როგორ ვთქვათ არა!

როგორ ვთქვათ არა!

 

„არა“ სხვის მაგივრად მუშაობას!

უარის თქმა არის ის ქმედება, რაც მე ერთ დროს არც თუ კარგად გამომდიოდა. ჩემს ბუნებაშია, რომ ყველას დავეხმარო, ამიტომ როდესაც მეგობარი/კოლეგა ან სულაც „არავინ“ მთხოვს დახმარებას, მე სასტიკად მიჭირს უარის თქმა. „გთხოვ დაწერე“, „გთხოვ შეხვედრაზე შენ წადი“, „გთხოვ შენ გააკეთე“ – და მე ვწერ, დავდივარ შეხვედრებზე, ვაკეთებ …

შედეგად, წლების განმავლობაში მიწევდა ორმაგად მემუშავა, ვინაიდან ეს „გთხოვ“ ბევრ დროს მართმევდა და ჩემ საქმესაც ხომ ვერ დავტოვებდი უყურადღებოდ. ამიტომ გადავწყვიტე გამომუშავებინა ჩვევა – ვთქვა უარი, სხვის მაგივრად სამუშაოს შესრულებაზე, ისე რომ არავის ვაწყენინო.

პირველი, რაც გავაკეთე იყო, რომ ჩემი კოლეგის უაღრესად მეგობრულ „გთხოვ, ეს მონაცემები გაანალიზე“ ვუპასუხე: „სიამოვნებით, ოღონდ ეხლა ვერ დაგეხმარები. როდესაც ჩემს საქმეებს მოვრჩები…“. გაუკვირდა, თუმცა გადაწყვიტა ორიოდ დღე დამლოდებოდა. კვირის თავზე, როდესაც მე კიდევ ყურებამდე ვიყავი ჩაფლული ჩემს საქმეებში, შემახსენა თხოვნა – რაზეც მივუგე: „სიამოვნებით, ოღონდ შაბათ-კვირა ბავშვებთან უნდა გავატარო – ძიძა არ მყავს“. მასალა ორშაბათს უნდა ყოფილიყო მზად და ჩემი კოლეგა იძულებული გახდა თვითონ შეესრულებინა სამუშაო.
მომდევნო მეგობრულმა/უფროსულმა თხოვნამაც არ დააყოვნა, „გთხოვ პრეს რილიზის ტექსტი მომიზადე“.

გაოცებულმა შევხედე ჩემს უფროსს – „სიამოვნებით, მაგრამ უხერხული არ იქნება ჩემგან ამის გაკეთება, როდესაც ოფისში გვყავს „ანა“ – რომელიც ბრწყინვალედ წერს და თან ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა? ხომ არ ეწყინება რომ მის კომპეტენციაში შევიჭრები?“ ესეც ხომ დახმარებაა – მიუთითო და დაანახო სწორი გზა.
ნელ-ნელა იკლო „გთხოვ“ მომართვამ და მეც ამოვისუნთქე.

არა უსასრულო ცვლილებებს!

2

უფრო რთული აღმოჩნდა, მეთქვა უარი, ჩემს უკვე დაგეგმილ და განხორციელების ფაზაში მყოფ პროექტებში ცვლილებების განხორციელებაზე. მინდოდა, რომ პროექტის დამკვეთები და სტეიკჰოლდერები და ჩემი უფროსები უკმაყოფილო არ დამეტოვებინა, მეჩვენებინა მათთვის რომ მყავს მოქნილი და ყოვლისშემძლე გუნდი. მალევე მივხვდი, რომ შედეგად, ჩემი გუნდის წევრებს ორჯერ მეტი სამუშაოს შესრულება უწევდათ, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი, ხოლო ეს არ აისახებოდა მათ ანაზღაურებაზე. ასევე, ეს უსასრულო ცვლილებები უარყოფითად აისახებოდა პროექტის მიმდინარეობაზე, მეცვლებოდა ბიუჯეტი, გრაფიკი, ხარისხი, მეზრდებოდა რისკები… მე არ მქონდა იმის უფლებამოსილება რომ დამოუკიდებლად მეთქვა უარი ამდენი ცვლილების განხორციელებაზე, თუმცა დიდი ჭოჭმანის შემდგომ (მეშინოდა რომ გავაბრაზებდი სხვებს), ლოგიკური არგუმენტების მოშველიებით, შევძელი დამერწმუნებინა ჩემი უფროსი, რომ მიუხედავად ჩემი და ჩემი გუნდის ყოვლისშემძლეობისა, მიუხედავად ჩვენი თავდადებისა საქმის მიმართ და მიუხედავათ ახალი დავალების შესრულებადობისა, პროექტისთვის სიკეთის მომტანი არ იქნებოდა ასეთი და ამდენი ცვლილებები.

– „ჩვენ მზად ვართ, თქვენი ნებისმიერი დავალება, რომელიც სასიკეთოდ წაადგება თქვენს მიერ დაკვეთილ სამუშაოს, შევასრულოთ; თუმცა თქვენ მხოლოდ შემსრულებლად არ დაგიქირავებივართ. თქვენ ფულს მიხდით, რომ მე თქვენი საქმიანობა გავხადო უფრო ეფექტური. თან სხვებზე გაცილებით მეტს მიხდით, რაც მაძლევს საფუძველს ვიფიქრო რომ სხვებზე მეტს ელით ჩემგან. ამიტომაც თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჩემი რეკომენდაციები შემოგთავაზოთ“.
ბოლო არგუმენტი აღმოჩნდა სწორედ ის, რამაც შემაძლებინა დამერწმუნებინა ჩემი უფროსი, არ შეეტანა მეტი ცვლილება პროექტში.

უბრალოდ თქვი – არა!

როდესაც ის, რასაც გთხოვენ, არ შედის შენს მოვალეობებში ან მისი გაკეთება არ იქნება სწორი, თქვით: არა! ნუ შეგეშინდებათ, რომ ამით თქვენი კოლეგას ან უფროსს გაანაწყენებთ. მთავარია ინტონაცია და განწყობა, რომლითაც იტყვით „არა“-ს. როგორც ამბობენ, ხელოვნებაა, გაუშვა ადამიანი ჯანდაბის გზაზე, ისე, რომ ის მოუთმენლად ელოდებოდეს ამ მოგზაურობას.