გაყალბებული სტატისტიკა

გაყალბებული სტატისტიკა

გაყალბებული სტატისტიკა

2015 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, „ქართველი სპეციალისტების კვლევების ინსტიტუტის“ მიერ ჩატარდა სპეციალური გამოკითხვა, რომლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებმა და მოღვაწე პიარისა და მარკეტინგის მენეჯერებმა, ბრენდინგისა და რეკლამის სპეციალისტებმა, მედიაგანთავსებისა და ციფრული კომუნიკაციის სფეროს წარმომადგენლებმა (ჯამში 667 რესპოდენტი) უპასუხეს კვლევითი ორგანიზაციის კითხვებს, რომლის მიზანიც იყო, მარკეტინგსა და მარკეტინგული კომუნიკაციაში დასაქმებული პროფესიონალების (შემდგომში „დარგის სპეციალისტები“) ზოგადი ცოდნისა და კომპეტენციის დადგენა, ტერმინების სწორად წარმოთქმისა და გამოყენების, საქმიანი შეხვედრების, ასევე დოკუმენტების მომზადების დროს ხშირად გამოყენებადი სიტყვების დადგენა. კვლევამ საინტერესო მონაცემები მოგვცა, საიდანაც მიგნებების მხოლოდ მცირე ნაწილს გთავაზობთ მოცემულ სტატიაში:

• გაირკვა, რომ დარგის სპეციალისტების 14.4%-ის აზრით, საზოგადოებასთან ურთიერთობა და პიარი არ არის საქმიანობის ერთი და იგივე დარგი. 67.3% მიიჩნევს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა არასწორი თარგმანია, ხოლო დანარჩენი. ნაწილი საერთოდ თვლის, რომ პიარი კი არა – ფიარია სწორი ფორმა.
• გამოკითხულთა 97%, როდესაც იყენებს ტერმინს “მარკეტინგი”, სინამდვილეში გულისხმობს მარკეტინგულ კომუნიკაციას.
• კვლევის თანახმად, დარგის სპეციალისტების 57%-ს მიაჩნია, რომ პიარი კარგი რეკლამაა, ხოლო 43%-ს პირიქით მიაჩნია.
• აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ სპეციალისტთა 82% თვლის, ფლეისმენთი მარტო სერიალებშია.
• ერთმა სპეციალისტმა კითხვაზე, თუ მარკეტინგული კომუნიკაციის რომელი ინსტრუმენტებია ყველაზე ახლოს ერთმანეთთან, განაცხადა, რომ პრომოუშენი და პრომო მასალები ბიძაშვილები არიან.
• კვლევამ გამოავლინა, რომ დარგის სპეციალისტების 77%-ის აზრით, “ბრენდირება” ჯადოსნური სიტყვაა, რომელიც ნებისმიერ წინადადებაში ჩაგდებით გამოასწორებს და გაამრავალფეროვნებს ტექსტს.
• ყველა გამოკითხული, ერთხმად აღნიშნავს, რომ ბრენდის მოტო ჯობია ბრენდის არსს, ხოლო ორივეს სჯობს ბრენდის დაპირება.
• დარგის სპეციალისტების 43%-ის აზრით, ბრიფინგი იგივე პრესკონფერენციაა, უბრალოდ მოკლედ ითქმის და თუ გეჩქარება ეს სიტყვა უნდა გამოიყენო. დანარჩენი 57% კი დარწმუნებულია, რომ პრესკონფერენციის სათქმელად ნამდვილ პროფესიონალს დრო ყოველთვის უნდა ჰქონდეს.
• გამოკითხულთა 2% მიიჩნევს, რომ ნეიროლინგვისტური პროგრამირება ძალიან მაგარია.
• კვლევამ გამოავლინა, რომ ტერმინ “მაღალრეიტინგულის” თქმის დროს თვალები ოდნავ მაღლა უნდა აწიო და წამწამები უფრო სწრაფად დააფახულო, რაც ნათქვამს მეტად დამაჯერებელს ხდის. ამ მოსაზრებას დარგის სპეცილისტების 98% იზიარებს.
• არც ერთი გამოკითხული არ თვლის, რომ პორტალი არის კანტორა, სადაც კლიპებს იღებენ, დიზაინს აკეთებენ და ვებგვერდს მართავენ.
• კვლევამ გამოვლინა საკმაოდ საინტერესო ტენდენდცია, რომლის თანახმადაც ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია კარგია, მაგრამ საქართველოსთვის ჯერ ადრეა. ამ მოსაზრებას დარგის სპეციალისტების 67% იზიარებს.
• დარგის სპეციალისტების 41%-ის აზრით კომპანია არაა კამპანია, მაგრამ კამპანია შეიძლება იყოს კომპანია. დანარჩენი პირიქით თვლის.
• დაბოლოს, დარგის სპეციალისტების 99.9% მიიჩნევს, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არც ქველმოქმედებაა, არც სპონსორობა და არც ბიზნესეთიკის პრინციპების დანერგვა ორგანიზაციაში. გამოკითხულთა 0.1%-მა კი იცის რაც არის სინამდვილეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა