სამშაბათი
ივლ272017

პერსონალური ბრენდინგი, ანუ რას ფიქრობს ხალხი ჩვენზე?

პერსონალური ბრენდინგი

 

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ერთ ფრაზას გადავაწყდი: „პერსონალური ბრენდინგი არის ის, რასაც ამბობენ ადამიანები თქვენს შესახებ მას შემდეგ, რაც დატოვებთ ოთახს“ /Chris Ducker/.

დამაინტერესა რას ამბობს ხალხი ჩემზე, რატომაც არა?! მივხვდი, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენ, ადამიანები მუდმივად ვართ „ბრენდები“. ზოგჯერ წარმატებული ან წარუმატებელი, საინტერესო ან უინტერესო, აქტიური ან პასიური, მხიარული ან უხასიათო, პოზიტიურად ან ნეგატიურად მოაზროვნე, ემოციური ან უემოციო.

და მაინც, ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები თვითონვე გვაქცევს ბრენდად თუ ჩვენ ვქმნით ამ ყველაფერს – როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში? კომპლექსური პროცესია დიდი სირთულეებით აღსავსე. ჩვენი ყოველდღიურობიდან გამომდინარე ვიფიქრე და მივხვდი, რომ უმეტეს შემთხვევაში, ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ, ყველას ძალიან გვაინტერესებს თუ „რას იფიქრებს ხალხი ჩვენზე“. ზუსტად ხალხის მოსაზრება და მათი ჩვენდამი დამოკიდებულება განისაზღვრება ჩვენივე ქმედებებიდან გამომდინარე. ანუ, რომ გავამარტივოთ, ჩვენი ქმედებები ქმნის ჩვენს პერსონალურ ბრენდს.

არ გიკითხავთ თქვენი თავისთვის როგორები ვართ ან რას წარმოვადგენთ სხვების თავში? როგორ განწყობას ვტოვებთ, როდესაც ნაცნობს მოულოდნელად ვხვდებით? ან როგორ გვხვდებიან ქუჩაში დიდი ხნის უნახავი მეგობრები? რატომ ვცდილობთ ვიყოთ მეტნაკლებად აქტიურები სოციალურ ქსელში ან რატომ გვინდა, რომ სხვას გავუზიაროთ ჩვენი საყვარელი მუსიკა?

საკუთარი თავის „დაბრენდვას“ ვცდილობთ.

ახლა რომ ვზივარ და ამ ბლოგს ვწერ, მეც ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დააინტერესოს და კიდევ უფრო მეტმა იფიქროს საკუთარი თავის ბრენდინგზე.

და მაინც, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენივე ქცევები, წარსული, ახლანდელი საქმიანობა, მოლოდინები და ვიზუალი გვაქცევს ჩვენ „ბრენდად“.

არ აქვს მნიშვნელობა გაინტერესებთ თუ არა „რას იფიქრებს ხალხი თქვენზე“, ერთმანეთთან და ერთმანეთის შესახებ დაკავშირებული წარმოდგენები და მოსაზრებები ყოველთვის იარსებებს ადამიანებს შორის. აქედან გამომდინარე, უნდა გაინტერესებდეთ რა განწყობით ტოვებთ ადამიანებს თქვენს ზურგს უკან და რას იტყვიან თქვენს შესახებ. ამისათვის კი აუცილებელია, პირველ რიგში, იცოდეთ ვინ ხართ ახლა, ვინ გინდათ, რომ გახდეთ მომავალში და რა გინდათ, რომ იფიქროს ხალხმა თქვენს შესახებ.

სათქმელად მარტივია, შესასრულებლად – რთული: შექმენით თქვენი საკუთარი „ბრენდი“, დაინტერესდით თქვენი იმიჯითა და რეპუტაციით, ყოველდღიურობა ამის საშუალებას გაძლევთ.


თამთა ნიკოლაძე,
კონტრიბუტორი
Share Button

საუკეთესო სტატიები