მოლოდინის 129 დღე

მოლოდინის 129 დღე

მოლოდინის 129 დღე

ისე მოხდა, რომ ჩემი ცხოვრების ბოლო 2 წელი საკმაოდ ბობოქარი გამოდგა – ჩემი და ჩემი უახლოესი ადამიანების ცხოვრება ბევრჯერ აირია და ვეღარ დალაგდა. მე კიდევ მოგეხსენებათ, რომ მგრძნობიარე ადამიანი ვარ: ყველას სანერვიულო მე უნდა ვინერვიულო, ყველას მაგივრად მე უნდა გავათენო ღამე, ვეძებო გამოსავალი, ჰოდა ამ გაუთავებელმა ნერვიულობამ და გამოსავლის ძიებამ მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ არ ვიცი რას ვეძებ. ზოგადად ვიცი, რომ ვეძებ ბედნიერებას ჩემი, ჩემი ოჯახის წევრების და მეგობრებისათვის. მაგრამ როგორც იტყვიან, ვერასოდეს მიაღწევ დანიშნულების ადგილს  თუ ზუსტად არ იცი სად მიდიხარ. ვინაიდან ბედნიერება ზოგადი შეგრძნებაა, მისი ზუსტი აღწერა ცოტა ძნელია, როდესაც არ გაქვს ჩამოყალიბებული რა გაგაბედნიერებს. მოკლედ რომ ვთქვათ გადავწყვიტე ჩემს თავში ჩამომეყალიბებინა თუ რა მჭირდებოდა იმისათვის, რომ მე და ჩემი საყვარელი ადამიანები ბედნიერები გავმხდარიყავით.

მე, როგორც მიზანდასახულ ადამიანს და რაც მთავარია „პროექტების მართვის სერტიფიცირებულ პროფესიონალს“ სჩვევია, გადავწყვიტე რომ შემექმნა პროექტი, შესასრულებელი მისია და მას სახელად დავარქვი „მოლოდინის 129 დღე“. ფეისბუქზე გავაკეთე „ქაუნთდაუნი“, დავიწყე 129-იდან და ყოველ დღე თითო დღეს ვაკლებდი.

რას ველოდი 129 დღე? პირველ რიგში ჩემი მთავარი მიზნის შესრულებას – ამ პერიოდში უნდა გამომეკვეთა, თუ როგორ ვაგრძელებ ცხოვრებას და დასასრულს უნდა მიმეღო სურათი, რომელიც ჩემს მომავალს ჩემთვის მკაფიოს გახდიდა. ამასთანავე, მე, როგორც საკმაოდ ცრუმორწმუნე ადამიანმა, დავიჯერე რომ ამ 129 დღის განმავლობაში მოხდებოდა კონკრეტული მოვლენები, რომლებიც საბოლოო ჯამში სასიკეთოდ იმოქმედებდა ჩემს მომავალზე.

რა მივიღე?

  • მივიღე რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რასაც დიდი ხანი ველოდებოდი;
  • გავააქტიურე ბლოგი, რომელიც მომცემს საშუალებას ჩემი ნააზრევი გავუზიარო ადამიანებს, რომლებსაც ეს აინტერესებთ და გავააქტიურო ის ადამიანები, ვისაც პოტენციურად შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების და ქვეყნის განვითარებაში;
  • გავიცანი ჩემნაირი ადამიანები და იმედი მაქვს მათთან ერთად მომავალში ბევრ რამეს შევძლებ;
  • მივიღე გადაწყვეტილება, რომ თავად გავაქტიურდე და ჩავერთო სხვადასხვა საზოგადოებრივ პროცესებში და აქტივობებში. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვისთვისაც საკუთარი თავის, შვილების და ქვეყნის მომავალი სულ ერთი არ არის, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ვიბრძოლო ამ მომავლისათვის;
  • რაც მთავარია, საბოლოოდ გავწყვიტე კავშირი წარსულთან, რომელიც არ მაძლევდა განვითარების და მშვიდად ცხოვრების საშუალებას;
  • კიდევ მოხდა წვრილმანი და კონკრეტული ამბები, რომელთაც ჩემთვის შევინახავ, ჩემს დიდ წიგნში ჩასაწერად.

დღეს მე უკვე ვიცი რა მინდა, რას გავაკეთებ ჩემი დასახული მიზნების მისაღწევად, რას დავთმობ და რას არა.

დღეს მე უკვე ზუსტად ვიცი, ვინ არიან ჩემი მეგობრები, ვის უნდა ვენდო და ვის არ უნდა ვენდო. ასევე ზუსტად ვიცი, რომ ყველას ისე მოვექცევი, როგორც ისინი მომექცევიან.

ჩემი მისია შესრულებულია. დანარჩენს კი მომავალი მიჩვენებს. მჯერა, რომ ყველაფერი ისე გამოვა როგორც დავგეგმე – მოლოდინის 129 დღე ხომ ზუსტად ისე დავასრულე, როგორც ველოდი.

ამ 129 დღის მანძილზე ბევრი სახალისო შეტყობინება მომდიოდა ფეისბუქში. მათი უმრავლესობა შემდეგი შინაარსის იყო – უი, 129 კილო იყავი? დღეში ერთ კილოს როგორ იკლებ? მასწავლე დიეტა, რითიც დღეში ერთ კილოს იკლებ და ბავშვებს გეფიცები არავის ვეტყვი…. ეს მესიჯები თავიდან მახალისებდა; მერე, როდესაც გავაცნობიერე რომ ვიღაცეებს 129 კილო ვეგონე, აღვშფოთდი. როდესაც 40-ს ჩამოვცდი და იგივე მესიჯები მომდიოდა, გავოცდი – ვერ წარმოვიდგინე, როგორ შეიძლება ვინმეს ვეგონო 40 კილოზე ნაკლები – წესით ცოცხალი აღარ უნდა ვიყო.  ყველას აინტერესებდა რას ვითვლიდი, მე კი ჯიუტად არ ვამბობდი – ჩემს წამოწყებას „თვალი რომ არ სცემოდა“.

ყველაზე საინტერესო მოხდა იმ დღეს, როცა ჩემი „ქაუნთდაუნი“ განულდა – შეიცვალა მთავრობის მე-7 მინისტრი და დღის წესრიგში დადგა პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადება. მომდიოდა შეტყობინებები შინაარსით – ამას ითვლიდი? საიდან იცოდი? გაარტყი?

ვითვლიდი, ვიცოდი თუ გავარტყი – კიდევ ერთი „გადაწყვეტილება“ მივიღე. ჩემი საკონსულტაციო საქმიანობის ჩამონათვალში ჩავამატო – მომავლის უნებლიე ან თუ გნებავთ ინტუიტიური წინასწარმეტყველება. ცოტა ლელა კაკულიას კონკურენციის მეშინია, მაგრამ ჩიტი ბრდღვნად ღირს.

ბოლოს კი, მხიარულ ნოტაზე რომ დავამთავრო – ამიერიდან ჩემს თვლას ერიდეთ, ვისაც მოსარიდებლად გაქვთ საქმე. თორემ, დავითვლი და ბახ!