ბრძოლა სიმართლისთვის – 2018

ბრძოლა სიმართლისთვის – 2018

მსოფლიოს წამყვანი პიარკომპანია “ედელმანი” (#1-ია შემოსავლების მიხედვით) 2001 წლიდან აქვეყნებს კვლევას სახელწოდებით “ნდობის ბარომეტრი”. წელს კომპანიამ მორიგი შემაჯამაბელი ნაშრომი 28 ქვეყნაში ჩატარებული კვლევის სახით შემოგვთავაზა და წინარე პუბლიკაციების რეტროსპექტივა განზოგადოებული სახელებით წარმოადგინა. რესპოდენეტები შერჩეულია ისე, რომ კვლევის რეპრეზენტატიულობა განსაზღვრულია მსოფლიოს მოსახლეობის 85%-ით.
საინტერესო და მრავალფეროვანი, დინამიური და სწრაფად ცვალებადი, კომპლექსური და განუჭვრეტადი – ასე შეიძლება ვუწოდოთ ნდობის ბარომეტრის ძირითად ტრენდებს წლების მიხედვით. თუ დააკვირდებით ნდობის ფაქტორის ცვლილებას, პოზიტიურიდან ნეგატიურისკენ გადახრის მნიშვნელოვან ამპლიტუდას შეამჩნევთ. არაფერს ვიტყვი 2017 წლის ჰედლაინზე: თუ მანამდე კრიზისი ბიზნესის, მთავრობის, ავტორიტეტული პირებისა თუ ინსტიტუციების რეპუტაციულ ინდიკატორებს შეეხო, შარშანდელი წელი თავად ნდობის, როგორც ურთიერთობის ფორმისა და შინაარსის, ემოციური კავშირის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობის კრიზისით ხასიათდებოდა
დღეს თითქოს ადვილია, ასე ერთ ეტრატზე განთავსებული მაჩვენებლების ანალიზი, საკითხავია, შეგვეძლო თუ არა ნდობის, როგორც ფაქტორის ასეთი ხარისხით “ცვეთის” და გაფლანგვის წინასწარმეტყველება? შეგვეძლო გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება ან თუნდაც ნდობის მახასიათებლების ელვისებური სისწრაფით ცვლილების ვექტორის გამოცნობა?
ნახ. #1 – უმეტეს ქვეყნებში ნდობის ინდექსი დაეცა და ამან ტრენდის სახე მიიღო
გამოგიტყდებით, ამ პრობლემის მწვავე სერიოზულობა პირველად მხოლოდ 2016 წელს აღვიქვი: ტრამპის გამარჯვების მიზეზების ანალიზის დროს, როდესაც დამარცხებული მხარის წინასაარჩევნო პროცესის ხარვეზებს ვსწავლობდი. მიზეზები ფოტოზე გამოსახულ ქრონოლოგიურ შკალაზე შეგიძლიათ იპოვოთ. შეგიძლიათ შეადაროთ ჰილარი კლინტონის მხარდამჭერი ინსტიტუციები და 2003, 2005 – 2007, 2012- 2016 წლებში ნდობის განსაკუთრებული დეფიციტით გამორჩეული მიმართულებები და შედეგის ახსნაც გაგიადვილდებათ.

ნახ. #2 – ნდობის დეფიციტის ტერიტორიები
ქვევით ნახატზე კარგად ჩანს, რომ მსოფლიოს ყოველი 10 მოქალაქიდან 7-ს ფეიქ ნიუსების მომძლავრება აშფოთებს. ხოლო გამოკითხულთა 63 პროცენტი ჟურნალისტურ მასალას და ფეიქ-ნიუსს ვერ ასხვავებს. (იხ. ბახ #3)

ნახ. #3 – მსოფლიოს მოსახლეობა ფეიქ-ნიუსებს საშიშ იარაღად მიიჩნევს
ასევე აღსანიშნავია, რომ მედია ყველაზე ნაკლებ სანდო ინსტიტუტად მრავალი წელია სახელდება. 2016 წელს პოზიციების მცირედით გამოსწორების შემდეგ, მედიისადმი ნდობის ინდექსი ისევ დაღმავალ ტრენდს დაუბრუნდა.

ნახ. #4 – 28-დან 22 ქვეყანაში მედიის ნდობა შემცირებულია
საინტერესოა, რომ გაიზარდა ტექნიკური და ფინანსური სფეროს ექსპერტების, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და ანტრეპრენიორების როგორც სპიკერების ნდობის ინდექსები. ამ ფონზე “ჩემნაირი”-სადმი ნდობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზე დაეცა.

ნახ. #5 – გამოკითხულები არ ენდობიან მისნაირებს, ანუ საკუთარ თავსაც?
დამსაქმებლისადმი ნდობის ცვლილებას პოზიტიური ხასიათი აქვს და 2016 წლიდან დღემდე ბაზრების უმეტეს ნაწილში განუხრელად იზრდება.

ნახ. #6 – იმედი მაქვს, ინტერვიუები დამსაქმებლის თანდასწრებით არ მიმდინარეობდა
ნდობის ბარომეტრი სტატისტიკური მაჩვენებლების გარდა, ინსტიტუტების ნდობის მანდატის ძირითად მიმართულებებსაც განსაზღვრავს.
ტოპ 3 მიმართულებაში მედიის, ენჯეოების, მთავრობისა და ბიზნესის ნდობის მანდატების ფაქტორები მეორდება. მაგალითად, კონფიდენციალურობის დაცვა მედიისა და ბიზნესის მახასიათებლებში გვხდება, ღარიბ მოსახლეობაზე ზრუნვა – ენჯეოებისა და მთავრობის, ხოლო ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა – მთავრობისა და ბიზნესის.

ნახ. #7 – ინსტიტუტების მანდატების გადანაწილება და მათი გამოკვეთილი როლები

ნდობის გაუფასურება – შედარება გასულ წელთან

  • ენეჯეობისადმი ნდობა 28-დან 14 ქვეყანაში შემცირდა.

ნახ. #8 – ენჯეობის ნდობის დაცემის მიუხედავად, მათი ინდქსი კვლავ მაღალი რჩება
  • ბიზნესისადმი ნდობა 28-დან 14 ქვეყანაში გაიზარდა.

ნახ. #9
  • მთავრობისადმი ნდობა 28-დან 16 ქვეყანაში გაიზარდა, თუმცა 50%-იან ნიშნულს 21 ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ აღწევს.

ნახ. #10
  • 15-დან 10 სექტორისადმი ნდობა შემცირდა.

ნახ.#11 – საინტერესოა რამ გამოიწვია ენერგეტიკული და პროფესიონალური სერვისების პროვაიდერებისადმი ნდობის ზრდა

ნახ. #12 – ინდუსტრიებისადმი ნდობა მცირედით, თუმცა სტაბილურად მცირდება
ბრენდებისადმი ნდობის შემცირება განსაკუთრებით თვალსაჩინო აშშ-ია.

ნახ #13 – ბრენდების ნდობის არეალი გეოგრაფიული სარტყელების მიხედვით თუ დაიყოფა – ლიდერობენ 50-ე მერიდიანს ზევით განლაგებული ქვეყნები

სიმართლისთვის მებრძოლთა გზამკვლევი

2018 წლის კვლევის შედეგებს, ედელმანი სიმართლისთვის ბრძოლას უწოდებს. ნდობის დაკარგვის მიუხედავად (თუმცა ნდობამ ჯერ კიდევ ვერ აღიდგინა ნდობა), რესპოდენტებს ჯერ კიდევ შერჩენიათ იმედი, რომ ნდობის აღდგენა შესაძლებელია და სიმართლისთვის ბრძოლას, მათ შორის ფეიქ ნიუსებთან ბრძოლას ასეთი შედეგის მოტანა შეუძლია.
როგორ უნდა მოვიქცეთ ამ სიტუაციაში, როგორ შევამციროთ ნდობის დეფიციტი?
ჩვეული პასუხია, რომ უნდა დავფიქრდეთ.
ხანგრძლივი თუ არცთუ ისე ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, გამოსავალიც მოიძებნება: სამიზნე აუდიტორიასთან მჭიდრო, უწყვეტი კომუნიკაცია, მისი მოლოდინების გამართლება და მისი გამოცდილების სწორი გაზიარება.
თავიდან ვიწყებთ კავშირის დამყარებით და შემდეგ უკვე სწორი კომუნიკაციით ვაგრძელებთ.
1.თითოეულ გზავნილს უნდა ყავდეს ადრესატი
გზავნილები უნდა იყოს დიფერენცირებული სამიზნე აუდიტორიის მიხედვით და მათზე მიმართული ინსტრუმენტების გამოყენებით. უნივერსალურ გზავნილებს ყავლი გაუვიდათ.
თითოეული აუდიტორიისთვის უნდა შეიქმნას სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები, სადაც რეპუტაციის ზრდისა და აუდიტორიის ჩართულობის სტრატეგიას ცენტრალური როლი უნდა ეკუთვნოდეს.
2. არცერთი შეტყობინება უნდა დარჩეს უპასუხოდ
სოციალური მედიისა და სხვა არხების რადარები უკუკავშირის სისტემის ნაწილი უნდა გახდეს, რაც რისკების პრევენციის, მათი ზიანის შემცირების და კრიზისული სიტუაციებისგან თავის არიდების შესანიშნავ საშუალებას იძლევა. ამ წესის ნებისმიერი იგნორირება განმეორებადი კრიზისების საფუძველი გახდება.
ფეიქ-ნიუსებიც რომ არ გამომრჩეს. თუ გავაანალიზებთ, სად და როგორ ჩნდება ასეთი ტიპის ნიუსები და მათთან ბრძოლის ხერხებსაც შევადარებთ, მკაფიოდ გამოჩნდება, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე და საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობის მქონე ორგანიზაციებს ფეიქ-ნიუსებთან ბრძოლის უფრო ეფექტიანი მიდგომები და ინსტრუმენტები აქვთ, ვიდრე სხვებს. ამიტომ საჯაროობა, დროული რეაგირება და ინფორმაციისადმი წვდომის უზრუნველყოფა ფეიქ-ნიუსებთან ბრძოლის უებარი საშუალებაა.
3. ყველა გზავნილს უნდა ყავდეს ავტორი და გამხმოვანებელი
და ეს გამხმოვანებელი უნდა იყოს კარგად ნაცნობი, ნდობით აღჭურვილი სპიკერი. სპიკერების მომზადებას, მათი შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვა, ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმის ნაწილი უნდა გახდეს.
საყოველთაო უნდობლობის ეპოქაში, როცა ხალხს არ სჯერა ინსტიტუციების, როცა მათი სანდოობის ხარისხი ყოველწლიურად იკლებს, საზოგადოებას ჯერ კიდევ სჯერა ადამიანების.
უსახურ (გამხმოვანებლის გარეშე, სპიკერის გარეშე გაკეთებულს) და მშრალ კოლექტიურ ან ხელმოწერის გარეშე გაკეთებულ განცხადებებს ნდობის დაბალი ხარისხი აქვს.
ადამიანებს ადამიანური სახის მქონე ორგანიზაციები მოსწონთ და ენდობიან. მოსწონთ მათი ადამიანური ისტორიები, დასაქმებულების ადამიანური ისტორიები, ლიდერების საქმიანობისა და ცხოვრების საინტერესო დეტალების დემონსტრირება. ეს სძენს ორგანიზაციას ადამიანურ სახეს და აახლოვებს მათ მომხმარებელთან, ზრდის კავშირებს და ამცირებს უნდობლობას.
4. დაიხმარეთ მომხარებლები გზავნილების შედგენაში და ნდობის გაძლიერებისთვის
სიმართლისთვის ბრძოლაში თქვენ მხარდამჭერები, პარტნიორები და მოკავშირეები გჭირდებათ.
ყველა ბრძოლას სტრატეგია და ტაქტიკა სჭირდება. თუმცა, ბრძოლაში გამარჯვება მარტო შეუძლებელია. სიმართლისთვის მებრძოლებს, სიმართლის მთქმელებს ცხენიც უნდა შეკაზმული ყავდეთ და ძლიერი მოკავშირეებიც მომზადებული.
სიმართლისთვის ბრძოლაში მოკავშირეებად გარდაქმენით სწორედ ის მომხმარებლები, რომელთა მიმართა გსურთ ნდობის გაძლიერება. ჩართეთ ისინი მანევრებში, ერთად დაგეგმეთ მტერთან (უნდობლობასთან) ბრძოლის ტაქტიკა, დაგეგმილად შეუტიეთ ფლანგებიდან და ცენტრიდან, არტილერიის, კავალერიისა და ავიაციის დარტყმის სამიზნეები განსაზღვრეთ და წერტილოვაი დარტყმებით აიღეთ უნდობლობის ციხესიმაგრეები.
არ დაგავიწყდეთ, რომ ნდობის მოპოვებისთვის ბრძოლაში, მომხმარებელი მთავარსარდალია და თქვენ მისი გენიალური სტრატეგიული ჩანაფიქრების განმახორციელებელი.
იბრძოლეთ სანდოობისთვის და ჯილდოდ მიიღეთ ყველაზე ძვირფასი – ნდობა!