ომი

ომი

ომი

ერთ პაპანაქება ზაფხულის დღეს კოღოს უკბინა ფუტკარმა. ამით კოღოს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, მას აღარ იზიდავდა სისხლი, გაუფუჭდა ხასიათი, დაეწყო დეპრესია, გახდა ასოციალური, შეწყვიტა კვება და ჩამოხმა.

ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც რომელიღაც მდელოზე განმარტოებული დაფრინავდა წინ და უკან, მიხვდა, რომ მას ყვავილები იზიდავდა. სწორედ ამ დღეს, კოღოთა არსებობის ისტორიაში მან პირველმა გააკეთა ყვავილის მტვრისგან ფეხგუნდა.

როდესაც სიამოვნების ტალღამ გადაუარა დაფიქრდა თუ სად წაეღო ეს მონაპოვარი, მის თანამოძმეებს, რა თქმა უნდა, არაფერში სჭირდებოდათ ფეხგუნდა. მანაც გადაწყვიტა მოეძებნა სკა, სადაც მიიტანდა თავის მონაპოვარს და მსგავსი შრომით მიიღებდა საკვებს.

მიადგა სკას.

როდესაც ფუტკრებმა დაინახეს კოღო ფეხგუნდით, გაუკვირდათ, არ იცოდნენ რა ეღონათ და ბელადთან ხმოვანი დეპეშა აფრინეს. ბელადი დეპეშის მიღებიდან რამდენიმე წუთში გაუდგა გზას. ადგილზე მისვლამდე, ფიქრის დროს დაასკვნა, რომ ასეთ დელიკატურ საკითხს კოღოთა ბელადის გარეშე ვერ გადაწყვეტდა. მივიდა რა დეპეშაში აღნიშნულ სკასთან, დაამშვიდა თანამოძმენი და ამ უცნაურ კოღოსთან ერთად გაფრინდა კოღოთა ბელადთან.

საკოღოეთში ფუტკართა ბელადის გამოჩენამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ყველამ მალე გაიგო თუ რაში იყო საქმე და ყველა ერთხმად აღშფოთდა.

ბელადებმა ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ჯიშით კოღო და მოწოდებით ფუტკარი იცხოვრებდა საკოღოეთში, ხოლო იშრომებდა და “დათაფლდებოდა” ფუტკრებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ უფიქრიათ თუ რა დაერქვათ ამ უცნაური კოღოსთვის, მას ორი შეარქვეს.

ამ გადაწყვეტილებით თითქოს ყველაფერი კეთილად დასრულდა, მაგრამ სინამდვილეში ახლა იწყებოდა მთავარი.

ორი ცხოვრობდა ორი ცხოვრებით და ძალიანაც მოსწონდა.

ორი არ მოსწონდა ზოგიერთ ფუტკარს, ისინი თვლიდნენ რომ ფუტკრები კოღოებზე ბევრად განვითარებული რასის წარმომადგენლები იყვნენ და გადაწყვიტეს თავიდან მოეშორებინათ ორი.

ჭორები ამ შეთქმულების შესახებ საფუტკრეთშიცა და საკოღოეთშიც მალე გავრცელდა, ორივე მხარემ ორის დაცვა მიუჩინა. დაფრინავდა ორი მინდორ-მინდორ და არ ნაღვლობდა შეთქმულებაზე, რადგან თავს დაცულად გრძნობდა, მაგრამ ვაი რომ ციხე შიგნიდან ტყდება და ერთი მშვენიერი დღე, ერთ უზარმაზარ, ყვავილებით მოფენილ მინდორზე ორისთვის საბედისწეროდ დასრულდა. ორი მოკლეს.

კოღოებმა ამ ამბის შეტყობისთანავე ომი გამოუცხადეს ფუტკრებს. გაჩაღდა ომი.

ქალაქები, სოფლები, ტბები, სკები, მინდვრები და სხვა მრავალი ადგილი დაიცალა ფუტკრებისა და კოღოებისგან.

ადამიანების დიდი ნაწილი ვერაფერს ამჩნევდა, გარდა იმისა, რომ მათ კოღოები აღარ კბენდნენ, ზოგს ეგონა რომ ცივსისხლიანი გახდა, ზოგმაც იფიქრა წელს დროზე ადრე დაგვტოვესო და ა.შ. ბრძოლის ველზე კი სისხლი იღვრებოდა.

აღნიშნულ ველთან ახლოს იყო ერთი სოფელი, სადაც იმ მიდამოებში ერთადერთი ენტომოლოგი ცხოვრობდა, რომელიც საგონებელში ჩააგდო სოფლიდან ფუტკრებისა და კოღოების სრულმა გაუჩინარებამ. მან გადაწყვიტა, რომ გაეგო რაში იყო საქმე და დაიწყო გამქრალი მწერების ძებნა.

არც ისე დიდი ხნის ძიების შემდეგ მიაგნო ადგილს, რომელზეც თითქოს პატარა ტორნადო ბობოქრობდა და შიგ მოექცია უამრავი კოღო და ფუტკარი. ენტომოლოგი მიხვდა, რომ ისინი ომობდნენ. ერთადერთი რისი გაკეთებაც მოიფიქრა იყო ის რომ ეს კადრები თავისი მოკრძალებული ხელის კამერით გადაეღო.

გვიან ღამით დაბრუნდა იგი სახლში და დაღლილს დაწოლისთანავე ჩაეძინა, ესიზმრა სიზმარი.

სიზმარი კი ასეთი იყო – ფუტკრებისა და კოღოების ომმა მთელი დედამიწა მოიცვა, უამრავ ადგილას გაჩნდა ცხელი კერები, რომელთა თავზე მუდამ ღრუბლიანი ცა იყო, სისხლისფერი ღრუბლიანი ცა.

ყველამ იცოდა ამ დაუნდობელი ომის შესახებ, რომელშიც მილიარდობით ფუტკარი და კოღო იყო ჩაბმული. მოსახლეობას აღარ ქონდა სუფთა თაფლი, საჭირო იყო სახელმწიფოებს რამე ეღონათ და ასეც მოხდა, დაჩქარებული წესით კანონში ცვლილებები შევიდა. ამ ცვლილებების თანახმად ყველა ომში ჩაბმული ფუტკარი ითვლებოდა დამნაშავედ და რადგან ყველა ფუტკარი ომობდა- ყველა ფუტკარი დამნაშავე იყო. შეიქმნა ფუტკარმჭერი ბრიგადები, რომლებიც აპატიმრებდნენ მათ და საკნებში ათავსებდნენ უვადო პატიმრობით. მიუხედავად იმისა, რომ დაჭერილ ფუტკართა რაოდენობა მრავალ მილიონს აღწევდა, ომი მაინც ძველი ტემპით გრძელდებოდა, ორივე მხარემ შეიმუშავა სტრატეგია, არმიის ნახევარი ერთი დღით საკვებზე ზრუნავდა, მეორე ნახევარი იბრძოდა, შემდეგ დღეს კი პირიქით. ასე ისწავლეს ფუტკრებმა და კოღოებმა ცხოვრება ომში.

რაც შეეხება ფუტკართა საკნებს, მათ ყველა პირობა ქონდათ ეცხოვრათ ძველი, ფუტკრული ცხოვრებით. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ გამოვლილი ომის მანძილზე მათ შეიძინეს აგრესია და დაიწყეს ომი ერთმანეთში, რადგან არავინ იყო სხვა-ვისთანაც იომებდნენ.

ახალდაბადებული ფუტკრების მცირე ნაწილი დიდი ვაი-ვაგლახით გამოყავდათ საკნებიდან იმ იმედით, რომ აღადგენდნენ მათ ძველ სახესა და ფუნქციას, დედამიწას კი დაუბრუნდებოდა თაფლი. კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ფუტკრების ახალი თაობის უკლებლივ ყველა წარმომადგენელი გაორმაგებული აგრესიით იყო დაჯილდოებული, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე რომ აგრესია ფუტკრებს გენეტიკურად გადაეცემოდათ.

ეს ომი გადაიქცა დედამიწაზე ყველაზე დიდ მოვლენად. წერდნენ, ხატავდნენ, იღებდნენ, ყვებოდნენ. ბევრი ფანატიკოსი ადამიანი შეუერთდა ომს, რომელთა სრულმა უმრავლესობამ კოღოების წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა, მაგრამ ვერც ფუტკრების რიგში ერეოდნენ, ეშინოდათ გამძვინვარებული მწერების.

თავად ენტომოლოგმა, კანის კინოფესტივალზე ოქროს კოღო მიიღო, წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის.

ომი კვლავ მძვინვარებდა, ფუტკრებმა გადაწყვიტეს თაფლისგან კედელი აეგოთ, რომ კოღოები ვეღარ გადასულიყვნენ შეტევაზე. ასეც მოიქცნენ, ააგეს თაფლის კედელი, ერთ მხარეს იყვნენ კოღოები და ვერ გადადიოდნენ შეტევაზე, მეორე მხარეს იყვნენ ფუტკრები და ამაყობდნენ ამით. რამდენიმე დღემ გასტანა ასე, შემდეგ კი ფუტკრები მიხვდნენ, რომ ომის მოგებას არა აქვს აზრი და კედელი დაანგრიეს.

ამ დროს ენტომოლოგსაც გამოეღვიძა.

თვალები მოიფშვნიტა, საწოლზე წამოჯდა, წყალი დალია, სიამაყით გახედა თავის ოქროს კოღოს და მეორედ გამოეღვიძა.