კამერა – ჩვენი მეგობარი თუ დაუძინებელი მტერი?

კამერა – ჩვენი მეგობარი თუ დაუძინებელი მტერი?

კამერა - ჩვენი მეგობარი თუ დაუძინებელი მტერი?

 

ბათუმი… გარეთ წვიმს, დროა პოსტის შექმნას შევუდგე… თემა: კამერა – ჩვენი მეგობარი თუ დაუძინებელი მტერი?

ჩაწერის დროს ნერვიულობა, სიტყვების შეცდომით გამოთქმა ან თუნდაც ხანგრძლივი პაუზები, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა არ იცის რაზე საუბრობს ან კარგად ვერ ერკვევა საკითხში – ეს ხშირად უბრალოდ იმის ნიშანია, რომ ის კომფორტულად არ გრძნობს თავს კამერის წინ და ჩაწერის პროცესი მისთვის ძალიან დამაბნეველია. უკვე ეთერში გასული კომენტარის ხილვისას, ბევრი ჩვენგანი კარგად ხედავს იმ ხარვეზებს, რომელთა გამოსწორებაც აუცილებელია იდეალური შედეგის მისაღწევად. როგორც ყველაფერს, კამერასთან ურთიერთობასაც საკმაო გამოცდილება და საკუთარ თავზე დიდი მუშაობა სჭირდება.

საინტერესოა, რას გვირჩევენ კამერასთან ურთიერთობაში გამოცდილი ადამიანები იმისათვის, რომ ჩვენმა გამოსვლებმა ყველას მოწონება დაიმსახუროს და საბოლოო ჯამში, სიამაყის შეგრძნება დაგვიტოვოს.

1. უცნაურია, მაგრამ პირველ წესად შესაძლებელია დავასახელოთ წყლის რაც შეიძლება ხშირი მოხმარება. როგორც ამბობენ, კამერასთან ურთიერთობის დროს პირი არ უნდა იყოს გამომშრალი, ეს ხელს შეგიშლით. თუმცა გაითვალიწინეთ, წყლის დალევა უშუალოდ ჩაწერის წინ რეკომენდებული არ არის. მისი დიდი რაოდენობით მიღება კარგად აისახება თქვენს ზოგად ვიზუალზე: კანის ხარისხზე, თმაზე… როდესაც კარგად გამოიყურებით, ხდებით გაცილებით თავდაჯერებული და ჩანაწერიც კარგი გამოდის, თუმცა ეს უკვე შემდეგი რჩევის თემაა.

2. ყურადღებით შეარჩიეთ თქვენი ტანისამოსი. ტელევიზიას ფერებთან მიმართებაში თავისი წესები გააჩნია – არ ჩაიცვათ ძალიან მუქ, თეთრ და წითელ ფერებში, უარი თქვით ზოლებზე და ძალიან დიდ ორნამენტებზე. არჩევანი შეაჩერეთ მშვიდ, ნეიტრალურ ფერებზე. არ დაიტვირთოთ ზედმეტი სამკაულებით. ტანისამოსი უნდა იყოს მოსახერხებელი და შეესაბამებოდეს თქვენს პიროვნებას ( ეს თქვენი თავის გამოხატვის კარგი საშუალებაა), ასევე მნიშვნელოვანია გამოსვლის ტიპიც, აქედან გამომდინარე, არჩევანი უნდა შეაჩეროთ ან უფრო მეტად ფორმალურ ან შედარებით ყოველდღიურ ტანისამოსზე. თუ თქვენ თვლით, რომ კარგად გამოიყურებით, თავდაჯერებულობაც და საჭირო სიტყვებიც აუცილებლად მოვა.

3. მისდიეთ ბებიების და დედების რჩევას – წელში გაიმართეთ! კამერა აფიქსირებს ყველაფერს. კომენტარის გაკეთებისას მხოლოდ თქვენ ხართ კადრში და მაყურებლის ყურადღების ცენტრში, შესაბამისად, დგომის მანერაც აუცილებლად გასათვალისწინებლია.

4. ჩვეულებრივ, საუბრის დროს ვერ ვამჩნევთ ჩვენი საუბრის თავისებურებებს. სხეულის ენა ყველასთან განსახვებულია, ზოგი თავის სათქმელს აქტიურად გამოხატავს სხვადასხვა ჟესტის გამოყენებით ან მიმიკით სახეზე. მაგალითად, მე ზუსტად ვიცი, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო მაქვს ჩასატარებელი მიმიკების გაკონტროლების მხრივ. ეს ის მინუსია, რომელიც ჩემი კომენტარის ნახვისას აღმოვაჩინე და აქტიურად ვებრძვი. დააკვირდით თქვენს საუბარს ჩანაწერებში ან თუნდაც სარკის წინ, ეცადეთ იმ ხარვეზების გამოსწორებას, რომლებიც, თქვენი აზრით, არ ჩანს მიმზიდველად ეკრანზე.

5. მთავარი სათქმელი უნდა ითქვას თავდაჯერებულად და მოკლედ. ხანგრძლივი კომენტარის გაკეთებას არ აქვს არანაირი აზრი, მას მაინც ამოჭრიან და შესაძლებელია, მნიშვნელოვანი მონაკვეთიც მიაყოლონ ზედ. გამომდინარე აქედან, გონებაში წინასწარ ჩამოაყალიბეთ ძირითადი სათქმელი თეზისების სახით, რაც შეიძლება მოკლედ. ისაუბრეთ თავდაჯერებულად, დაარწმუნეთ მსმენელი, რომ იცით რაზეც საუბრობთ და მიაწოდეთ მხოლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შედეგად, თქვენს კომპეტენციაში ეჭვი აღარავის შეეპარება.

6. აკონტროლეთ თქვენი ხმა და საუბრის ტემპი. ნუ ითამაშებთ კამერის წინ, იყავით ბუნებრივები, დაიმახსოვრეთ კამერა თქვენი უახლოესი მეგობარია, რომელსაც საინტერესო ამბავს უყვებით, ეს სათქმელი კი ძალიან სწრაფად ან პირიქით ნელა არ უნდა ითქვას. იზრუნეთ იმაზე, რომ მსმენელისთვის გასაგები იყოს თქვენი აზრი. არ დაგავიწყდეთ ღიმილი, გულწრფელი და არა ხელოვნური.

7. არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ დადგეთ კამერის წინ აღელვებული. გააკეთეთ ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია იმისთვის, რომ დამშვიდდეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ კამერის ჩართვამდე და არც მისი ჩართვის შემდეგ დაგავიწყდეთ მშვიდად სუნთქვა.