ორი აღიარება და ერთი გამოცანა, ანუ Truman Show

ორი აღიარება და ერთი გამოცანა, ანუ Truman Show

ორი აღიარება და ერთი გამოცანა, ანუ Truman Show

მიყვარს წერა და რაღაცებს სულ ვიჩხაპნები. ზოგს საჯაროდ, ყველას დასანახად და განსაკითხად. ძირითადად კი ჩემთვის. ყველაფერს ხომ ვერ იტყვი? უფრო სწორად ხომ ვერ დაწერ? თორემ ენას ძვალი არ აქვს. რასაც გინდა ილაპარაკებს.

ამას წინათ, ვიდრე მანდარინებს ვგულშემატკივრობდი, ანუ ვიდრე ოსკარის ჩვენება გაიმართებოდა, ვფიქრობდი, რა პაწაწინა კამპანია გამეკეთებინა ჯეპრას სოციალური გვერდისთვის. ჰოდა, სოსომ იდეა შემომთავაზა.

მეც ავდექი, ჩავრთე გონება და პიარ სპეციალისტებისთვის შევარჩიე 10 საუკეთესო ფილმი, რომელიც ყველა მათგანმა უნდა ნახოს, სანამ პიარში მოღვაწეობს და სანამ ცოცხალია.

ფილმებს ბლოგის ბოლოს ჩამოგითვლით, მანამდე მთავარი..

ფილმების შერჩევისას, პირველი, რომელიც გამახსენდა, ეს იყო „The Truman Show“. ამ ფილმების ნუსხის შედგენისას, ისე გავერთე, რომ ჩემს მიერ ზემოთ ხსენებული ფილმი, სულ ამომივარდა თავიდან. ასეც ხდება, რაღაცის გაკეთება გინდა და მერე პრიორიტეტების მიხედვით საქმეების გადანაწილებისას, რაღაც გავიწყდება-ეს ჩვეულებრივი, ადამიანური მომენტია. ისიც შეიძლება, რომ სისწრაფეში შეცდომა გაგეპაროს, ესეც თანდაყოლილია, ორგანული და ბუნებრივი..

მოკლედ, შემთხვევით არაფერი ხდება, ჰოდა რაკი იმას ვამბობ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება მეთქი, არც ეს ფილმი გამომრჩენია შემთხვევით. მე ორი ძირითადი მიგნება აღმოვაჩინე, როცა ის პირველად ვნახე (სხვებიც, მაგრამ, ძირითადი ორი).

ერთი:  მასმედიის გავლენა ადამიანებზე, რასაც ქვემოთ ჩავშლი და

მეორე: ცხოვრება, როგორც დადგმული სპექტაკლი.

ჰოდა, ახლა მივყვები ფილმის ქრონოლოგიას.. ისე მინდა აღვწერო, რომ მთელი ფილმიც არ მოგიყვეთ, თორემ მერე, შეიძლება ნახვა დაგეზაროთ (აქ ავტორი ინტრიგნულად იცინის).

რადგან ქრონოლოგიას მივყვები და ის ვთქვი, რომ შემთხვევით არაფერი ხდება მეთქი, ისიც უნდა ვთქვა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ იმას ალბათ ვერავინ წარმოიდგენს რომ შეიძლება მთელი შენი ცხოვრება დადგმული სცენარი იყოს და მეტი არაფერი. ეს ფილმი, ჩემი აზრით, არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი გახდეს ერთი თვითდაჯერებული, ამბიციური რეჟისორის მიერ მოფიქრებული შოუს მსხვერპლი. სადაც ყველაფერი გაქვს,  სახლი, სამსახური, სტაბილური ცხოვრება, გყავს ცოლი, მეგობრები, გყავს დედა, არსებობს ქორწილი, გზები, ხიდები, მანქანები, ნაცნობები და ყველაფერი, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს და აკმაყოფილებდეს. ფილმს “ტრუმანის შოუ” ქვია. სიმართლე გითხრათ, ფილმის ყურებისას (გარკვეულ მომენტამდე) არ გამჩენია შეგრძნება, რომ იქ ასახული სურათები იყო სცენარი, იმდენად ბუნებრივად ვითარდებოდა მოვლენები. ფაქტიურად მთავარ პერსონაჟთან ერთად ვხვდებოდი, მიჩნდებოდა ეჭვები და ვცდილობდი გამოვრკვეულიყავი რაში იყო საქმე ბოლოსდაბოლოს.

ინტუიციით თავიდანვე საეჭვოა ის ფაქტი, რომ ციდან ცვივა ნივთები, მანქანაში ჩასხდომისას რადიო ირთვება და მოგესმის ხმები, რომელიც შენს ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს, გოგონა, რომელიც შეეცადა მისთვის თვალები აეხილა და სიმართლე ეთქვა, რომ მთელი თავისი ცხოვრება იყო დადგმული სპექტაკლი, რომელსაც ადამიანები უყურებდნენ და ერთობოდნენ, ისიც “გააქრეს” შოუდან. ერთადერთი რაც ამ ფილმში იყო სიმართლე, იყო თავად პერსონაჟი, რომელსაც დაბადების დღიდან 30 წლამდე აკვირდებოდნენ, იყო მისი სახელი, არ ვიცი ეს რეჟისორს რამდენად ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ჩემი აზრით შემთხვევითი არ უნდა იყოს გმირის სახელი ”მართალი კაცი”..  და კიდევ ერთი სიმართლე, სიყვარული, რომელსაც ტრუმანი ეძებდა და ჟურნალის ფურცლებიდან ადარებდა თვალებს, მართალ თვალებს..

ორი აღიარება და ერთი გამოცანა, ანუ Truman Show

30 წელი, საოცარი ციფრია, ჩვეულებრივი ცხოვრებისთვის არაფერი, მაგრამ წარმოიდგინეთ, როცა 30 წლის განმავლობაში გაკვირდებიან და შენს ირგვლივ, ყოველი ამოსუნთქვა, მზის ამოსვლა, დაღამება, გათენება, ქარი, წვიმა, შტორმი, ავიაბილეთების არარსებობა, ავტობუსის გაფუჭება ქალაქიდან გაქცევის სურვილის შემთხვევაში, გრძნობები, რომელსაც მსახიობი ჯიმ ქერი გადმოსცემს ძალიან ორგანულია და ამ ყველაფრის მართვა, მხოლოდ ერთი პულტის მეშვეობით არის შესაძლებელი. თითქოს, ამ შოუს პროდიუსერმა მთელი სამყაროს კლონირება მოახდინაო.. მაგრამ ვერ გათვალა, ის რომ ტრუმანს ჰქონდა ერთი ოცნება, რომ მოხვედრილიყო ფიჯის კუნძულებზე, მოგზაურობა უყვარდა. ამიტომაც დადგეს სცენა, რომ მამამისი შტორმს ეწირება და აქედან გამომდინარე პანიკური შიში უჩნდება წყლისა, თუმცა მაინც დგება გადამწყვეტი მომეტი, როცა მან არჩევანი უნდა გააკეთოს. ტრუმანი მიხვდება და მეც მასთან ერთად, რომ ყველაფერი გათამაშებულია და უნდა გაქცევა სხვა სამყაროში, ქვეცნობიერად უნდა გაქცევა, ისეთ სამყაროში, სადაც ის ჯერ არ ყოფილა.

ღამით, ის ახერხებს კიდეც ამას-დასძლევს შიშს და ნავით ცდილობს გაპარვას, მაგრამ ეს ზღვაც რომ მოგონილი იყო?! შტორმის დროს მისი გამბედაობა, უკან არ დახევა, იყო ერთგვარი გადაწყვეტილება იმისა, რომ თუნდაც მომკვდარიყო, ბოლომდე უნდა შებრძოლებოდა ასეთ ერთფეროვნებას. და უცებ ნათდება, ნავი კედელს ეჯახება და ჩნდება კიბეები, მაღალი კიბეები, რა სიმბოლურია არა?! თითქოს ამ კიბეებით ღმერთთან მიდიოდე და რეალურად, შოუს პროდიუსერი იყო კიდეც ღმერთი, რადგან მას, ყველაფერი შეეძლო თავისსავე შექმნილ სამყაროში.

ორი აღიარება და ერთი გამოცანა, ანუ Truman Show

მეორე მიგნება.  როგორ მოქმედებს მასმედია ადამიანებზე,  ამ ფილმში ეს ძალიან კარგად ჩანს, როცა ხედავ, რომ ამ შოუს ყურებაში მოხუცი ბებიები ათენებენ ღამეებს და ეხუტებიან ბალიშებს, სადაც ტრუმანის სახეა გამოხატული; პოლიციელები, როგორ არიან ერთსა და იმავე პოზიციაში და, ალბათ, რამდენი დანაშაული ხდებოდა მათ თვალწინ, იქ, რეალურ სამყაროში, როცა ისინი, პიცის ჭამითა და სხვისი, დადგმული ცხოვრებით ცხოვრობდნენ. საოცარი ფაქტია, როცა მამაკაცს აბაზანაში გეძინება ტრუმანის შოუს ყურებისას.

ორი აღიარება და ერთი გამოცანა, ანუ Truman Show

ესენია ფაქტები, რომლებიც ძალიან კარგად ასახავენ მასმედიის გავლენას ადამიანებზე და სულაც არ ფიქრობენ, რომ ისინი უყურებენ ტელევიზორს, მაგრამ ტელევიზორიც უყურებს მათ.

ორი აღიარება და ერთი გამოცანა, ანუ Truman Show

ეს ყველაფერი შეგვიძლია საკუთარ თავთან, ცხოვრებასთან შევადაროთ.

ჩვენ, ასე მონდომებულები, ყველა ერთად აღებული, მსხვერპლი ვართ. ვეწირებით ხოლმე უსამართლობას, დევნას, ტყუილს, ღალატს და ათასგვარ ტალახს. წარმოიდგინეთ, რომ ერთი დიდი ტყუილი ლამაზ რეალობად დაგიხატეს. თავიდან ვერ ხვდები. მიყვები დინებას. ეჭვი კი გღრღნის ჭიასავით მაგრამ ვერ, ან არ უშვებ, არ გინდა დაჯერება. ენდობი, გიყვარს და აძლევ საშუალებას მოგატყუონ.. ჰოდა, რადგან აძლევ ამის საშუალებას, ისიც მრავლად გახვევს „გამოუცნობი ტყუილების ალში“. ვიდრე გაუვა, ასე გააგრძელებს. არადა, სიმართლის თქმა გაცილებით მარტივია, ბევრის დამახსოვრება არ გიწევს.

სხვა არის სასარგებლო ტყუილის თქმა, ისეთის, რომელიც არავის ვნებს. ამას ხომ მეც ვაკეთებ?!

ეპილოგი:

რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მეტად მიჩნდება ეჭვები იმის შესახებ, რომ ჩვენი ცხოვრებაც დადგმულია და ჩვენც, თითოეული ადამიანი ამ დიდ სცენაზე (სამყაროში) მოთამაშე მსახიობები ვართ, სადაც საუკეთესო მსახიობები გაიმარჯვებენ სიმართლის ძიებაში. ტრუმანმა გაიმარჯვა!

პ.ს.

გამოცანა გვეკითხება-რის მიხედვით დავწერე სათაური? ვინც გამოიცნობს, საჩუქრად გადავცემ მაისურს, წარწერით-The Truman Show“.

პ.ს.ს. დაპირებული ფილმების ნუსხა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

 “Wag the Dog”;  “Jerry Maguire”, „Thank You For Smoking“, „Jersey Girl“ „Sweet Smell of Success“, „Phone Booth“, „The Candidate“, „Primary Colors“, „All the President’s Men“, „Mad Men“.