი ფიქრის საშუალებას. როდესაც მოტივირებული ხარ რომ დავალებები სწრაფად და ხარისხიანად შეასრულო, სწორედ ამ დროს გეძლევა დამატებითი ენერგია და მოტივაცია „დედლაინების“ დაცვისა.  საბოლოო ჯამში ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც ყველაზე კარგად მოქმედებს ნებისმიერი ჩვენგანის განწყობაზე. წარმატებულმა და მოტივირებულმა  ადამიანმა ზუსტად იცის, რომ გარკვეულ პრობლემებს მსუბუქად უნდა შეხედო და ყველაფერი მარტივად მოგვარდება. სწორედ ეს არის მათი წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი.


თეონა ხმელევსკი,
კონსულტანტი
Share Button

საუკეთესო სტატიები