30 ცრუ რჩევა „ყომარბაზებს“

30 ცრუ რჩევა „ყომარბაზებს“

აზარტში შესულ ადამიანს ავიწყდება ყველაფერი, აღარც ღმერთი არსებობს, აღარც შვილი, აღარც ოჯახი, ფიქრობს მხოლოდ მოგებაზე, აზარტს შეუძლია ადამიანის როგორც ფიზიკური, ისე მორალური განადგურება, ფიქრობს არა იმაზე, რომ ვიშრომებ, ვიზრუნებ, არამედ კამათლის გაგორებაზე, ხდება აბსოლიტურად მასზე დამოკიდებული, რაც ერაცხება ცოდვად, ვნებად

დეკანოზი ალექსი

არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ხარ, რა აღმსარებლობის, დასაქმებული ხარ თუ დაუსაქმებელი, მდიდარი თუ ღარიბი, მაღალი თუ დაბალი, მშიერი თუ მაძღარი,  ძუ თუ ხვადი, ქართველი თუ ინდოელი… თამაშობ. დებ ფულს და გინდა მოიგო. ნებისმიერ ადამიანში არის რაღაც დოზით აზარტი, ზოგი ზედმეტად აზარტულია, ზოგი ნაკლებად, ზოგიერთი იმდენად მართავს საკუთარ თავს, რომ უმკლავდება აზარტს და საერთოდ არ თამაშობს. ზოგი დიდ ფულზე თამაშობს, ზოგიც კაპიკებზე. არა აქვს მნიშვნელობა აზარტი აზარტია.

ვისაც თამაშის დიდი სტაჟი აქვს, ყველა დამეთანხმება, რომ დროთა განმავლობაში ყალიბდება გარკვეული ცრუ რწმენები, დებულებები, აქსიომები, ფორმულები, ზოგ შემთხვევაში რიტუალებიც კი, თუ რა შემთხვევაში უნდა დადო, თუ არ დადო ფული. გადავწყვიტე დამეთვალა, თუ რამდენი ასეთი ცრურწმენა დამიგროვდა. კითხვებით ჩემს მეგობრებსაც მივმართე. გამოკითხვა საინტერესო შედეგით დასრულდა. ჩვენი ცრურწმენები ძირითადად დაემთხვა ერთმანეთს, თუმცა იყო ბევრი განსხვავებული, ორიგინალური და სახალისო ცრურწმენაა. ამჯერად თავი მოვუყარე ისეთ შემთხვევებს, როდესაც არ უნდა დადოთ ფული. იმედია ჩემს რჩევებს გაითვალისწინებთ და თუ ამის შემდეგ თქვენი მოგების კოეფიციენტი აიწევს, ჩავთვლი, რომ შრომას უნაყოფოდ არ ჩაუვლია.

მაშ ასე, 30 ცრუ რჩევა თუ რა შემთხვევაში არ უნდა დადო ფული:

1. არ დადო საყვარელ გუნდზე!

შეიძლება იმაზე ხშირად მოიგო ვიდრე წააგებ, თუმცა ისე გეტკინება, ისე გეწყინება, ისე დაგენანება წაგებული, რომ შეიძლება თუნდაც ერთი წამით გაგინელდეს სიყვარული და გაჩნდეს ბზარი, რომელსაც ვერასოდეს გაამთელებ. არ დადო, რადგან ზედმეტად ენდობი. სუბიექტური ხარ.

2. არ დადო საძულველ გუნდზე!

წარმოიდგინე, როდესაც რამეს ორგანულად ვერ იტან და იძულებული ხარ უგულშემატკივრო. სადღაც გულის სიღრმეში გიხარია რომ აგებს, მეორეს მხრივ კი, ფული გაქვს დადებული, გინდა რომ მოიგო. რად გინდა ისეთი ფული, რომელსაც საძულეველი “რამ” მოგიტანს.

3. არ დადო მოგებული ფული!

უკვე მოიგე, შეირგე, ნუ დახარბდები. შეიძლება ე.წ. “პალასაზე” ხარ, თუმცა აღარ გარისკო, შენი წილი შამპანური უკვე დალეული გაქვს.

4. არ დადო ბოლო კაპიკები!

ისედაც უბედური ხარ. კაპიკები გაქვს. რაც გქონდა ან წააგე, ან დახარჯე. ცდუნებაა, მარტივად გინდა მოაგვარო პრობლემა, მაგრამ არ გამოვა. წადი იმ ბოლო კაპიკებით სახლში და დაიძინე.

5. არ დადო სხვისი ფული!

დადებ თუ არა, უკვე წაგებული გაქვს. ჯერ ერთი გამოდის რომ იპარავ. მეორე ის, რომ თუ მოიგე იმ სხვისი ფულით მოგებულს შენ იტოვებ და მაინც ქურდობაა. არ იკადრო. წააგებ და ღირსიც იქნები.

6. არ დადო სხვის ჯიბრზე!

ხდება ხოლმე, როდესაც ვინმესთან ერთად უყურებ ფეხბურთს და ის ვიღაც რომელიმე გუნდს გულშემატკივრობს, ძალაუნებურად მოწინააღმდეგეს უწყებ ქომაგს. ასეთია ადამიანის ბუნება. ამ შემთხვევაში არ გარისკო დადება, წააგებ და უყურე მერე დაბოღმილმა სხვის სიხარულს.

7. არ დადო დაბალ კუშზე!

არ გიღირს. დასვამ რამე დიდ კუშს, მიამატებ ფრეს და რაღაც 1.15-ის გულისთვის შეიძლება წააგო.

8. არ დადო სხვის შერჩეულ თამაშებზე!

შეგიძლია გამოკითხო აზრი და რასაც შენ ფიქრობ იმაზე გითხრან სარისკოაო, შემდეგ ისე დაჯდება როგორც შენ გეგონა და ადამიანს მიაწებებ თარსის იარლიყს. “ყომარი” ინტიმურია, შენია.

9. არ დადო წინა თვის შემოსავლის 1/31-ზე მეტი!

თებერვალში 1/28-ზე. ამას მათემატიკური ახსნა და დასაბუთება ჭირდება, თუ მაინც დაინტერესდებით მომწერეთ და პირადად გადაგამისამართებთ რჩევის ავტორთან.

10. არ დადო შენი საყვარელი გუნდის კონკურენტზე!

იმდენად დიდი გაქვს სურვილი კონკურენტის წაგების, რომ გონება გებინდება, სუბიექტურობაში ვარდები. დებ შენს სურვილზე. დიდი შანსია წააგო.

11. არ დადო თუ წაგებულის ამოღება გინდა!

ხშირია შემთხვევა, წააგებ 100 ლარს და მერე გაბრაზებული გაიძახი, ამას მაინც ამოვიღებ, არ შევარჩენო. ცდილობ დაბალ კუშებზე დადო, ნაღდი გგონია (იხ. რჩევა 7) და სწორედ აქ უშვებ შეცდომას. აგებ 200-ს.

12. არ დადო სწავლის ფული!

დარჩები უცოდინარი. სწავლა კენწეროში ტკბილდება, ყომარის კენწერო კი ყველაზე ღრმა უფსკრულია. წარმოიდგინე, ამ უფსკრულში ხარ და ამასთანავე ხარ უცოდინარი.

13. არ დადო როდესაც 100%-ით დარწმუნებული ხარ რომ გუნდი მოიგებს!

როგორ უნდა იყო დარწმუნებული და ბრმად გჯეროდეს 22 ადამიანის + მსაჯი + გვერდითი მსაჯები + მწვრთნელები. დავიჯერო ყველა სანდოა? ნუ იქნები დარწმუნებული.

14. არ დადო სხვადასხვა ბილეთში ერთი და იგივე თამაში!

(იხ. რჩევა 13 და რჩევა 7) დაწერ და ყველა ბილეთს წააგებ. მეტი შანსი მიეცი საკუთარ თავს.

15. არ დადო კუშის ასაწევად ბოლოს მიმატებულ თამაშზე!

ხომ ჩამოწერე ის თამაშები რაც ასე თუ ისე გგონია, რომ დაჯდება? მრგვალი კუშის მისაღებად რაღას ტენი? შეეშვი. დადე ის რაც გგონია. რაც მეტ გუნდზე დებ, მით უფრო დიდია შანსი წააგო.

16. არ დადო როდესაც კუში არ მოგწონს!

ყველას გვაქვს რაღაც კონკრეტული კუშის მიმართ ფობია. ერთი ჩემი მეგობარი 1.55-ზე არასოდეს დებს. ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი კუში არ დაჯდება, უბრალოდ არ მოსწონს და იმიტომ. დაფიქრდი და აუცილებლად მიაგნებ ასეთ კუშს.

17. არ დადო როდესაც კუში “თამაშობს”, ხან მაღალია ხან დაბალი!

წერენ კუშს და ყოველ საათში ცვლიან. რა ხდება? რაც არ უნდა ხდებოდეს, შენ ამას მაინც ვერ მიხვდები, ალბათ უბრალოდ მათემატიკაა, თუმცა ავტომატურად იწყებ ფიქრს, რომ აი შეცვალეს, ესე იგი ფავორიტი ვეღარ იგებს, რაღაც იციან. ნუ დაიტანჯავ ფიქრით თავს, უბრალოდ არ დადო.

18. არ დადო ფული რომელიც არ გაქვს!

რომელი ვოლ სტრიტის მგელი შენ მყავხარ, რომ ვირტუალურად გამოთვალო კომბინაციები. ხელზე „მაზაობა“ ყველაზე დიდი შეცდომაა. ძალიან ადვილად რისკავ, როდესაც ჯიბიდან არ იღებ ფულს. ფრთხილად იყავი, შეიძლება ძალიან ბევრი წააგო.

19. არ დადო “გაყიდულ” თამაშებზე!

ეს თამაში სხვამ იყიდა.

20. არ დადო სხვის ნანახ სიზმარზე!

არც საკუთარ სიზმრებს ენდო.

სიზმარი — ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობაა ფსიქიკური შინაარსებისა, უმთავრესად თვალსაჩინო წარმომადგენლებისა, რაც ძირითადად უნებლიე ფანტაზიის ობიექტური სინამდვილით შეუზღუდავი გამოვლინებაა (ძილში სიზმრის შინაარსს სუბიექტი რეალობად განიცდის). ზოგჯერ სიზმარს პირველ ბიძგს აძლევს ან მის შინაასში ჩაერთვის რეალური გამღიზიანებლებით გამოწვეული შეგრძნებები. ამაზეა დამყარებული სიზმრის ექსპერიმენტული გამოწვევა სუსტი, ოპტიკური, აკუსტიკური ან შეხებითი გამღიზიანებლებით, ფანტაზიის გამოვლენის  ფორმები განსაკუთრებით ფართოდ ვლინდება გაბმულშინაარსიან სიზმარში, ზოგჯერ კი ალეგორიული მნიშვნელობის წარმოდგენათა სახითაც. ასეთ სიზმარში უნებლიე ფანტაზიას აამოქმედებს ხოლმე ცხოვრებაში დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება (ორგანული ან მაღალპიროვნული). სიზმარში ფანტაზია იმას წარმოგვიდგენს, რის მიმართაც განწყობილი ვართ. მაგ., სასურველს; შეიძლება პირიქით მოხდეს, დაგვესიზმროს ის, რაც გვაწუხებს, გვაღელვებს, რისი რიდი და შიშიც გვაქვს.

21. არ დადო გუნდზე, რომელიც 1-2 დღეში ჩემპიონთა ლიგას თამაშობს!

ლიგა ყველა გუნდის სასურველი ტურნირია და მიუხედავად მწვრთნელ-ფეხბურთელების მაღალი პროფესიონალიზმისა, მაინც ლიგის თამაშზე უჭირავთ თვალი. ლიგის წინა თამაშს, რომელიც ზოგჯერ ძალიან ადვილად გეჩვენება, სათანადო ფსიქოლოგიით ვერ უდგებიან. ამიტომ არ გარისკო.

22. არ დადო როდესაც ორი გუნდიდან არცერთი არ იცი!

მითუმეტეს თუ ის ქვეყანა სადაც ეს გუნდები თამაშობენ რუკაზეც არ გინახავს.

რაც არ იცი იმ საქმეს არ უნდა გაეკარო. წააგებ.

23. არ დადო სამომხმარებლო კრედიტით გამოტანილი ფული!

მეორე დღეს იპოთეკური დაგჭირდება.

ამ შემთხვევაში, გაიხედ-გამოიხედე, რამდენი დაიღუპა, დარჩა უმანქანოდ, უსახლკაროდ. რისი გულისთვის?!

24. არ დადო პრეზერვატივის ფული!

შიდსს აიკიდებ. ჯანმრთელობის ფასი არაფერია. ჯანმრთელობას ვერ მოიგებ, ეგეთი კუში არავის არ აქვს.

25. არ დადო ბებიას წამლის ფული!

განსაკუთრებით თუ ეს წამალი ბალზამია. დარწმუნებული ვარ, ამას არც არავინ იკადრებს, თუმცა თუ მხარზე პატარა, სამკაპიანი, რქიანი არსება დაგასკუპდა შეასხი ბალზამი სახეში.

26. არ დადო როდესაც პირველადგილოსანი ბოლოადგილოსანს ეთამაშება!

ფარა არ შემობრუნდეს.

27. არ დადო როცა 13 ლარს დებ და შესაძლო მოგება 666 ლარია

13 თარსია და 666 ეშმაკისეულია. ხომ იძახი ღმერთო მომაგებინეო, როგორ ფიქრობ მოგაგებინებს?!

28. არ დადო ბედობას და 1 აპრილს!

არ გჯერა ამ დღეების, მაგრამ ყველა ერიდება ცუდის დაბედებას, ყველა ცდილობს რომ არ მოტყუვდეს. მოითმინე რა. ასეთი სულ 2 დღეა წელიწადში.

29. არ დადო როცა გეჩქარება

ამ დროს გონება გაგირბის, მოსწრებაზე ხარ. საღად ვერ აზროვნებ, შეიძლება შეგეშალოს კიდეც. დაიზღვიე თავი. დამშვიდდი და დადე თამაშებზე რომელიც სხვა დროს იწყება.

30. არ დადო არასოდეს!

აუცილებლად მოიგებ!

სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა. თუ ვინმე რამეს შემატებს ამ რჩევებს მით უკეთესი.

მთავარი კი ისაა, რომ როდესაც თამაშობ უნდა იცოდე – ხან მოიგებ ხან წააგებ, წაგება და მოგება ძმები არიან. და არ იფიქრო, რომ თამაშით გამდიდრდები, არაა ეს მანქანა იმისთვის გამოგონილი, რომ ვინმე გაამდიდროს. პირიქით.

30 ცრუ-რჩევა „ყომარბაზებს“