კინო, რომელიც კვალს ტოვებს

კინო, რომელიც კვალს ტოვებს

კინო, რომელიც კვალს ტოვებს

“ნებისმიერ სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ძვირია კულტურული პროექტების დაფინანსება, მაგრამ უფრო ძვირი ჯდება ისეთი რაღაცეების პრევენცია, რაც უკულტურობას მოაქვს” – სრულიად ვეთანხმები ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის დირექტორის, პაველ პოტორიჩინის ამ მოსაზრებას.

საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი უკვე მეორე წელია საქართველოს 110 სოფლის 200 საჯარო სკოლაში წარმატებით ახორციელებს პროექტს „კინო სკოლაში“.

უნდა ვაღიარო, პროექტში მონაწილე სოფლების უმრავლესობის სახელწოდება აქამდე გაგონილიც კი არ მქონდა. მაგალითად: ცერონისი და ტეზრაშიდა ქართლში; კლდე – სამცხე-ჯავახეთში; ჟებოტა– მცხეთა-მთიანეთში;  მუჟალი და ნაკრა – სვანეთის სოფლები ყოფილა და არ ვიცოდი; ახო და გეგელიძეები – ზემო აჭარაში; კორბოული და ზოდი – საჩხერის რაიონში. საინტერესო სახელწოდებები ჰქონიათ სოფლებს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში: ღვირიში, ლასურიაში, ლაჯანა.  პროექტმა “კინო სკოლებში” პანკისის ხეობის სოფლებიც ‘დაიპყრო’: დუისი, ბირკიანი, ჯოყოლო. მოკლედ, ამ და კიდევ მრავალ სხვა სოფელში ბავშვებს კინოს შესახებ ესაუბრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში სკოლებში იმართება ქართული და მსოფლიო შედევრების, როგორც კინოკლასიკის, ასევე თანამედროვე მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩვენებები. სპეციალურად შერჩეული კინოსპეციალისტები, ე.წ. კინომისიონერები, ეხმარებიან ბავშვებს გააანალიზონ ფილმები, ჩაერთონ დისკუსიებში, დახატონ ფილმის პოსტერები, გადაიღონ სამოყვარულო ფილმები და უბრალოდ, გამოხატონ საკუთარი აზრი ყოველი კინოსეანსის შემდეგ.

კინოჩვენებისთვის განკუთვნილი ფილმები შერჩეულია კინომცოდნეების, განათლების ექსპერტების და ბავშვთა ფსიქოლოგების მიერ სამიზნე ჯგუფის ინტერესების, სააზროვნო უნარების, ასაკისა და ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით.

კინო, რომელიც კვალს ტოვებს

საოცარია ბავშვების რეაქცია, როდესაც სხვადასხვა ჟანრის ფილმებს უყურებენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, მაგალითად, ჩარლი ჩაპლინს პირველად ხედავენ, ან ფედერიკო ფელინის “გზა”-ს უყურებენ. ემოციურია ფრანსუა ტრიუფოს “400 დარტყმა” და სიცილი არ წყდება, როდესაც თენგიზ აბულაძის ფილმის “ნატვრის ხე”-ს პერსონაჟი იორამი მატარებლის ვაგონებივით გადაბმულ ბავშვებს რევოლუციის აუცილებლობაზე ესაუბრება.

პროექტის უნიკალურობა იმაშიც გამოიხატება, რომ ზაფხულში, არდადეგების პერიოდში, რამდენიმე მაღალმთიან სოფელში ზაფხულის კინოჩვენებები იმართება – იქ, სადაც ტრანსპორტით გადაადგილება ზამთარში სახიფათოა და პრაქტიკულად შეუძლებელი. კინომისიონერები დროებით საცხოვრებლად გადადიან იმ სოფლებში,  სადაც ბავშვებს ფილმები უნდა აჩვენონ.

არასოდეს დამავიწყდება ერთ-ერთი კინოსკოლელის ფრაზა: „უთენია, დილის 6 საათზე სათიბში წავედი, რომ დედას ნება დაერთო და კინოჩვენება არ გამეცდინა“. ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი ბავშვის ცხოვრების რიტმი შეცვალა ამ პროქტმა.

დეკემბერის დასაწყისში, ფილარმონიის დარბაზში პროექტის “კინო სკოლაში” დახურვის ცერემონიალი გაიმართა. არაჩვეულებრივი სანახაობა იყო, რადგან ამ ღონისძიებას საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული 2000 ბავშვი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც არათუ დედაქალაქში, საკუთარი რეგიონის რაიონულ ცენტრშიც კი არასოდეს ყოფილან. ეს მათთვის მართლაც დღესასწაული იყო. ვუყურებდი და მიხაროდა ამდენი გაბრწყინებული თვალის ერთად დანახვა.

ეს ის თაობაა, რომელმაც მომავალი უნდა შექმნას და ბევრი კულტურული ღონისძიება განახორციელოს. სულაც არ არის აუცილებელი ყველამ კინოინდუსტრიაში დაიწყოს მოღვაწეობა. მათ უკვე  ჰქონდათ შეხება იმ ჯადოსნურ სამყაროსთან, რომელსაც კინო ჰქვია და მათ ცხოვრებაში პროექტმა “კინო სკოლაში” გარკვეული კვალი უკვე დატოვა.

კინო, რომელიც კვალს ტოვებს