პარასკევი
მარ272017

ბერლინის პიარ ხიბლი

ბერლინის პიარ ხიბლი

 

ცოტა შორიდან უნდა დავიწყო…

ჩემი თაობის უმრავლესობას აუცილებლად სმენია მშობლებისგან ისტორია, თუ როგორ დაფრინავდნენ „მოსკოვებში“ 30 მანეთად. ხოდა იმდენი ვიწუწუნეთ, ოცნება ახდა და ერთ-ერთმა ავიახაზების კომპანიამ გადაწყვიტა, დაახლოებით იგივე შემოეთავაზებინა ჩვენთვისაც.

ახლა ჩვენც შევძლებთ, შვილებთან „ვიმარიაჟოთ“, რომ „ეროპებში“ 24 ლარად დავდიოდით. იმასაც დავუმატებთ, რომ მხოლოდ „Weekend-ზე“ მივფრინავდით გასართობად და ორშაბათს იმავე რუტინას ვუბრუნდებოდით.

ფრენები არის ევროპის სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ახალგაზრდების უმრავლესობა ბერლინში მიდის. სხვათაშორის მეც მოვხვდი ამ გაუგებრობაში, თან ორჯერ.

რა ხდება ბერლინში, რა ხიბლი აქვს, რის გამოც ასეთი დაინტერესება არის გერმანიის დედაქალაქში მოგზაურობაზე. ყველას სხვადასხვა ინტერესი აქვს ალბათ, მაგრამ, მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, მაინც ნათელია: გართობა, მუსიკა,თავისუფლება…

პირველ ჩასვლაზე მხოლოდ ერთხელ ვნახე ბერლინი დღის შუქზე, შესაბამისად მიჭირდა მის ხიბლზე ლაპარაკი. ჩემთვის ბერლინი ძირითადად კლუბების რიგებთან, ნაცრისფერ ფერებთან (ზაფხულში ვერც ერთხელ ვერ მოვხვდი) და სიბნელეში უეცრად გამოჩენილ შავკანიანებთან ასოცირდებოდა. ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია საოცარი Street Art-ი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე გხვდება და თვალს გჭრის.

ბერლინის პიარ ხიბლი

ჩემი თვალით დანახული ნაცრისფერი და ბნელი ბერლინი კიდევ უფრო სხვანაირი აღმოჩნდა მეორედ ჩასვლისას. ამჯერად მეტი დრო მქონდა ქალაქის უკეთ გასაცნობად. მართალია, ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვნახე ნანატრი მზე, მაგრამ ამ დროს 206 მეტრის სიმაღლიდან ვიყურებოდი, გაოცებული და წნევისგან ყურებდახშული. FERNSEHTURM-ზე აუცილებლად უნდა ახვიდეთ ყველა, ვინც სიმაღლის შიშის დაძლევას შეძლებთ. თუ ვერ შეძლებთ, მაინც უნდა ახვიდეთ. ლივტში გამცილებელი დაგეხმარებათ, რომელიც 2 წუთის განმავლობაში არ ჩუმდება იმდენს ლაპარაკობს, რათა თქვენი ყურადღება გადაიტანოს და შიში თავიდან აგარიდოთ.

მუზუემების ჩამოთვლას, რომლებსაც GOOGLE-შიც მარტივად ნახავთ, ახლა არ დავიწყებ.

მაგრამ აუცილებლად აღვნიშნავ მუსიკალურ მაღაზიას, სადაც მუსიკის მოყვარულთათვის ყველაფერია და მანქანების მუზეუმს (Classic Car Museum), რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სათაურსაც რომ არ ავცდე, შეიძლება ითქვას ძალიან მომხიბლა.

ბერლინის პიარ ხიბლი

მერე რა, რომ ყველა ბერლინში დადის და ტრენდად არის ეს ქცეული. მერე რა, რომ ახალგაზრდებს გართობა და თავისუფლება გვინდა…

იქ, ბერლინში, მართლაც იგრძნობა ეს ყველაფერი. განსაკუთრებით კლუბ Berghain-ში, სადაც ბევრად მძაფრად აღიქვამ სხვადასხვა დეტალს.

იქ რაც ხდება, ამას აქ ვერ მოგიყვებით 🙂

სჯობს დადგეთ კილომეტრიან რიგში. თუ გაგიმართლებთ და დაიმსახურებთ ტატუებიანი სვენ მარქარდის (face-control) მოწონებას, შემდეგ უკვე საკუთარი თვალით შეძლებთ ნახოთ კლუბში პარასკევს შესული/გასული და ორშაბათს გამოსული ბერლინელები და ტურისტები.

მუსიკის ხარისხზე კომენტარის გაკეთება ალბათ ზედმეტია.

ბერლინის პიარ ხიბლი

P.S წერის დროს მაქსიმალურად ვცდილობდი ტურისტულ კომპანიას არ დავმსგავსებოდი და მხოლოდ ჩემი თვალით დანახულ ბერლინში გემოზგაურათ 🙂


თაკო ვარამაშვილი,
პროექტების მენეჯერის ასისტენტი
Share Button

საუკეთესო სტატიები