COVID-19 VS BRANDS

COVID-19 VS BRANDS

ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე უწყვეტი კავშირი გვაქვს ბრენდებთან, მათ საქმიანობასა და ხედვასთან, ხან მათი ბრენდის იმიჯისა და რეპუტაციის გაძლიერებაში ვეხმარებით, ზოგჯერ, კი, მიზნებისა და ამოცანების დასახვაში.
ქვემოთ, მოკლედ გთავაზობთ ზოგად გზამკვლევს, რომელიც, ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებათ ქვეყენაში და მსოფლიოში არსებული პანდემიის პირობებში სწორი გეზის აღებაში.

მოდი თავიდანვე შევთანხმდეთ, იმაზე, რომ ახლა არაა იმის დრო, რომ ესა თუ ის ბრენდი გმირად მოგვევლინოს და ახალი აუდიტორიები დაიპყროს. თუმცა, თუკი ასეთ ფორს მაჟორში თქვენს მოქმედებას სწორი გზით წაიყვანთ, შესაძლოა ბუნებრივად გაიზარდოს თქვენი ბრენდის ცნობადობა და ბონუსად თქვენი ბრენდ ამბასადორების რაოდენობის ზრდაც მიიღოთ.

სანამ COVID-19-ის პანდემიის დროს გარკვეულ აქტივობებს დაიწყებთ, თქვენს თავს დაუსვით ეს 4 კითხვა:

  • ვისი დახმარება შეგვიძლია, ვისთვის იქნება ჩვენი ჩართულობა მისაღები და ბუნებრივი? – ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბრენდმა იმოქმედოს სწორად და ჩამოაყალიბოს მკაფიო მესიჯები.
  • სად შეგვიძლია ჩავრთოთ ჩვენი ფუნქციური ოპერაციები, როგორც გამოსავალი? – დაივიწყეთ რა სახის ჩართულობას და დახმარებას სთავაზობენ ზოგადად სხვა ბრენდები, იფიქრეთ სხვა სახის ჩართულობაზე, მაგალითად: ტრანსპორტირება, დისტრიბუცია და სხვა ოპერაციები, იფიქრეთ თქვენს ხელთ არსებული აქტივებიდან რისი მეშვეობით შეგიძლიათ სარგებელი შეიტანოთ საყოველთაო კეთილდღეობაში.
  • გაქვთ თუ არა სწრაფი მოქმედებისა და მყისიერი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება? – თუკი თქვენი იდეის განსახორციელებლად საჭიროა რამდენიმე, ან ადამიანთა ჯგუფებში დისკუსიების გამართვა, რაც დიდ დროს წაგართმევთ, ჯობს სხვა, ისეთი რამ მოიფიქროთ, რაც თქვენი მმართველობის პირობებში მარტივად სამართავი და გადასაწყვეტი იქნება.
  • დაფიქრდით, ნამდვილად აუცილებელი და გამართლებულია თქვენი მხრიდან ასეთ დროს მოქმედება? – თუკი ახლა მოქმედება იმისთვის გადაწყვიტეთ, რომ მედია თქვენზე აალაპარაკოთ, მაშინ ჯობს ახლავე გაჩერდე და არაფერი მოიმოქმედო.

აქვე გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, სანამ COVID-19-ის საპასუხოდ იმოქმედებთ:

  • სანამ თქვენი კომპანიის გარეთ დაიწყებთ დონაციას (ნებისმიერი ტიპის), ერთი წუთით დაფიქრდი, გაუწოდე თუ არა დახმარების ხელი შენს თანამშრომლებს/პარტნიორებს/სტეიქჰოლდერებს და ა.შ. მაგალითად, თუკი კომპანიას სურს, რომ ასეთ მძიმე პერიოდში საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების საგნებით დაეხმაროს გაჭირვებულ ოჯახებს, ჯერ იგივე უნდა განახორციელოს მის ორგანიზაციაში – მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია გახვიდე შენი დიდი ოჯახის საზღვრებს გარეთ.
  • მიიღეთ მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მთლიანად თუ არა, გარკვეულწილად მაინც პასუხობს თქვენი ბრენდის ხედვას, ახლა არ არის ახალი ხედვების წამოჭრის დრო, ხედვებს აცდენილ მოქმედებებზე თქვენი აუდიტორია აუცილებლად მოგთხოვთ პასუხს. მაგალითად: თუკი თქვენი კომპანია აწარმოებს ტკბილეულს, თქვენი მხრიდან ალოგიკური იქნება საკვები პროდუქტების შემოწირულობა, არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველთვის იყო გულწრფელი!
  • არ გქონდეთ ცრუ მოლოდინები, რომ თქვენი მოქმედებებით გამოიმუშავებ უფასო მედიას (PESO – Earned media). ამ დროს თქვენი მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი ქველმოქმედება უნდა იყოს უანგარო.
  • სახელმწიფოს შესთავაზე დახმარება, თუკი ამის საშუალება გაქვს – აქ არ არის საუბარი ფულად, ან, მატერიალურ დახმარებაზე. ეს შეიძლება იყოს ტექნოლოგია, სივრცე, გამოცდილების გაზიარება და ა.შ. რა თქმა უნდა უანგაროდ.
  • თუკი არ გაქვთ იმის სახსრები, რომ ძალიან შთამბეჭდავი, ან მასშტაბური ნაბიჯები გადადგათ, მაშინ იხელმძღვანელეთ ხარისხით და არა რაოდენობით. ჯობს თქვენი სახსრები ხარისხიანად ჩადოთ ერთ კონკრეტულ მიმართულებაში და არა ცოტ-ცოტა ყველგან.
  • თუკი გადაწყვიტეთ, რომ სოციალურ მედიაში გამოაქვეყნოთ თქვენი დონაციის/ქველმოქმედების/დახმარების შესახებ, ჯობს დაწეროთ სად და როდის შეიძლება ამ რესურსის მოპოვება და გამოყენება და არა იმაზე აქცენტირება, რომ თქვენი ორგანიზაცია ასეთ „დიად“ რამეს აკეთებს.

რაც მთავარია, გაუსწარით დროს და იფიქრეთ წინასწარ, მსოფლიოს თქვენი დახმარება მომავალშიც დასჭირდება პანდემიისგან გამოწვეული ზიანის გამო, ასე რომ, „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი!“