პოსტები სინგაპურიდან – ჩასვლა

პოსტები სინგაპურიდან – ჩასვლა

ფულზე გაცვლილი შემოქმედება

 

ჩემთვის ეს არ იყო პირველი აზია და იმედია, არც უკანასკნელი, მაგრამ სინგაპურში ვიზიტი – „ყატარის ავიახაზების“ ეს მოულოდნელი და გემრიელი საჩუქარი, მაინც განსაკუთრებულ მოგონებად იქცა ჩემს ცხოვრებაში. აქ აზიაში არ არის საქმე, აქ საუბარია სინგაპურზე – მსოფლიო რუკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და უნიკალურ ადგილზე. საუბარია ადგილზე, რომელიც უფრო ადამიანის გონების ნაყოფია, ვიდრე გეოგრაფიული ტერიტორია, თავისი განსაკუთრებული კლიმატით თუ ბუნებრივი პირობებით. თუმცა, ნუ ვიჩქარებთ და მივყვეთ თანმიმდევრობით.

როგორც ესპანური საფეხბურთო კლუბის, „ბარსელონას“ სტაჟიანმა გულშემატკივარმა ვიცოდი „ყატარის ავიახაზები“ და როგორც ჩვენთან სჩვევიათ ამის თქმა, ბევრი კარგი მსმენოდა ამ ავიაკომპანიის შესახებ. მაგრამ ნანახმა მართლა გადააჭარბა გაგონილს. მივხვდი, რომ აქამდე არ მიფრენია. უბრალოდ თვითმფრინავით მიმგზავრია. ფრენა რასაც ჰქვია, პირველად „ყატარის ავიახაზების“ თვითმფრინავის ბორტზე ვიგრძენი. საოცრებაა აერობუს A350. ბიზნეს კლასის კაბინაში არის 1-2-1 კონფიგურაციით განლაგებული 36 სავარძელი, რომლებიც 180°-ით იშლება  და თითოეულ სავარძელს 17-ინჩიანი HD ეკრანი აქვს მრავალი გასართობი პროგრამით. ეკონომ კლასში კი არის 18 ინჩის სიგანის 247 სავარძელი, განლაგებული 3-3-3 კონფიგურაციით. ეკონომ კლასის თითოეულ სავარძელზე ინდივიდუალური 10.6 ინჩიანი გასართობი ეკრანია.

“ყატარის ავიახაზების” საჰაერო ხომალდები აღჭურვილია ფრენისას ბორტზე გასართობი პროგრამით Oryx One, რომელიც 2 000-მდე გასართობ  სატელევიზიო პროგრამას, თამაშსა და სხვადასხვა ჟანრის ფილმს მოიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბორტზე უახლესი საჰაერო კონდიცირების სისტემა და LED განათებაა, რაც აძლიერებს კომფორტის შეგრძნებას.

არადა, როცა მარკეტინგის მენეჯერმა, თამარ დოლიძემ „ყატარის ავიახაზების“ მედიატურში მონაწილეობა შემომთავაზა, ეს ამბავი ჩვეულებრივად მივიღე და მასზე ფიქრი მომავლისთვის გადავდე. მითუმეტეს, რომ დიდი ძალისხმევა ჩემგან არც ვიზის აღებას, არც რაიმე სხვა დოკუმენტაციის მომზადებას არ დასჭირვებია. ონლაინ აპლიკაციის შევსების საფუძველზე, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ონლაინ ვიზის მიღება, თან საკმაოდ სწრაფად. მოკლედ, წვალებისა და ნერვული მზადების გარეშე, რაც ქართველისთვის საზღვარგარეთ მგზავრობის განუყოფელი ატრიბუტია, მივედი ჩვენს აეროპორტში, გავიარე რეგისტრაცია და ტურის სხვა წევრებთან ერთად, ამაყად და თავაწეული ავედი „ყატარის“ თვითმფრინავის ბორტზე. შევედი ბიზნესკლასის განყოფილებაში, თან სახეზე მეტყობოდა, რომ საკუთარ თავში ვიყავი დარწმუნებული – რომ თვითმფრინავით ბევრჯერ მიმგზავრია და ვიცი აქ რა და როგორ ხდება…

ბავშვობაში რომ აღმოჩენებს აკეთებ და ხვდები, რომ იქამდე საერთოდ არაფერი გცოდნია, დაახლოებით ასეთი გრძნობა გამიჩნდა „ყატარის ავიახაზების“ ბიზნესკლასით მგზავრობისას. ექსკლუზიური სერვისი და მომსახურების უმაღლესი სტანდარტები რეალობაში ვნახე და ნამდვილად ვაღიარე დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, რომ ეს ნამდვილად ხუთვარსკვლავიანი და საუკეთესო ავიასერვისია მსოფლიოში. ერთი სიტყვით, თუ გინდა მნიშვნელოვან ადამიანად იგრძნო თავი, „ყატარის ავიახაზების“ ბიზნესკლასი ამის საუკეთესო საშუალებაა.

პოსტები სინგაპურიდან - ჩასვლა

მარშრუტი სინგაპურამდე გრძელი და საინტერესოა – თბილისიდან 1 საათში ბაქოში ჩავფრინდით და იგივე დროით გავჩერდით აზერბაიჯანის დედაქალაქის აეროპორტში. ამის შემდეგ კი 4 საათიანი ფრენა გველოდებოდა ყატარის დედაქალაქ დოჰამდე. ჩვენი თვითმფრინავის არ იყოს, ამ დრომაც სწრაფად გაიფრინა და აღმოვჩნდით ბოლო პერიოდის ერთ-ერთ უდიდეს საჰაერო ნავსადგურში – “ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში”.

ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი ადრე ცნობილი იყო, როგორც დოჰას ახალი საერთაშორისო აეროპორტი (დასა). თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ჰამადის საერთაშორისო აეროპორტს 2009 წელს უნდა შეეცვალა ძველი აეროპორტი, მაგრამ მშენებლობის დასრულების ვადის რამდენიმეჯერ გადადების შემდეგ, აეროპორტი საბოლოოდ მხოლდო 2014 წლის 30 აპრილს გაიხსნა“ – ასე იწყება “ვიკიპედიის” სტატია ამ გრანდიოზული ნაგებობის შესახებ, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, 3600 ჰექტარზეა განლაგებული. შედარებისთვის, ეს თბილისის ერთ-ერთი ძველი უბნის ტერიტორიაზე ოდნავ მეტი ფართობია და ეს არის ნამდვილად ქალაქი ქალაქში – უამრავი ტერმინალით, სავაჭრო თუ გასართობი სივრცით, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვული.

ძალიან კი მოგვეწონა და გვიჭირდა ჰამადის აეროპორტის დატოვება, მაგრამ მთავარი მაინც წინ გველოდა და გული იმდენად არ გვწყდებოდა. თან წინა აზიის საჰაერო ჰაბიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საავიაციო კვანძამდე გადაფრენა ისევ „ყატარის ავიახაზების“ თვითმფრინავით გვიწევდა, ამიტომ არაფერის გვეშინოდა!

//]]>