ხუთშაბათი
ივნ272017

ჩვენ ვფლანგავთ დროს… და ვერ გადავცურავთ ზღვას!

ჩვენ ვფლანგავთ დროს...და ვერ გადავცურავთ ზღვას!

 

დრო გადის… თითქოს მეც მივდევ, მაგრამ მაინც ვერაფერს ვუხერხებ, ვერ ვეწევი. მიფრინავს და უკან გვიტოვებს მეც, შენც, თქვენც! არადა, რამდენი რამის მოსწრება მინდა 24 საათში და არ გამომდის.

ხშირად მჩვევია საქმის ბოლო წუთამდე მიყვანა იმ იმედით, რომ წინ ბევრი დროა, მაგრამ ყოველთვის ვცდები და მერე ღამეების თენება მიწევს. ბევრი წავიკითხე, თუ როგორ ვმართო გონივრულად დრო, თითქოს კარგადაც გავიაზრე ეს თეორიული მასალა და საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ჩემს დროს სხვანაირად გავანაწილებდი, მაგრამ…

უმეტესობა მაინც არ ვაფასებთ დროს შესაბამისად და არც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ თითოეულ წუთს, რომელიც აღარ დაბრუნდება. არადა, რომ დავფიქრდეთ, დროზე ძვირფასი რესურსი არ არსებობს, ჩვენ კი გამოდის, რომ მას ვყიდით, თანაც სრულიად უფასოდ.

ჩემს თავს ყოველდღიურად გარკვეულ ვადებს ვუწესებ, რომლებსაც ხანდახან თვითონვე ვარღვევ მანამ, სანამ ექსტრემალურ სიატუაციაში არ ჩავიგდებ თავს. კარგად ვხვდები, რომ რეალურად ვადები მნიშნველოვანი საქმეების გასაკეთებლად მჭირდება. ისეთი საქმეების, რომლის გადადებით უფრო მეტ საქმეს ვიგროვებ სამომავლოდ.

მაგრამ იქნებ ეს ყველაფერი ჩემი ხასიათის ბრალია, იქნებ იმიტომ ხდება ასე, რომ გადადების და ბევრი დროის ფლანგვის მიუხედავად, საბოლოო დედლაინისთვის არასდროს გადამიცილებია, საქმე არ გამიფუჭებია. ეს კი სადღაც შიგნით თვითკმაყოფილებას იწვევს ჩემში – ჩუმად რომ გამაღიმებს, თან საკუთარ თავს რომ შემაქებინებს და ჩამჩურღულებს „ხომ მაინც ყველაფერი მოასწარიო.“ იქნებ სწორედ ეს მომენტი მიყვარს და ვერ ვაცნობიერებ, ან უბრალოდ არ ვაღიარებ. სიმართლე გითხრათ, პირველად ამ პოსტის წერის დროს დავფიქრდი ამ თემაზე 🙂

წერა კარგია, ბევრ რამეზე მაფიქრებს. სანამ ავარჩევ რაზე დავწერო უამრავი თემა გამირბენს თავში და თუნდაც ნახევარი წუთი ვფიქრობ თითოეულზე. შემდეგ უკვე პრიორიტეტებად ვალაგებ და იქიდან საუკეთესოს ვირჩევ.

ამ ეტაპზე ჩემთვის „დრო“ აღმოჩნდა საუკეთესო თემა, რომლის გაშლაც მომინდა.

ჩვენ ვფლანგავთ დროს...და ვერ გადავცურავთ ზღვას!

ზღვის გადაცურვას ნამდვილად ვერ დაგპირდებით, მაგრამ დროის მოფრთხილებას, მის სწორად განაწილებას და მართვას ხვალიდან აუცილებლად შევუდგები!

თან ხვალ ბოლო ვადა მაქვს, ამიტომ არ გადავაცილებ!


თაკო ვარამაშვილი,
პროექტების მენეჯერის ასისტენტი
Share Button

საუკეთესო სტატიები