დიალოგის ფსიქოლოგია (ნაწილი I)

დიალოგის ფსიქოლოგია (ნაწილი I)

დიალოგის ფსიქოლოგია (ნაწილი I)

 

როგორია, როცა გსურს, ორი ისეთი მხარე ერთად დასვა და ალაპარაკო, რომელმაც ერთმანეთის შესახებ წესიერად არაფერი იცის და ერთმანეთთან სისხლიანი წარსული აკავშირებს? 29 წლის სოციალური ანთროპოლოგიის მეცნიერების მიმდევარ ელენა რუსოს სწორედ ასეთი ამოცანა ჰქონდა დასახული. მეტიც, მისი მიზანი ამ ჯგუფების საერთო საქმეში ჩართვა და თანამშრომლობა იყო. ელენას წყალობით, ახლა ქართულ-აფხაზური ჯგუფი ერთმანეთთან ვმეგობრობთ და დოკუმენტურ ფილმზე ვმუშაობთ. მის მიერ შემოთავაზებული დიალოგის ფსიქოლოგია ამართლებს. მაშ ასე, იტალია, ტოსკანა, სოფელი რონდინე.

Rondine – Cittadella della Pace არის ორგანიზაცია, რომელიც COBERM-თან ერთად, ახორციელებს პროექტს Lifes@Screens. მის ფარგლებში, აფხაზი და ქართველი ახალგაზრდები დოკუმენტურ ფილმს ვიღებთ. წარმოიდგინეთ, რამხელა შანსია ეს ჩემისთანა ადამიანისთვის, რომელსაც ამდენი წელია სურს, პირადად გაესაუბროს აფხაზ მოსახლეობას და გაიგოს მათი აზრი ბევრ რამეზე.

ტრეინინგზე გამგზავრებამდე გამაფრთხილეს, რომ პროექტი არ ეხება იმის მტკიცებას, ვისია აფხაზეთი. მართალია: ეს პრობლემა ისედაც საკმარისზე მეტი ხანია გაყინულია და „აფხაზეთი საქართველოა“-ს ძახილს 24 წელია, არანაირი შედეგი მოაქვს.

რონდინეში მოლოდინების გარეშე ჩავედი, რადგან წარმოდგენაც არ მქონდა, როგორი სტუმრები ჩამოვიდოდნენ აფხაზეთიდან. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ვიქნებოდი ის, რაც ყოველთვის ვარ – სასიამოვნოდ გიჟი.  მშვენიერი ახალგაზრდები ჩამოვიდნენ, ლამაზები და კომუნიკაბელურები. თუმცა შეგუებისა და ე.წ. ყინულის მტვრევის პროცესს მაინც რამდენიმე დღე დასჭირდა. პროექტის ხელმძღვანელთანაც ბევრი პრეტენზია დაგვიგროვდა, რადგანაც ხანდახან ძალიან ბავშვებივით გვექცეოდა. თუმცა ორ დღეში ყველაფერი დალაგდა და ნელ-ნელა მივხვდი, რომ ეს შეგუება-მორგების სტანდარტული პროცესი იყო.

დიალოგის ფსიქოლოგია (ნაწილი I)
დროთა განმავლობაში უკანა პლანზე გადავიდა გამყოფი შეგრძნებები და უფრო მეტი ყურადღება მივაქციეთ იმას, რაც გვაერთიანებს. თუმცა ეს ბუნებრივად და, გარკვეულწილად, გაუცნობიერებლად მოხდა. საბოლოო ჯამში, ყველანი ხომ ადამიანები ვართ და როცა ერთ სივრცეში ვექცევით, რაღაც დონეზე ვიცნობთ ერთმანეთს და გარკვეული წარმოდგენები გვიყალიბდება, დიალოგიც დგება.

მიუხედავად ამისა, არც ის გვავიწყდება, რომ სიტუაციას ორივე სხვადასხვა კუთხით ვუყურებთ. ჩვენთვის აფხაზეთი საქართველოს ისტორიული ნაწილია, მათთვის – დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც იბრძვის თავის გატანისა და აღიარებისთვის, საქართველო კი ხელისშემშლელია. საბედნიეროდ, ამ თემებზე ასე ყოვლისმომცველად არ გვისაუბრია, თუმცა ერთი ერთში რამდენჯერმე განვიხილეთ ეს თემა სრულიად მშვიდად, და მათაც ასევე. აგრესიისა და სენტიმენტების გარეშე. ვთვლი, რომ სენტიმენტებიც ისეთივე ზედმეტია ასეთ დროს, როგორც აგრესია. რადგან, როგორც თავის დროზე აშშ-ის სენატორმა ჰაირიმ ჯონსონმა თქვა, „ომის პირველი მსხვერპლი სიმართლეა.“

ჩვენ ორი სიმართლე გვაქვს და არ ვიცით, როგორია ნამდვილი სიმართლე. ამაზე პირად საუბრებში შევჯერდით, რომ ორივე მხარე რაღაც საკითხებში აჭარბებს. ესეც ბუნებრივი თემაა. საქმე ის არის, რომ ქართულ მხარეს ეს ნაკლებად სჭირდება, რადგან, აფხაზეთთან შედარებით, ნაკლები აქვს დასაკარგი.

ტრეინინგის ერთი დღე თავისუფალი გვქონდა და ულამაზეს არეცოში წავედით. ქალაქში სახეტიალოდ პატარ-პატარა ჯგუფებად დავიყავით, ოღონდ არა წარმომავლობის, არამედ ინტერესების მიხედვით. ასე აღმოვჩნდით კატია და მე ერთად. ორივეს ხელოვნება გვიყვარს და ზუსტად ვიცოდით, რომელი ადგილები უნდა მოგვენახულებინა. 12 ევროდ შემოვიარეთ ერთი ციცქნა ქალაქის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ტაძარი და მუზეუმი და მეტიც გავიგეთ ერთმანეთზე. მეტსაც გეტყვით, ერთ-ერთი მუზეუმის შთაბეჭდილების წიგნში ჩანაწერს ბოლოს დავუმატე Georgia & Abkhazia. რამდენიმე წამს ვორჭოფობდი &-სა და +-ს შორის, მაგრამ “და” კავშირი დავწერე, რადგან იმ ადამიანის ინტერესებს ვეცი პატივი, ვინც მახლდა. მას საერთოდ არ დაუნახავს ეს, მაგრამ საკუთარ თავთან ვიყავი მართალი. იმიტომ, რომ, როგორც ჩემს პირად ბლოგზე დავწერე, სახელმწიფოები თუ არა, ადამიანები მაინც შერიგდებიან. ამის იმედი მაქვს.

დიალოგის ფსიქოლოგია (ნაწილი I)

ყველაზე მძიმე და დიდი ცვლილებების დღე მქოდა მაშინ, როცა ერთი, არც თუ კომფორტული სავარჯიშო გავაკეთეთ. ერთმანეთის უკან დომინოს პრინციპით დაგვაყენეს, ჩვენს ქვეშ ხაზი იყო გავლებული. როცა ტრეინინგის წარმმართველი ტექსტს გვიჩვენებდა, თუკი ვეთანხმებოდით, ერთი ნაბიჯი მარცხნივ უნდა გადაგვედგა, თუ ვეწინააღმდეგებოდით – მარჯვნივ. ყველა ტექსტი, რა თქმა უნდა, ჩვენს კონფლიქტს ეხებოდა და ხან ხაზის ერთ მხარეს აღმოვჩნდებოდით ყველანი, ხან – გაფანტულად. მაგრამ ერთადერთ შემთხვევაში დაფიქსირდა ის, რამაც მე შოკში ჩამაგდო. ტექსტი დაახლოებით ასე ჟღერდა: მე ვაცნობიერებ, რომ ჩემმა მხარემ ამ ომში დაუშვა შეცდომა. მოვიხედე და ყველა ქართველი ვდგავართ თანხმობის მხარეს და ყველა აფხაზი – ხაზს იქით. ანუ მათი აზრით, ეს ომი არ იყო შეცდომა იმიტომ, რომ მათ ამით დამოუკიდებლობა მოიპოვეს და, რა თქმა უნდა, არანაირი ომი არ უღირთ მის დათმობად. თუმცა თქვეს, რომ შეცდომები, ბუნებრივია იყო…

ბოლო დღეები ამ მხრივ ცოტა გაგვიმწვავდა, რადგან ადამიანურ ფაქტორებს ის თემები დაემატა, რაც ერთმანეთს გვაშორებს. ერთმანეთს არეცოში, მატარებლის სადგურთან დავემშვიდობეთ და გულთბილად გადავეხვიეთ. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ჩვენ მაინც ომისშემდგომი თაობა ვართ, რომელმაც ყველაფერი გადმოცემით იცის. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარეს ყველა ასე არ ფიქრობს, მე მაინც იმედს ვიტოვებ, რადგან ამის საფუძველი გამიჩნდა.

მომავალი შეხვედრა სომხეთში გვაქვს და მის შედეგებსაც აუცილბლად გაცნობებთ.