მინდა შევქმნა რაიმე ღირებული

მინდა შევქმნა რაიმე ღირებული

მინდა შევქმნა რაიმე ღირებული

ჩემი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდის გარდა (როცა თანამემამულე დახრჩობას გადავრჩინე და კიდევ რამდენიმე), რთული გასახსენებელია, გამიკეთებია ან შემიქმნია თუ არა რაიმე ღირებული. მათ შორის, ჩემი ცოტაოდენი უნარი. ვფიქრობ, რომ სიმაღლის გარდა მისითაც გამოვირჩევი. ის მუდამ ნაკლებ ღირებული და არასაჭირო რაიმეების შექმნას ემსახურებოდა. მოკლედ, ღამით რომ გამაღვიძონ და მკითხონ – შემიქმნია თუ არა რაიმე ღირებული, ვუპასუხებ, რომ არა.
აქ მინდა წარმომიდგინოთ მასწავლებლის ამპულაში, რომელმაც ეს ყველაფერი მოსწავლეებს მოუყვა.
– მას, მას, რა არის რაიმე ღირებული? – იკითხეს ბავშვებმა.
– ღირებულია ყველაფერი, რაც სამყაროს მშენებლობას 1,2 კილოგრამიან აგურს შემატებს – ვპასუხობ მე.
ბავშვები პასუხით კმაყოფილდებიან და შუბლზე ეწერებათ ფიქრები.

მინდა შევქმნა რაიმე ღირებულ

ვინ მოთვლის (ალბათ ვერავინ) რამდენი დღე გამიტარებია დარდსა და ფიქრში. ხსენებული ეპიზოდების დროს მუდამ ვბრაზობდი ჩემ თავზე. ვუსვამდი უამრავ კითხვას და ვცდილობდი, გამომერკვია ჩემი ადგილი სამყაროში. ამ ყველაფრის გააზრება მთლიანად მავსებდა რაიმე ღირებულის შექმნის სურვილით. შემდეგ წარმოვიდგენდი მკაფიო გზას, რომელზე სიარულითაც ავასრულებდი ამ ყველაფერს და მეც ვიწყებდი ხეტიალს. თუ არ ვცდები, სამწუხაროდ, თითქმის არასდროს გამივლია ამ გზის დიდი მონაკვეთი. ეს იყო ერთგვარი ცივი ომი ჩემ თავთან, რომელიც ზაფხულობით ცხელ ომში გადაიზრდებოდა ხოლმე.

ზუსტად ასე მოხდა „მკვდარი პოეტების საზოგადოების“ ყურებისას – აიპოდში სასწრაფოდ ჩავიწერე ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ცნობილი ნაწილი, მისი მოსმენისას თვრამეტჯერ მაინც გავიმეორე „დაიჭირე წამი“ და გავუდექი გზას.

მინდა შევქმნა რაიმე ღირებული
ბევრჯერ (ალბათ 10-15-ჯერ მაინც) მითქვამს, რომ ცხოვრება საოცარი რამაა. ხშირად მოულოდნელი საჩუქრები მოაქვს და საკმაოდ მადლიერი ვარ მისი. მათ შორის დაუმსახურებელიც ყოფილა და დამსახურებულიც. საჩუქრების მიღებისას ვგრძნობდი მათ იდეას – რაღაცას უნდა მივმხვდარიყავი. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, შევეცადე ყველა მათგანი შემეგროვებინა, ერთ მთლიანობად შემეკრა და მენახა, რა გამოვიდოდა (სამწუხაროდ, ნანახმა მთელი მსოფლიო არ გააოცა). ჩემი აზრით, ეს იყო ერთგვარი დავალება, რომ 20 წლის ასაკში მართლა შევქმნა რაიმე ღირებული. სექტემბერში 21 წლის გავხდები, ამიტომ ჯერჯერობით დრო მაქვს.

ახლა განსაკუთრებულად ვგრძნობ რა მინდა და რა არ მინდა. ვხვდები, მხოლოდ მაშინ გამომივა რაიმე ღირებულის შექმნა, თუ მათ გავყვები. ასე რომ, ამას ვცდი!