ეს იყო ახალი შესაძლებლობების წელი, როცა გაურკვეველი გარემოს და ბაზრის არასტაბილურობის ფონზე, ჩვენ მაინც შევძელით და გავიზარდეთ

ეს იყო ახალი შესაძლებლობების წელი, როცა გაურკვეველი გარემოს და ბაზრის არასტაბილურობის ფონზე, ჩვენ მაინც შევძელით და გავიზარდეთ

ჯეპრას პარტნიორი, კახა მაღრაძე 2019 წელს აფასებს. 

როგორი იყო შენთვის 2019 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?

ეს იყო, ალბათ, ახალი შესაძლებლობების წელი, როცა გაურკვეველი გარემოს და ბაზრის არასტაბილურობის ფონზე, ჩვენ მაინც შევძელით და გავიზარდეთ. ალბათ ეს იყო მთავარი გამოსარჩევი 2019 წელს და კიდევ ის გარემოება, რომ უაღრესად  უარყოფითი საინფორმაციო ფონის მიუხედავად, ჩვენ მაინც შევძელით და ჩვენი კლიენტების სათქმელი მეტ-ნაკლები წარმატებით მივიტანეთ მათ აუდიტორიასთან.

შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის და ისეთი პროექტები, რომლებმაც უკეთესობისკენ შეგცვალა და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე?

ჩემი აზრით, გამორჩეული იყო #ქალაქიხასიათით, რომელიც ბორჯომთან ერთად გავაკეთეთ და რკინიგზის საკომუნიკაციო აუდიტის პროექტი, რომლებმაც მნიშვნელოვანი გამოცდილება მოგვიტანა. პირველ შემთხვევაში ინფლუენსერების რეალური გამოყენება ვისწავლეთ კომუნიკაციაში, ხოლო მეორე პროექტი კომპლექსური კვლევისა და ანალიზის მხრივ იყო საინტერესო.

რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?

სფეროს გაქართულების და ტერმინოლოგიის ბანკის შექმნის პროექტი მეგონა დასრულდებოდა, ან შორს წავიდოდა, თუმცა საკმაოდ გაგვეწელა მუშაობა და ჯერ ნახევარ გზაზეც არ მივსულვართ. აქაც 2020 წლის იმედი მაქვს.

ჯეპრას 2019 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედებზე დაგეგემეთ?

ადამიანური რესურსების მართვის კუთხით წინ წავიწიეთ, თუმცა წლის დასაწყისში რაც დავისახეთ მიზნად, ის ვერ შევასრულეთ და იმედია ეს წელი მაინც მოგვცემს როგორც კომპეტენციის ზღვარის განსაზღვრის, ასევე ახალ სახელფასო სისტემაზე გადასვლის საშუალებას, რაც ჩვენი მოტივაციის პროგრამის მთავარი შემადგენელი კომპონენტი იქნება.

რა გეგმები გაქვს 2020 წელს? რაზე აპირებ აქცენტს გაკეთებას? რის შეცვლა გსურს? რის გაუმჯობესება?

მინდა რაც 2019 წელს ვერ მოვასწარი, ის საქმეები დავასრულო.

როგორი იყო 2019 წელი და როგორი იქნება 2020 პიარინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?

სამწუხაროდ, ჩვენი სფერო ბოლო წლებში ვერ ვითარდება სათანადოდ და მეტიც, კარგავს პოზიციებს, ციფრული კომუნიკაციის და მარკეტინგული კომუნიკაციის სხვა ინსტრუმენტების სასარგებლოდ. სულ უფრო ვიწროვდება საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციები და ამას ემატება ნეგატიური კონტენტის ზრდა მედია და ინტერნეტსივრცეებში, რაც პოლიტიკას უკავშირდება. შესაბამისად პიარი არც თუ ისე პოზიტიურ საქმიანობად ითვლება.