2018 წელი ყველაზე წარმატებული იყო 2013 წლის შედეგ

2018 წელი ყველაზე წარმატებული იყო 2013 წლის შედეგ

ჯეპრას სოციალური მედიის მენეჯერი, ზურა ბალანჩივაძე 2018 წელს  აფასებს. 

რამდენად წარმატებული იყო პირადად შენთვის 2018 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?

პირადად ჩემთვის, 2018 წელი ყველაზე წარმატებული იყო 2013 წლის შედეგ.

რით იყო გამორჩეული?

2018-ში ფართო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამიცნო: გავხდი “იმედის დილის” წამყვანი და გაზრდილ პასუხისმგებლობასთან ერთად, ბევრი საინტერესო კონტაქტი შევიძინე. პიარის სფეროში მომუშავისთვის ეს, ალბათ, უმთავრესია.

შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის?

რაც შეეხება პროექტებს, ჩემი პირადი სიმპათია #ბორჯომიგულშემატკივარი იქნება. გარემოს დაცვა და განათლება ის სფეროებია რომლებსაც ყველაზე მეტად ვგულშემატკივრობ და ვცდილობ, საკუთარი წვლილი შევიტანო მათ პოპულარიზაციაში. “ბორჯომმა” ამ მხრივ კარგი შანსი მომცა.

რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?

პირდაპირ ვიტყვი, უკეთესადაც შეიძლებოდა. სანამ გარეშე ფაქტორებს დავაბრალებდე, უპირველესად, საკუთარ თავს მოვთხოვ პასუხს. შეიძლებოდა, უფრო მეტადაც მივწოლოდი რაღაცებს. რასაკვირველია, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული. ასე რომ, შარშან დასახული გეგმების დიდი ნაწილი წლევანდელისთვის გადმოვიტანე და ვთვლი, რომ წელს გაცილებით უფრო მზად ვარ მათ ბოლომდე გასატანად.

როგორი იყო შენი წელი, როგორც უნივერსიტეტების ლექტორის და პიარსკოლის მენტორის?

ვინაიდან და რადგანაც პიარსკოლის ლექტორობა (და ზოგადად აკადემიური სფერო) ძალიან საპასუხისმგებლოა, ყოველ ჯერზე მიწევს მოწოდების სიმაღლეზე დგომა, სასწავლო კურსის განახლება. აქედან გამომდინარე, ეს იმდენად რუტინული სიახლეა, რომ განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება თავად ლექციებს, რასაკვირველია, ბევრი სიახლეა. თითეულ ახალ ადამიანთან კონტაქტის დამყარება და მის სამყაროში შეჭყეტა ძალიან დიდი მიღწევაა.

ჯეპრას 2018 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედებზე დავგეგემეთ?

ჩემი აზრით, ჯეპრას გასულ წელს არც ერთ კომპონენტში ჩავარდნა არ ჰქონია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზუსტად იმ კუთხით ვითარდება, როგორც მე ვისურვებდი (ყველას ჩვენი ხედვა გვაქვს, ბუნებრივია), თუმცა ძალიან სასიამოვნო განცდაა, როცა შენი კომპანია იზრდება, ვითარდება და უფრო მეტად უზრუნველგყოვს.

რაზე გწყდება გული? რა გიხარია?

გული მწყდება, რომ უფრო მეტი დრო ვერ დავუთმე შარშან ჩემს თავს ჯეპრაში გარეშე მიზეზების გამო, რაც არის კიდეც მიზეზი, თუ რატომ არ ვარ საკუთარი მუშაობით კმაყოფილი 2018 წელს. ყველაზე მეტად მიხარია პერსონალური დამოკიდებულება ადამიანებს შორის. ნამდვილად შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი გარემო რომ არ ყოფილიყო, მე ვერც ჯეპრაში და ვერსად ვიმუშავებდი. სწორედ ამიტომაა 2019 წელი ჩემი აქ მუშაობის საიუბილეო მეათე წელიწადი.

რა გეგმები გაქვს 2019 წელს? რაზე აპირებ აქცენტის გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?

მინდა, ერთ-ერთი მიმართულება ჩავიბარო, ავიყვანო გონიერი ახალგაზრდების გუნდი და ერთად გავუმკლავდეთ გამოწვევებს, ვაჩვენოთ მომხმარებლებს, რომ  სიახლე ყველგან და ყოველთვის არსებობს. რაც ყოველთვის მინდა და არასდროს მაქვს საკმარისი დრო, განათლებაა. წელს პირობას ვუდებ საკუთარ თავს, რომ წლის ბოლომდე აუცილებლად ვიქნები სიღრმისეულად გათვითცნობიერებული სიახლეებში, რომლებსაც მერე გადავამუშავებ და ახალ-ახალ კომპონენტებად შევთავაზებ მომხმარებლებს.

როგორი იქნება 2019 წელი პიარინდუსტრიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?

ყველაზე ადვილი პასუხი მაქვს: მეტი უშუალობა, მეტი სანდო აზრის ლიდერი, მეტი ვიზუალი.