COVID-19 დღეს… და მომავალი

COVID-19 დღეს… და მომავალი

უჩვეულო გარემოში მიწევს დღეს ბლოგპოსტის წერა,  სახლში ვმუშაობ. თან კერძებს ვამზადებ ბავშვებისთვის, თან პროექტების ადაპტაციას ვახდენ მიმდინარე მოვლენებთან, ვუყურებ სხვადასხვა საინფორმაციო პროგრამას, გადავდივარ არხიდან არხზე.  ფარდებში ატანს და ოთხს ათბობს გაზაფხულის მზის სხივები. ვიცი, რომ 21 აპრილამდე ამ გარემოში მომიწევს ცხოვრება, რადგან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.  არ ვიცი, რა შეიცვლება 21-ის შემდეგ.

დღეს 30 მარტია. გაზაფხულის მზიანი დღე. მსოფლიო ებრძვის COVID-19-ის პანდემიას.

ახალმა კორონავირუსმა „COVID-19“ მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო რიტმი და შესაბამისად – სამუშაო გარემო.  ჯანმრთელობის და ეკონომიკური კრიზისი დიდ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე და ერთადერთი, რაზეც ყველანი ვფიქრობთ, გადარჩენაა.  როცა პატარა ბავშვებს დახმარება სჭირდებათ, დედას და მამას უყურებენ და სთხოვენ კიდეც პრობლემების მოგვარებას. ამ კრიზისში ჩვენ მთავრობას და კომპანიის აღმასრულებელ მენეჯერებს ვუყურებთ, ალბათ შეშინებული თვალებით; არადა მათი მდგომარეობა შესაძლოა გაცილებით სტრესული იყოს, თუნდაც იმიტომ რომ სწორედ მათ შევყურებთ ახლა თვალებში, მათ ვთხოვთ სამოქმედო გეგმას, სტრატეგიას, კრიზისის მართვას. გამოდის, რომ  სწორედ ეს ხალხი უნდა იდგეს მოწოდების სიმაღლეზე, რომ ჩვენც არ დავყაროთ ფარ-ხმალი და „გადავრჩეთ“.  ვინ არიან ესენი? – მსოფლიო დონეზე – აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერები; ორგანიზაციებში? – დამფუძნებლები, დირექტორები, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და ა.შ. თუმცა უნდა გაცნობიეროთ, რომ ისინიც ვერაფერს გახდებიან თუ თითოეული ადამიანი არ იქნება პასუხისმგებლიანი მოქალაქე მისი ოჯახისთვის, ორგანიზაციისთვის, ქვეყნისთვის, მსოფლიოსთვის, მათ შორის, საკუთარი თავისთვის.

რამდენადაც COVID-19-ის რეჟიმში ჯანმრთელობის უსაფრთხოება არის პრიორიტეტი თითოეული პასუხისმგებლიანი ორგანიზაციისთვის, კომპანიებს უწევთ მთელი რიგი წესების ეფექტიანად კომუნიკაცია თანამშრომლებთან, პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.  რიგ კომპანიებს აქვთ მსგავსი პანდემიებისთვის მომზადებული რისკების პასპორტი შესაძლო სცენარებით, მრავალი ორგანიზაცია კი მხოლოდ ახლა ქმნის კრიზისის მართვის გეგმას კრიზისის ფრაგმენტულად მართვის რეჟიმში.

მსოფლიომ არ იცის რა იქნება უახლოეს მომავალში, რამდენად გართულდება სიტუაცია, იქნება თუ არა ის უმართავი? შეძლებენ თუ არა კომპანიები იმ ჩიხიდან გამოსვლას, რაშიც ახლა არიან, და მთავარი, მსოფლიომ არ იცის რამდენ ადამიანს დაკარგავს ამ ვირუსთან ბრძოლის ჟამს, მანამ, სანამ ვაქცინას შეიმუშავებს.  ერთდერთი რაც შეგვიძლია, სანამ შეგვიძლია, მაქსიმალური ენერგია ჩავდოთ გეგმა ა, გეგმა ბ, გეგმა გ ში… მრავალი სცენარი შეგვიძლია განვიხილოთ. ამიტომ: თუ თქვენ ახლა, ფაქტიურად უკვე ჩიხში შესულნი იწყებთ კრიზისის მართვის სტრატეგიაზე მუშაობას, რეკომენდებულია გაითვალისწინოთ შემდეგი საკითები:

1. შექმენით COVID-19 -კრიზისის მართვის შტაბი დაუყოვნებლივ, სადაც შეიყვანთ HR-ს, PR -ს, იურისტს, შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მენეჯერს. ამ შტაბში ცხადია აუცილებლად უნდა იყვნენ დირექტორი და დამფუძნებელი.

თითოეულმა წევრმა, მენეჯერიდან უმცროს სპეციალისტამდე, თითოეულმა უნდა იცოდეს რას აკეთებს ამ დროს, ვინ რაზეა პასუხისმგებელი.

2. ააწყეთ ონლაინ კომუნიკაციის გამართული სტრუქტურა (თუ დღეს, თანამშრომელთა ნაწილი ოფისში მაინც დადიხართ, მოემზადეთ სრულიად ონლაინ პლატფორმაზე გადასასვლელადაც).

3. შექმენით ინფორმაციის მონიტორინგის და ინფორმაციის გაცვლის სისტემა.

დარწმუნდით, რომ კრიზისის გუნდში თითოეული წევრის კომპეტენცია შესაბამისია.

4. განსაზღვრეთ სპიკერები, რომლებიც კარგად გაართმევენ თავს მედიაში საუბარს საჭიროების შემთხვევაში.

5. გააძლიერეთ შიდა და გარე კომუნიკაციის სისტემა:

6. საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგი: მესიჯ ბოქსი პარტნიორებთან, ფართო საზოგადოებასთან, კლიენტებთან, კონტრაქტორებთან

7. იურიდიული დეპარტამენტი: კორნტრაქტორებთან ურთიერთობა, ფორსმაჟორის მუხლი…

8. HR – თამაშრომლებთან კომუნიკაცია მიმდინარე მოვლენებზე, უკუკავშირის მიღება და ინფორმაციის გაცვლა

9. დაუშვით ცუდი სცენარებიც (თანამშრომლის ინფიცირება, ან კიდევ უფრო მძიმე შედეგი) და გაწერეთ საქმის უწყვეტად გაგრძელების სქემა (ეს აუცილებელია დამდგარი სამწუხარო შედეგის ჟამსაც).

10. მოტივაცია: სამოტივაციო აქტივობები მნიშვნელოვანია კრიზისულ პერიოდში. გაწერეთ აქტივობები, რაც შესაძლებელია განხორციელდეს არსებულ პირობებში თანამშრომლების გამხნევებისთვის.

პ.ს. ყველა ასპექტში გამოიჩინეთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

ხედვა მომავლისკენ:

გავაანალიზოთ არა მხოლოდ ის, თუ რა ხდება დღეს, არამედ ვიზრუნოთ სხვადასხვა სცენარის შესაძლო განვითარებაზე მომავალში.

დღეს ვართ ჩიხში, ფორსმაჟორში, ბრძოლაში COVID-19-თან და თითქოს არავის სცალია სამომავლო გეგმების შესამუშავებლად. გამოყავით გუნდის მინიმუმ 2-3 კაციანი ჯგუფი, გაწერეთ სხვადასხვა სცენარის განვითარების არასასურველი ვერსიები და შეადგინეთ შესაბამისი კრიზისის მართვის სხვადასხვა გეგმა.  ეს მეტნაკლებად დააზღვევს მომავალს, რომელიც არ ვიცით როგორი იქნება. ეს მოგვცემს შანსს, წინასწარ განვსაზღვროთ ნაბიჯები. ეს დაგვეხმარება სასწრაფო მოქმედებებში საჭიროების შემთხვევაში.

ჯანმრთელობას გისურვებთ!