სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

10 წელი, დიახ 10 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ გამეგო რა მინდოდა ცხოვრებაში. რა იყო ჩემთვის ყველაზე სასურველი პროფესია. კი, 10 წელი ნამდვილად ძალიან ბევრია. ჩემს ირგვლივ ჩემი მეგობრები ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. შექმნეს თავიანთი ბიზნესები, ზოგიერთი მათგანი დიდ კომპანიებში დეპარტამენტების უფროსები არიან, ან თუნდაც დირექტორები. მოკლედ, რომ ვთქვა ამ 10 წლის განმავლობაში მე გავიყინე და ჩემს ირგვლივ  ყველა წინ წავიდა.

რატომ მოხდა  ასე?

ალბათ, დამეთანხმებით, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, გრძნობ უდიდეს თავისუფლებას. გგონია, რომ ყოვლის შემძლე ხარ და მთელი სამყარო შენს ფეხქვეშ არის დაგებული. ამ ფაქტორებმა ძალიან იმოქმდეა ჩემზე და სრულიად დამავიწყდა რისთვის ჩავაბარე. ამას დაემატა სამსახურის ძიება, იმისთვის, რომ კიდევ უფრო თავისუფალი ვყოფილიყავი. მქონოდა ჩემი ფული და მოვშორებოდი ოჯახის ბიუჯეტს. სწორედ აქ დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა ჩემს ცხოვრებაში და მოვხვდი პრობლემური სესხების მართვის დეპარტამენტში. სადაც ჩემი აზრით ყველაფერი იყინება, თითქოს დრო მიიზლაზნება, არადა ისე გარბის, რომ უკან მობრუნებასაც ვერ ასწრებ. შემდეგ იყო სხვადასხვა კომპანიები იმავე პოზიციაზე, სადაც კიდევ უფრო მიიზლაზნებოდა დრო. ერთი ნათელი წერტილი იყო თბილისი მერია, სადაც ნმადვილად მსიამოვნებდა ჩემი საქმის კეთება, მაგრამ მალევე ჩაბარდა წარულს და თავი ისევ  პრობლემური სესხების სფეროში ამოვყავი.

3 წლის თავზე, ჩემმა დეიდაშვილმა შემომთავაზა, პიარსკოლაში 3 თვიანი კურსის გავლა. იმის მიუხედავად, რომ სიზარმაცე კვლავ მჭამდა, მაინც დავთანხმდი. პირველივე ლექცია იმდენად საინტერესო იყო, რომ შემდეგზე ადრე მივედი, რომ რამე არ გამომეტოვნებინა. ყოველი ლექცია უფრო და უფრო მაგდებდა ინტერესში, თან ამას ემატებოდა ის არაჩვეულებრივი ლექტორები, გარემოცვა და ის ადამინები, ვინც ეს სამი თვე უფრო გააფერადა და გაამრავალფეროვნა. რისთვისაც, მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. სწორედ სწავლის პროცესში გავიგე ჯეპრას შესახებ, სადაც მომენტალურად გამიჩნდა მუშაობის დაწყების სურვილი, მაგრამ ეს ესეთი ადვილი არ იყო. რამოდენიმე საკმაოდ რთული პროცედურა უნდა გამევლო, რომ სრულფასოვანი ჯეპრას წევრი გავმხდარიყავი. მზად ვიყავი ამ ყველაფისთვის, როცა გავიგე, რომ თურმე სტაჟირება უკვე დაწყებულიყო და ერთი წელი უნდა დავლოდებოდი. რა თქმა უნდა, ძალიან გულდაწყვეტილმა გავაგრძელე ის, რასაც აქამდე ვაკეთებდი, მაგრამ ფარხმალს არ ვყრიდი სტაჟირების მოლოდინში.

პიარსკოლის დამთავრების შემდეგ გავიდა დაახლოებით 6 თვე. ეროვნული ბანკის შემოღებული რეგულაციების შედეგად, დაიწყო მიკროსაფინანსოებში და ბანკებში შემცირებები და, რა თქმა უნდა, მეც მოვყევი მასში. თან ზაფხული იწყებოდა და გადავწყვიტე, გემრიელად დამესვენა. როგორც ხდება ხოლმე, ეს კარგი დასვენება გადაიზარდა უსაქმურობაში და დროის უაზროდ კარგვაში, რაც უკან და უკან მხევდა, ისე რომ ვერც კი ვხვდებოდი. ამ დროს, გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც კარგად შემაჯანჯღარა, ერთი კაი სილაც მითავაზა გამოსაფხიზლებლად  და ჩაქნევისკენ მომზადებული ხელის უკან წასაღებად. მოკლედ შევავსე აპლიკაცია და მოვემზადე გასაუბრებისთვის, რომელიც თურმე 3 ნაწილად იყოფოდა. სამივე ეტაპი წარმატებით გავიარე და მოვხვდი ჯეპრაში. ჩემი თავისთვის პირობა მქონდა მიცემული, თუ ამიყვანდნენ სტაჟირებაზე, პირველ დღეს სანამ ოფისში მივიდოდი, გზაში უნდა მომესმინა The Rainbow – catch the rainbow და თავაწეული, მხრებში გაშლილი უნდა შევსულიყავი ოფისში და ჩემი თავისთვის მეთქვა: ბაჩო, შენ ეს შეძელი და ეხლა გაქვს ახალი მიზანი: 6 თვის შემდეგ შენ უნდა დარჩე აქ. ასეც მოხდა, მოვედი თავაწეული, მხრებში გაშლილი და აგერ უკვე მესამე თვე დაიწყო სტაჟირების, მე კი ისევ აქ ვარ.

ხოო, მინდა გითხრათ, რომ ამ დროის განმავლობაში ვარ გაყოფილი ორად: ერთი მხარე, რომელიც მონდომებულია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯეპრაში დარჩეს. ხოლო მეორე მხარეს კი ისევ ის ზარმაცი ბაჩო, რომელიც მიჩვეული იყო უსაქმურობას და ეზარებოდა ყველაფერი. იმ პერიოდში, როდესაც რაგბს ვთამაშობდი, მასწავლეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს ბოლომდე უნდა მიაწვე და გაიტანო ლელო, მაგრამ ამას მარტო ვერ შეძლებ და ამისთვის არის საჭირო ის თანაგუნდელები, რომლებიც კრავენ ერთ დიდ მუშტს – სწორად ეს დავინახე ჯეპრაში. ფაქტიურად რაგბის წესები არის გადმოტანილი.

ჯეპრა ქმნის ერთ დიდ გუნდს, რომელიც ყოველ ახალ გამოწვევას, ყოველ ახალ დარტყმას ხვდება და ამ გუნდის დახმარებით უფრო და უფრო წინ მიიწევს. ფაქტიურად, ყოველი ახალი პროექტი ახალ სხვადასხვა გუნდებთან თამაშს ჰგავს. თითქოს იცი მათი ტაქტიკა, მაგრამ სულ ახლის მოლოდინში ხარ. სწორედ ეს მომწონს ამ კომპანიაში, ერთი გუნდი, ერთი ძალა, რომელიც მუდმივად მზად არის სიახლეებისთვის. უფრო მეტიც, ის თვითონ ნერგავს სიახლეებს და თვითონ არის ინოვატორი. სწორედ აქ მივხვდი, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ამისთვის, დიდი მადლობა პიარსკოლას და ჯეპრას. ამდენი წლის შემდეგ, მე საბოლოოდ ვიპოვე ჩემი თავი.