ორგანიზაციული კლიმატი და მისი გავლენა თანამშრომლის კეთილდღეობაზე

ორგანიზაციული კლიმატი და მისი გავლენა თანამშრომლის კეთილდღეობაზე

სამი თვეა, რაც ჯეპრაში ვმუშაობ და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ბედნიერი და თავის კომპანიაზე სიამაყით სავსე გუნდი ვართ. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს, ერთმანეთს ვუზიარებთ  ჩვენს იდეებსა და გამოცდილებას და ერთად ვაღწევთ წარმატებას. აქ ყველა თანაბარია, ხოლო ძირითადი პრინციპები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ ურთიერთპატივისცემა და ურთიერთდახმარებაა. ეს ყველაფერი კომპანიაში ჯანსაღ ორგანიზაციულ გარემოზე, ე.წ. „ორგანიზაციულ კლიმატზე“, მეტყველებს.

„ორგანიზაციული კლიმატი“ კომპანიაში არსებულ სოციალურ-ფსიქოლოგიური კლიმატს ნიშნავს და დიდ გავლენას ახდენს თანამშრომელთა ემოციურ მდგომარეობაზე, პროდუქტიულობაზე, მოტივაციასა და ქცევაზე. ჯანსაღი ორგანიზაციული კლიმატის მქონე კომპანიებში, დასაქმებულებს შეცდომის დაშვების ნაკლებად ეშინიათ და უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს ახალი იდეების გენერირების პროცესში. გამოირჩევიან კომპანიის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და კარგად ესმით კომპანიის მისია, ფასეულობები და საერთო მიზნები.

და რა არის ის ძირითადი პარამეტრები, რომელიც  კომპანიის შიდა ორგანიზაციულ გარემოს აყალიბებს? ესენია:

  • თანამშრომლების რაოდენობა – დიდი ზომის ორგანიზაციებში რთულია ერთიანი ორგანიზაციული კლიმატის შენარჩუნება, როგორც წესი, იგი განსხვავდება სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების და ჯგუფების მიხედვით;
  • ორგანიზაციული სტრუქტურა – რესტრუქტურიზაცია ყოველთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს კომპანიის ორგანიზაციულ კლიმატში, ამიტომ აუცილებელია შესაძლო რისკების წინასწარი შეფასება და პრევენცია;
  • მართვის სტილი – განაპირობებს თანამშრომლების დამოკიდებულებას, ნდობის დონესა და ლოიალურობას მენეჯმენტის მიმართ;
  • სამუშაოს შინაარსი – მიზნის მისაღწევად თანამშრომლისთვის გასაგები უნდა იყოს შესასრულებული სამუშაოს მნიშვნელობა, შესაბამისად გაწერილი უნდა იყოს პროცედურები და პროცესები. კომპანიაში ასევე დანერგილი უნდა იყოს უკუკავშირის კულტურა;
  • სოციალური პარამეტრი – კომპანიაში მომუშავე ადამიანების თავისებურებები, მახასიათებლები, მათი თავსებადობა ერთმანეთსა და კომპანიის კულტურასთან;
  • კომპენსაციის სისტემა – მატერიალური და არამატერიალური კომპენსაციის სისტემის არსებობა, თანამშრომელთა ფინანსური კეთილდღეობა;
  • კორპორატიული კულტურა – კომპანიას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ და ზუსტად ჩამოყალიბებული მისია, მიზნები, ღირებულებები და ძირითადი სამუშაო პრინციპები.

ყველა ზემოთ აღნიშნული პარამეტრი ძალიან ინდივიდუალურია თითოეული კომპანიისთვის და ცვალებადია ორგანიზაციის შიგნითაც: თანამშრომელთა რაოდენობა იცვლება, სტუქტურა განიცდის ცვლილებებს და ა.შ.  აქედან გამომდინარე, არ არსებობს ჯანსაღი ორგანიზაციული კლიმატის ფორმირებისა და შენარჩუნების უნივერსალური ფორმულა. კომპანიები უამრავ სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ სასიამოვნო, კომფორტული და მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნისთვის. შეგვიძლია გაგიზიაროთ რამდენიმე ჯეპრას პრაქტიკიდან.

უპირველეს ყოვლისა, რეკრუტინგის პროცესს განსაკუთრებული ყურადღებით ვუდგებით. ჯეპრელი რომ გახდე, დიდი კონკურსი უნდა გაიარო და სავარაუდოდ შენი კარიერული გზა ჩვენთან სტაჟირებით დაიწყება. ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულ გამოცდილებას ან ცოდნას, მთავარია ადამიანის პიროვნული თვისებები, შესაძლებლობები და მოტივაცია ემთხვეოდეს ჩვენს მოლოდინებს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ახალი თანამშრომლის ხედვები და შეხედულებები თანხვედრაში მოდიოდეს კომპანიის კორპორატიულ კულტურასა და ღირებულებებთან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთ ენაზე უნდა ვსაუბრობდეთ.

კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, თითოეულ სტაჟიორს ჰყავს მენტორი, რომელიც ხელმძღვანელობს არა მხოლოდ სტაჟიორის პროფესიონალურ სწავლა-განვითარებას, არამედ კომპანიაში ადაპტაციის პროცესსაც. მენტორი ეხმარება მათ მიზნების განსაზღვრასა და მიღწევაში, უზიარებს მათ თავის ცოდნას, გამოცდილებას და რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, აცნობს კომპანიის კორპორატიულ კულტურას, ღირებულებებსა და პრინციპებს.

რამდენიმე თვის შემდეგ სტაჟიორები სტრატეგიულ შეხვედრებშიც იღებენ მონაწილეობას. ასეთი შეხვედრები კვარტალში ერთხელ იმართება და მათი მიზანია გაწეული სამუშაოს შეჯამება, მომავალი გეგმებისა და მიზნების დასახვა. შეხვედრებში მონაწილეობს აბსოლუტურად ყველა, დაწყებული სტრაჟიორებით, დამთავრებული კომპანიის დირექტორითა და დამფუძნებლით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიიღება ხდება სწორედ ამ შეხვედრებზე, თითოეული თანამშრომლის აზრის გათვალისწინებით. ზუსტად ასე, ჩვენ ყველა ერთად ვქმნით ჯეპრას და გარემოს, რომელშიც ვმუშაობთ.

აღსანიშნავანია ასევე ჩვენი ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც არის ჰორიზონტალური და საკმაოდ მოქნილი. პროექტიდან პროექტამდე თანამშრომლები ცვლიან ფუნქციებს, ამით მათ შესაძლებლობა აქვთ თავი წარმოაჩინონ პროექტის ასისტენტის, კონსულტანტის ან მენეჯერის როლში. ახალგაზრდა ჯეპრელები, ბუნებრივია, უფრო მარტივი პროექტებით იწყებენ, მაგრამ დასაწყისიდანვე სწავლობენ, თუ რა პასუხისმგებლობას ითხოვს პროექტის მენეჯერობა. მსგავსი გამოწვევის დროს გვერდით ბევრი კეთილისმსურველი, გამოცდილი ჯეპრელი ჰყავთ, რომლებიც მიმართულებებს და კონსტრუქტიულ უკუკავშირს იძლევიან.

ჯეპრაში ვგეგმავთ მრავალი სხვადასხვა პრაქტიკის დანერგვას, მაგრამ ყველაზე მთავარი ის  საერთო ფასეულობებია, რომლებიც ზრდის მოტივაციას და დილით სამსახურში მოსვლას სასიამოვნოდ ხდის, გვაერთიანებს და ძლიერ, წარმატებულ გუნდად გვაქცევს. სწორედ ჩვენი ღირებულებები განსაზღრავენ იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ და როგორია ჯეპრაში მუშაობა:

ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს.

ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს, იდეებსა და გამოცდილებას.

ჩვენ ერთად ვაღწევთ წარმატებას!