დასვით კითხვები!

დასვით კითხვები!

რამდენად ხშირად სვამთ კითხვებს? არა მხოლოდ სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის. ვგულისხმობ, ისეთ კითხვებს, რომლებიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში, შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრაში, ახალი იდეების მოფიქრებაში, წინსვლაში…

ადრე, ცალსახად ამაზე ყურადღება არ გამიმახვილებია, მაგრამ, როდესაც რაიმე საკითხზე ვფიქრობ, ერთი კითხვის დასმაც კი მეხმარება, რომ ქაოტური ფიქრები ერთი მიმართულებით წარვმართო – მაგ. რატომ ვაკეთებ ამას? რისი მიღწევა მინდა? რა შედეგს მივიღებ? რა უფრო პრიორიტეტულია ჩემთვის, ეს თუ ის? რა მომწონს ჩემში, რათა უფრო დავაფასო საკუთარი თავი? და ა.შ.

ჯეპრაში სტაჟირების დასაწყისში, აქტიურად დავიწყეთ წიგნების კითხვა და მსჯელობა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბიზნეს მოდელის შექმნა, ლურჯი ოკეანის აღმოჩენა, მომხმარებლის პროფილის მიხედვით სწორი ფასეული შეთავაზების ფორმირება და სხვა. ყოველი თემის განხილვისას სოსო ინტერესდებოდა, რა კითხვებზე ვცემდით პასუხს თითოეული დავალების შესრულებისას, როგორ მივდიოდით საბოლოო შედეგამდე და გვთხოვდა, ამოგვეწერა ყველა კითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც იყო საჭირო. დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ეს ნამდვილად ეფექტურია. ბევრად უფრო მარტივია, იპოვო სწორი პასუხი, როდესაც იცი რას გეკითხებიან და რას მოელიან შენგან.

შეიძლება იფიქროთ, რომ ახალს არაფერს ვამბობ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ხომ ალაპარაკებისთანავე კითხვების დასმას ვიწყებთ. 2-5 წლამდე ბავშვები საშუალოდ 40 ათას კითხვას სვამენ. ცუდი ისაა, რომ ასაკის მატებასთან ერთად კითხვების რაოდენობა მცირდება, განსაკუთრებით კი ისეთების, რომლებსაც საკუთარ თავს დავუსვამთ. როგორც ჩანს, ჩვენ ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სწორი პასუხის ქონას, ნაკლებად ვფოკუსირდებით უშუალოდ პოვნის პროცესზე და ისეთი კითხვების დასმაზე, რომლებიც უკეთესი პასუხის აღმოჩენაში დაგვეხმარება. ამასთან, სწორი კითხვების დასმა არც ისე მარტივია.

კითხვის დასმა პირველი ნაბიჯია. შესაძლოა, მაშინვე ვერც გავცეთ პასუხი რამეს, მაგრამ არაუშავს, დრო მივცეთ საკუთარ თავს, უფრო ჩავუღრმავდეთ საკითხს: დავსვათ დეტალური კითხვები, ვიფიქროთ და მივიდეთ დასკვნამდე. პასუხიდან გამომდინარე უნდა დავისახოთ მიზნები, ხოლო მიზნამდე მისასვლელი გზა გავწეროთ ამოცანებად, როგორც პროექტზე მუშაობისას. უფრო ეფექტური იქნება, თუ დედლაინებსაც დავაწესებთ, რათა ბიძგი მივცეთ საკუთარ თავს და ავჩქარდეთ.

საკუთარ თავს ორი მიმართულებით: კარიერულ და პიროვნულ საკითხებზე ვუსვამ კითხვებს, რადგანაც ამ ეტაპზე ესაა ჩემი პრიორიტეტი. მაგალითად, რისი მიღწევა მინდა? რატომ? ვარ თუ არა ბედნიერი ჩემი საქმით? რამდენად ვარ მზად და მინდა თუ არა მთელი ცხოვრება ამ საქმეს მივუძღვნა?

მომდევნო ეტაპზე ვფიქრობ ბარიერებზე, იმაზე, თუ რა მიშლის ხელს მიზნის მიღწევაში – რა მაკლია მეტი წარმატებისთვის (რესურსი, თვისება, კომპეტენცია, უნარი, ცოდნა…).  რა არ მომწონს და რას შევცვლიდი, რათა ვიყო მეტად თავდაჯერებული? რა ქმედებებით ვაფერხებ საკუთარ თავს? რა გარეშე ფაქტორები მოქმედებს ჩემზე და მიზნამდე მისასვლელ გზაზე?

შემდეგ ვიწყებ კონკრეტული ამოცანების განსაზღვრას – როგორ ვიშორებ თავიდან ბარიერებს? პირველ რიგში, რა უნდა გავაკეთო? რისი გაკეთება შემიძლია ახლავე, დღეს, ხვალ, ყოველდღე, ყოველკვირა, რათა მივუახლოვდე საბოლოო მიზანს? ხომ არ მჭირდება ვინმეს დახმარება? როგორ მივიღო საჭირო ინფორმაცია/ცოდნა? როგორ გამოვიმუშავო საჭირო უნარი? როგორ შემიძლია ვისარგებლო უკვე არსებული სიტუაციით/მდგომარეობით? და ა.შ.

ყველა კითხვაზე პასუხის გაცემით დავინახავთ გამოსავალს და მივიღებთ ჩვენი პრობლემების გადაჭრის გზებსაც. თუ რაიმე საშუალებამ არ გაამართლა, მიზანზე ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ, არამედ სხვა პერსპექტივიდან შევხედოთ სიტუაციას და განსხვავებული რაკურსიდან დავსვათ კითხვები.

როგორც აინშტაინმა თქვა: „ყველაზე მნიშვნელოვანია, არასდროს შეწყვიტო კითხვების დასმა“.

ჰოდა, მეგობრებო, დასვით კითხვები!