21 დღე ახალი ცხოვრების დასაწყებად?

21 დღე ახალი ცხოვრების დასაწყებად?

ბევრისგან მსმენია, რომ 21 დღე საკმარისია იმისათვის, რომ ახალი ჩვევა შეიძინო ან ცუდ ჩვევას გადაეჩვიო, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე მარტივად არ არის საქმე, რადგან ამ ცნობილმა მეთოდმა ჩემს შემთხვევაში არ გაამართლა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე უფრო ღრმად ჩამეხედა მოცემულ საკითხში და სხვა მიდგომები მომეძებნა.

გარკვეულ ასაკამდე მშობლები მიგვითითებდნენ იმაზე, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა და როდის – გვაყენებდნენ დილით სკოლაში წასასვლელად, გვაჭმევდნენ საჭმელს, რომელიც კარგი იყო ჩვენი ჯანმრთელობისთვის, არ გვაძლევდნენ გარეთ გვიანობამდე ყოფნის უფლებას. თუმცა, დრო გადის და გარკვეული ასაკიდან მითითებები წყდება, რადგან ახლა უკვე სრულწლოვანი ხარ და თავად უნდა გქონდეს უნარი, მიიღო შენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები, რაც არც ისე მარტივია.

მინდა გითხრათ, რომ არასდროს იქნებით ხასიათზე ადგეთ დილით ადრე, ივარჯიშოთ ყოველდღიურად, გააკეთოთ დავალება, რომლის დედლაინიც ერთ თვეშია – ყოველთვის გამოჩნდება რაღაც ისეთი, რისი გაკეთებაც უფრო მარტივი და სახალისო იქნება, თუმცა არასასარგებლო. სწორედ ამიტომ, აუცილებელია „პოზიტიური“ ჩვევების გამომუშავება და ცუდი ჩვევებისგან განთავისუფლება.

ნებისმიერი ახალი ჩვევის შესაძენად მნიშვნელოვანია შეასრულო შემდეგი ნაბიჯები:

  1. მიიღე გადაწყვეტილება
  2. არასოდეს დაუშვა გამონაკლისი (თუკი გადაწყვიტე ადგე 6 საათზე, ადექი 6 საათზე!)
  3. უთხარი სხვებს, რომ ახალი ჩვევის შეძენას ცდილობ
  4. მოახდინე ახალი ჩვევის ვიზულიზაცია
  5. გაიგე რა იწვევს შენს ცუდ ჩვევას
  6. შეცვალე გარემო (გარემო ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ქმედებებზე. თუკი გინდათ, რომ რაიმე კონკრეტული საჭმელი აღარ ჭამოთ, არ უნდა გქონდეთ სახლში. გინდათ მეტი წაიკითხოთ? შეიქმენით ისეთი გარემო, სადაც წიგნები ხელმისაწვდომია.)
  7. დააჯილდოვე საკუთარი თავი.

ნირ ეიალი გვირჩევს მიდგომას, რომელსაც „პროგრესიულ ექსტრემიზმს“ უწოდებს. პრინციპი ასეთია – უბრალოდ უნდა აირჩიო 1 რამ, რის მიტოვებასაც შეძლებ უპრობლემოდ, მაგრამ მიატოვებ მას ცხოვრების ბოლომდე – ეს შეიძლება იყოს კონკრეტული საჭმელი, ქცევა ან ჩვევა.

კვების მაგალითზე რომ განვიხილოთ – დიეტის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ შენ აჯერებ ტვინს, რომ მართალია დღეს წვალობ, მაგრამ როგორც კი დიეტა დამთავრდება და სასურველ შედეგს მიიღებ (დასახულ წონას მიაღწევ, სასურველ კაბას მოირგებ) ეს წვალება დაგიფასდება. რეალობა კი ხშირად ასეთია – როგორც კი დიეტისგან „ვთავისუფლდებით“ მაშინვე ვიწყებთ ჭამას და იმ კალორიების ანაზღაურებას, რაც დიეტამდე ასე ძალიან გვაწუხებდა.

არის ისეთი ჩვევები, რომლებსაც რატომღაც ვერ ვითვისებთ – ამის მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც გარემო, ისე ჩვენი შეხედულებები და ღირებულებები – შეიძლება ჩვევას ვერ ვაფასებთ, არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ან არ გვჯერა, რომ ეს შეგვიძლია. რწმენის შეცვლის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი არის გააკეთო ის, რასაც არასოდეს იფიქრებდი, რომ შეძლებდი. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ყველაფერი, რასაც წარმოვიდგენთ, რის ვიზუალიზაციასაც ვახდენთ გონებაში, შეიძლება გადმოვიტანოთ რეალურ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია შევცვალოთ რწმენა, რადგან ყველაფერი ჩვენი გონებიდან იწყება.

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველაზე ერთი მეთოდი, რა თქმა უნდა, არ იმოქმედებს, თუმცა არჩევანი ახალი ჩვევის შექმნის ან გადაჩვევის ტექნიკებისა კიდევ უფრო დიდია. რა ხერხიც არ უნდა აირჩიოთ, უმთავრესია არ იჩქაროთ და აუცილებლად შენიშნავთ ცვლილებებს ცხოვრების ყველა ასპექტში.