OK Influencer

OK Influencer

ამბობენ, ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოცადოო, ჰოდა მეც ავდექი და პირველად ვსინჯავ სიგარეტს. 50-იან და 60-იან წლებში მოწევა იმდენად მოდური იყო, რომ მაგალითად, აშშ-ში ცნობილი ტელეწამყვანი ედვარდ მეროუ პირდაპირ ეთერშიც ეწეოდა. მეტიც, ოპერის მომღერლები ფოტოგადაღებისას სიგარეტით პოზირებდნენ, ხოლო კარუზო და დი სტეფანო ცნობილი მწეველები ყვნენ… ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი პოსტი, თუკი რომელიმე სიგარეტის კომპანია დამიქირავებდა. ფოტოსაც კარგს გადავაღებინებდი, შავ-თეთრს, კლასიკურ სტილში, რომ ჩემს იმიჯთან ახლოს ყოფილიყო და ერთ-ორ კაპიკსაც გავაკეთებდი. მაგრამ არის ერთი მაგრამ: დასანახად ვერ ვიტან სიგარეტს. მეზიზღება მისი სუნიც, გემოც და მიუხედავად იმისა, რომ მოწევა ვიზუალურად ძალიანაც მეესთეტიკურება, ეს ვერ გადაწონის მის ნაკლოვანებებს ჩემს თვალში. ასე რომ, თუკი ოდესმე სადმე ნახავთ, რომ სიგარეტზე რამე კარგს ვამბობ, წინასწარ იცოდეთ, რომ უდიდესი ალბათობით, ვტყუი.

ესეც ასე, ჩემი ხელით მოვიჭერი ინფლუენსერობის გზა სიგარეტის სამყაროში. რატომ? განა ორიოდ ლამაზი და დახვეწილი ფოტო ან დამატებითი შემოსავალი მაწყენდა? ნწ, სხვა ამბავია აქ: სიგარეტის გარეკლამებით მე ძირს ვუთხრი იმ ნალოლიავებ ოქროს შუალედს, რომელსაც წლები ვაშენებდი და რომელსაც ინფლუენსერობა ჰქვია. დიახ, როცა შენ იმას აკეთებ, რასაც არასდროს გააკეთებდი, შენ აღარ ხარ ინფლუენსერი და ხდები ანდროიდი, რომელიც გააკეთბს იმას და ისეთნაირად, როგორც რომელიმე კომპანიის რომელიმე კამპანიის მენეჯერი გადაუწყვეტს.

ვინ არის ინფლუენსერი? ეს ტერმინი ინგლისური სიტყვიდან influence მომდინარეობს, რომელიც ზეგავლენას ნიშნავს. იდეაში, ეს სხვა არაფერია თუ არა word of mouth (ხმის დაყრა), ოღონდ უკვე სოციალურ მედიაში და არა უბრალო ადამიანების, არამედ სხვადასხვა სფეროში ცნობილი და ფეხმოკიდებული ხალხის მიერ.

ინფლუენსერი სელებრითიში არ აგერიოთ: კრიშტიანუ რონალდუ რომ Head&Shoulders-ის რეკლამას აკეთებს, არ ნიშნავს იმას, რომ დღედაღამ თავს იმით იხეხავს. სელებრითი ინფორმაციის ფართო მასებისთვის გასავრცელებლად და პროდუქტის პრესტიჟისთვის გამოიყენება, ხოლო ინფლუენსმარკეტინგი – ვიწრო სეგმენტებთან მჭიდრო ურთიერთობისთვის, როცა იცი, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი თავიანთ ავტორიტეტს ენდობა, თავისიანს.  დღესდღეობით, ინფლუენსერების შემდეგი კატეგორიები გვაქვს:

  • აქტივისტები: ინფლუენსერები, რომლებსაც უსმენენ სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებები საზოგადოებრივად აქტუალურ თემებზე
  • ჩართულები: ინფლუენსერები, რომელთაც სოციალურ ქსელებში ბევრი გამომწერი ჰყავთ
  • ავტორიტეტები: ინფლუენსერები, რომლებიც სხვებზე მაღალი ნდობით სარგებლობენ
  • აქტიური მოაზროვნეები: ინფლუენსერები, რომლებიც ბევრ სხვადასხვა სფეროში მოღწვაწეობენ
  • ტრენდსეტერები: ინფლუენსერები, რომლებიც პირველები აფასებენ პროდუქტს

რეალობაში ეს კატეგორეიბი ასე მკაფიოდ შეიძლება, არც იყოს გამიჯნული. მაგალითად, აქტიურ მოაზროვნეებსაც ჰყავთ ბევრი გამომწერი და ა.შ. მთავარი აქ სხვა რამეა: ყველა ინფლუენსერი აკეთებს სხვისთვის იმას, რასაც თავისი თავისთვის აკეთებს ან გააკეთებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინფლუენსერის მთავარი ამოსავალი წერტილი მისი ბუნებრიობაა.

ზუსტად ეს ბუნებრიობა აფსიხებს და ჭკუიდან შლის ხოლმე ზოგიერთ ბრენდ მენეჯერს, რომელმაც ვინ იცის, რამდენი დრო და ენერგია ჩაანთხია ლოგოს, სხვადასხვა დეტალის და სლოგანის მოფიქრება-შექმნა-დამტკიცებაში. არ ვამტყუნებ, მას უნდა, მისი ნაშრომ-ნაწვალები ისევე იდეალურად გამოიყურებოდეს სხვის ინსტაგრამ სთორიშიც, როგორც მათი კომპანიის ფეისბუქ ქავერზეა. ტექსტიც ისეთივე აკადემიური, დავარცხნილი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს, რომ ისიც და მისი ბოსიც კმაყოფილი დარჩეს. კი ბატონო, ოღონდ ასეთ დროს შედეგი ძირითადად ასე გამოიყურება 🙂

თუმცა არამც და არამც არ ვერჩი მათ და ისევ ინფლუენსერებს მივმართავ, რომ გაიხსენონ რა გზა გამოიაერს აქამდე:

კოლეგებო, კარგად აუხსენით თქვენს დროებით დამქირავებლებს, თქვენთან იმიტომ მოდიან, რომ თქვენი ბუნებრიობის წყალობით უნდათ პროდუქტის საზოგადოებისთვის გაცნობა და ფულს თავიანთი შტატიანი თანამშრომლის დაზეპირებული ლექსიკით საუბრისთვის არ გიხდიან. და, საერთოდაც, რაღაც რომ გვაცვია, ზოგჯერ დაჭმუჭნულია და თუკი გაცეცხლებულები არ ვართ, პოსტის ყოველ სიტყვაში ცას და ქვეყანას არ ვთაგავთ. COZ IT’S GODDAMN FAKE!

P.S. ისე, “რედიოჰედს” აქვს უდიდესი ალბომი ჯერ კიდევ 1997 წელს გამოშვებული, სახელად OK Computer, რომელშიც ციფრული ეპოქის მიერ ადამიანის დაკომპიუტერებაზე მოგვითხრობს და პოსტის სათაურის მოფიქრებაში ეგ დამეხმარა. ჰოდა ვისაც მოგენატრათ ან პირველად მოსმენა გადაწყვიტეთ, აგერ ლინკი და თქვენს ჯანში იყოს. 😉 http://bit.ly/2yDeAVM