რით ვერ არის სთრით არტი მედია?!

რით ვერ არის სთრით არტი მედია?!

მედია მენეჯერის საქმიანობა, ერთი შეხედვით, მარტივია. მოდის კლიენტი, გაძლევს პროდუქტს, ეცნობი და იწყებ ადეკვატური არხების მოძიებას, რომ მათი საშუალებით, ამ პროდუქტის შესახებ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინო.

ჰო. ეს ერთი შეხედვით. და, თანაც, იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი გენდობა და არ თვლის, რომ შენსავე სფეროში შენზე მეტი იცის. ამაზეც, ალბათ, ოდესმე დავწერ.

რეალურად, თითოეული არხის შერჩევისას, მედია მენეჯერი რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს ითვალისწინებს და ამ მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის ყოველთვის მაღალი რეიტინგი (როგორც რიცხვი) არ არის. ისევე, როგორც კოკა ყოველთვის წყალს არ მოგიტანთ, ტელევიზიაში ყველანაირი პროდუქტის „გარეკლამებაც“, ხანდახან, შედეგის მომცემი არ არის. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, კლიენტები თვლიან, რომ მთავარია სადღაც ეთერში გაკრთნენ. მედია მენეჯერებიც, უკვე ინერციით, კრებენ რამდენიმე ტელევიზიას, რამდენიმე ონლაინ მედიას, ხანდახან რადიოსა და ჟურნალ-გაზეთებსაც და ეგეც შენი მედია გეგმა: გაშუქებები ანგარიშისთვის.

არადა, დღეს, როცა ყველა ტელევიზია, რადიო, ვებ-გვერდი თუ ჟურნალ-გაზეთი გადაჭედილია რეკლამით, ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება ორიგინალურობა. განსხვავებული უნდა იყოს არა მხოლოდ ვიდეო რგოლი, რომელსაც დავატრიალებთ, არამედ – მთლიანად ინფორმაციის გავრცელების ფორმა.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, დღეს მედია შეიძლება ბევრ რამეს ვუწოდოთ. სოციალურ ქსელებს რომ თავი დავანებოთ, მედიაა ე.წ. „სთრით არტიც“. იდეალური არხია ამბის მოკლედ, საინტერესოდ, ორიგინალურად და ყურადღების მისაქცევი ფორმით მოსაყოლად. ცხადია, არ ვგულისხმობ ქუჩებში უცნობი ადამიანების თუ წყვილების პორტრეტებს, რომლებსაც შეყვარებულები ერთმანეთის გულის გასახარად ჰქმნიან.

სთრით არტს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შემდეგი დანიშნულებით იყენებენ:

  • სიტყვის თავისუფლების გამოსახატად
  • აზრის თავისუფლად გამოსახატად
  • რეკლამის განსათავსებლად
  • სოციალური/პოლიტიკური პრობლემების ხაზგასასმელად
  • ადამიანებისთვის ხმის მისაწვდენად
  • ქალაქის გასალამაზებლადაც კი.

საქართველოშიც, რამდენიმე ადგილას მოხატული კედელი იმდენად პოპულარულია, რომ სოციალური ქსელების დათვალიერებისას, აუცილებლად შეხვდებით ასეთ კედლებთან გადაღებულ ფოტოებს.

და თუ ეს მეთოდი არის ხალხისთვის საინტერესო, ყველასთვის თვალსაჩინო, კონკრეტული ამბის მთხრობელი და სოციალურ ქსელში პოპულარული, რით ვერ არის მედია?

ქალაქის გალამაზება ტყუილად არ ვახსენე…

პოლონეთში ასეთი ქალაქია – უჯი (Łódź). თვითონ პოლონელები ამბობენ, რომ ეს ქალაქი ქვეყანაში ყველაზე უშნოა. რამდენიმე წლის წინ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ადგილობრივ ახალგაზრდა ხელოვანებთან ერთად გადაწყვიტა, რომ ეს სტერეოტიპი რაიმე ხერხით დაემსხვრია. დღეს უჯი სთრით არტის ქალაქია. სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან ამბები ხატია. ამავე ქვეყნის უნივერსიტეტებში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები სწავლობენ სთრით არტს, როგორც ამბის მოყოლის (storytelling) ერთ-ერთ ხერხს.

„სთრით არტი“, როგორც არხი „ჯეპრამაც“ გამოიყენა ერთ-ერთ პროექტში. კამპანია „ეს არ არის ჩემი არჩევანი“ ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების ექსპლუატაციის წინაამდეგ იყო მიმართული. სხვა აქტივობებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქში მოიხატა კედლები.

ამ კამპანიის ფარგლებში მოხატული კედლები „სთრით არტის“ ერთ-ერთ მიმართულებას, სტენსილს (Stencil) ეკუთვნის. სტენსილი რამდენიმე ადგილას ზუსტად ერთნაირი, ან საერთო თემის ქვეშ გაერთიანებულ ნახატებს გულისხმობს.

სტენსილის გარდა, „სთრით არტს“ სხვა მიმართულებებიც აქვს. ამბის თხრობისთვის იდეალურია:

Murals – როცა ნახატი შენობის მთელს კედელს იკავებს

Modification – ანუ, 3D ელემენტებით გაჯერებული ნახატი

Functional – როცა ადგილობრივი მაცხოვრებლები, ერთმანეთთან შეთანხმებით, მაგალითად, კიდებენ ქოლგებს, რომ მზის სინათლე შეამცირონ.

ცხადია, „სთრით არტს“, როგორც მედიის ერთ-ერთ არხს ყველა პროექტს ვერ მოვარგებთ. თუმცა, კარგი იქნება, თუ კლიენტს, შესაბამისი პროექტის არსებობის შემთხვევაში, მეტ კრეატივს შევთავაზებთ და ჩვენს თვალსაწიერსაც გავაფართოვებთ. შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენ მიერ დამზადებული „სთრით არტის“ ფონზე გადაღებული ფოტოებიც ვიხილოთ სოციალურ ქსელში.