დარწმუნებული ვარ, გამოცდას ღირსეულად ჩავაბარებთ

დარწმუნებული ვარ, გამოცდას ღირსეულად ჩავაბარებთ

ჯეპრას პარტნიორი, სოსო გალუმაშვილი 2018 წელს აფასებს. 

რთული წელი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გავაკეთეთ, ბევრ საკითხში საგრძნობლად წავიწიეთ წინ და ბევრი რამ გავაუმჯობესეთ, ტრანსფორმაციის პროცესით უკმაყოფილო ვარ. უფრო სწორად მისი ტემპით.

შეიძლება ეს ჩემი გადაჭარბებული, საკითხისადმი ზედმეტად ოპტიმისტური განწყობის ბრალია, შეიძლება ჩემი ხასიათისაც, რადგან სულ მეჩქარება და სულ მგონია რომ რაღაცას ვერ ვასწრებ.

შეგიძლია გამოყო 2018 წლის განსაკუთრებული პროექტები?

პიარსკოლის ტრანსფორმაცია და ახალი ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო. შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ 11 წლის იუბილე ღირსეულად აღვნიშნეთ და პიარსკოლის შემდეგი 10 წლიანი სტრატეგიული გეგმის სწორი მონახაზი გვაქვს და უნიკალური ფასეული შეთავაზებაც, რომლის კოპირებაც არამარტო ქართულ ბაზარზე, არამედ ზოგადად ძნელი იქნება.

პიარსკოლის ბიზნეს მოდელი ჩვენ პარტნიორებსაც გავაცანით. ქეჩამის ქსელის 8 ქვეყნის წარმომადგენელმა მაღალი შეფასება მისცეს  ჩვენს პროექტს და ბევრი მათგანი თავის ქვეყანაშიც ფიქრობს ანალოგიური სკოლების დაფუძნებას.

2018 წელი ჯეპრასთვის, როგორც ბაზრის ლიდერისთვის ბევრი რამის ხელახალი გააზრებისთვის მნიშვნელოვანი იყო.

ზაფხულის სტრატეგიულ შეხვედრაზე შევიმუშავეთ ბიზნესის განვითარების ახალი 5 წლიანი გეგმა და მკაფიოდ განვსაზღვრეთ მისია, რომელიც შემდგომი 10 წლიანი პერიოდის დრაივერი და მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს.

ახალი მისიის შესაბამისად ჩამოყალიბდა კორპორატიული პასუხისმგებლობის კონკრეტული მიმართულებები, სფეროები და ის პროექტები, რომლებსაც 2019-2024 წლების განმავლობაში განვახორციელებთ.

შარშან თავდაუზოგავად ვიშრომეთ და უკვე 2019 წელს, გამომცემლობა პალიტრა ელ-თან ერთად გამოვუშვებთ 4 ბიზნეს-ბესთსელერს და ამ მიმართულებას შემდეგ წლებშიც აქტიურად გავაძლიერებთ. მოლაპარაკებები გვაქვს ჰარვარდ ბიზნეს რევიუს ქართულ გამომცემლობასთან და ბიზნეს ლიტერატურის ქართველ თაყვანისმცემლებს, საინტერესო სერიის გამოცემით გავახარებთ. გვსურს, რომ 2022 წლისთვის, ჯეპრას 20 წლის იუბილეს მსოფლიოს 20 საუკეთესო ბესთსელერით შევხვდეთ.

წელსვე გვსურს დავაწესოთ ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია, რომელიც გრძელვადიან მიზნებს ემსახურება და ერთ-ერთი მათგანი ბიზნესისა და უნივერსიტეტების დაახლოებასა და თანამშრომლობის საფუძვლის ჩაყრას ითვალისწინებს. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საქართველოს 8 წამყვან უნივერსიტეტთან.

ტრანსფორმაციის პროცესის ნაწილი იყო და არის კომპეტენციის მოდელის შემოღება ჯეპრაში, რომელიც განსაზღვრავს თანამშრომლების ოპტიმალური კომპეტენციის დონეს და შესაბამისად ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს. ამ სისტემის ასამოქმედებლად დაინერგა და ფუნქციობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, სადაც წინასწარ განსაზღვრული პროგრამის მიხედვითა და კომპეტენციის მოდელის შესაბამისად ხდება თანამშრომელთა გადამზადება.

ჯეპრაში ჩამოვაყალიბეთ „წინსვლის ჯგუფი“, რომელიც მსოფლიოში წამყვან კომპანიებში დანერგილ ტექნოლოგიურ და მეთოდოლოგიურ სიახლეებს ეცნობა, აანალიზებს და ამზადებს ჯეპრაში დასანერგად. 2018-ში რამდენიმე სიახლე უკვე დაინერგა მათ შორის, პროქტების მართვის მოქნილი და თანამედროვე მოდელი TAM, მეთოდი, რომელიც გუნდის წევრების შესაძლებლობებისა და უნარების ეფექტიანად გამოყენებასა და გუნდურობის ეჯაილ პრინციპზეა დაფუძნებული.

როგორი იქნება 2019 წელი ჯეპრასა და პიარინდუსტრიისთვის?

ჯეპრასთვის ძალიან რთული და ქართული პიარინდუსტრიისთვის – მარტივი.

საგამოცდო წელი გვაქვს – ტესტებიც ჩასაბარებელი გვაქვს და საზოგადოებრივი გამოცდებიც,  უფრო სწორად, საჯარო გამოცდები.

წელს დავინახავთ, რამდენად მზად ვართ, მულტიკოლაბორაციული პროექტების განსახორციელებლად, პროექტების, სადაც უამრავი პარტნიორი, აქტიორი და მონაწილეა.

წელს გამოჩნდება, შევძლებთ თუ არა, რომ ნიკო ნიკოლაძის პრემია საუნივერსიტეტოდან ეროვნულ დონეზე ავიყვანოთ და 2020 წელს უკვე ეროვნული კონკურსი ჩავატაროთ.

წელს გამოჩნდება, შევძლებთ თუ არა საქართველოს უნივერსიტეტთან ღირსეულ თანამშრომლობას პიარინდუსტრიის ერთობლივი პლატფორმის მართვისა და გაძღოლის საკითხებში.

ბევრი მნიშვნელოვანი და არამნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს, რომელიც უკვე მხოლოდ ჩვენი და ჩვენი კლიენტების ურთიერთობას და პარტნიორობას არ ეხება და საჯარო ინტერესის საგანი ხდება.

დარწმუნებული ვარ, გამოცდას ღირსეულად ჩავაბარებთ.