სოციალური მედიის კლასგარეშე საკითხავი

სოციალური მედიის კლასგარეშე საკითხავი

2008 წელს, როცა „ოდნოკლასნიკები“ ქართველი (და არა მხოლოდ) მოსახლეობის ერთ-ერთი უდიდესი თავშესაქცევი იყო, გავხსენი ჩემი პირველი ბლოგი. მაშინ ფეისბუკს ფესვები მსოფლიო მასშტაბით არ გაედგა. მეც ვწერდი პოსტებს იმ იმედით, რომ ოდესმე ვინმე მათ ჩემ გარეშეც იპოვიდა. მერე „ბედად“ მოხდა აგვისტოს ომი და თითქმის მთელი საქართველო ფეისბუკზე გადაბარგდა. ასე დაიწყო ბლოგების აღზევება.
ბლოგერები ის ადამიანები არიან, რომლებსაც სურთ, თავიანთი სათქმელი წერილობის სხვადასხვა ფორმით (ანალიტიკური, მხატვრული, ემოციური, პირადული, აბსურდული) გააზიარონ ინტერნეტდღიურში, რომელსაც ბლოგი ეწოდება. მათი ნაწილი ანონიმურობას ემხრობა, მეორე ნაწილი – საჯაროობას. ეს გამოწვეულია ბლოგის თემატიკიდან: თუკი იცი, რომ შენი სიტყვებისთვის მინიმუმ დედას გაგინებენ და ამის გეშინია, მაშინ სჯობს, არავინ გიცნოს, თუ არა და გმირულად აიტან შენს ჭმუნვას და ონლაინ გააპიარებ.

34

2009 წლიდან ბლოგები (და, შესაბამისად, ბლოგერები) საზოგადოებაში დაფასებული ხალხი ხდება. სინამდვილეში, ამ ირონიულ ნათქვამში 100% ჭეშმარიტებაა: ბლოგერების შრომის დაფასება მართლაც დაიწყეს. თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, არაშესატყვისად. კომპანიებმა, ორგანიზაციებმა და მთავრობის წარმომადგენლებმაც კი, იმის ნაცვლად, რომ მათთან რეალურად საინტერესო და საკვანძო საკითხებზე ესაუბრათ, ემსჯელათ პრობლემებზე და საზოგადოებრივ აზრზე, გადაწყვიტეს, საქმეს მარტივად მიდგომოდნენ. წვეულებები, გემრიელი სუფრა და კარაოკე ღონისძიებები ბლოგერებსა და სოციალურ ქსელებში აქტიურად მოღვაწე ადამიანებთან ჯანსაღ დიალოგად იქცა.
მოთაფლვის ამ მეთოდმა მხოლოდ ნაწილობრივ გაამართლა, რადგან ბლოგერები აცნობიერებდნენ, რომ მათს შებმას მთლად კეთილი ზრახვები არ ექნებოდა. მიუხედავ იმისა, რომ გარკვული ნაწილი თავდაპირველად ფოჩიან კანფეტებს დახამდა, როცა ისინი გამოილია, ეგრევე გამოაცხო გაცილებით უკეთესი პოსტი, ვიდრე წინა, შეკვეთილი პიარპოსტი. იმიტომ, რომ იყო ნამდვილი და, შესაბამისად, დამაჯერებელი.

6

საერთოდ, ყველა ბლოგერი მწერალი არ გახლავთ. მეტიც, ბლოგერების უმეტესეობა კარგად ვერ წერს. ისევე, როგორც პოლიტიკოსების უმრავლესობა კარგად ვერ იტყუება, მაგრამ მაინც პოლიტიკოსები ჰქვიათ.

ბლოგერების ზეობა 2012 წლამდე გაგრძელდა. წლის დასაწყისში ფეისბუკმა ბლოგოსფეროს წელსქვემოთა დარტყმა მიაყენა და პოსტში ტექსტის დაწერის სივრცე გაზარდა. ადრე დაახლოებით 10 წინადადების შემცველი ამბის დაპოსტვა შეგეძლოთ, ახლა ფეისბუკის სტატუსზე ფილმის სცენარის ოდენა ტექსტს დაწერთ. ამას დაუმატეთ ფეისბუკის ქართულ ენაზე ამეტყველებაც, რამაც ავტომატურად მოამრავლა ახალი მომხმარბლები და მშვიდობით, ბლოგოსფეროვ.

ბლოგი იქცა განყენებულ და მეორეხარისხოვან სოციალურ ქსელად. საიტად, რომელზეც, სადმე თუ არ შეგხვდა, მასზე ვიზიტი თითქმის არასდროს გაგახსენდება. ამიტომ ბევრი ბლოგი დაიხურა, ბევრმაც წერა გადაიფიქრა. დარჩენილებმა საქმე ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა და ანალიტიკური პოსტების გამოცხობას მიჰყო ხელი. პარალელურად, კომპანიებმა და ორგანიზაციებმა ზოგიერთი მათგანი თავისთან დაასაქმეს და ასე გადმოიბირეს.

დღეს ბლოგერების ნაწილი თავისი ხელობითაც მუშაობს და ეს არის ყველაზე მთავარი: რაც უნდა მოხდეს, როგორი ტენდენციითაც უნდა განვითარდეს სოციალური ქსელები, ბლოგერების მიერ მათსავე მედიაში გავრცელებული ანალიტიკა ისევე დაფასდება, როგორც ხელით ნაქსოვი ხალიჩა – დაზგურთან შედარებით. იმიტომ, რომ ნამდვილია და ციფრულად აკრეფილ ასოებსაც კი ეტყობა გონიერი ადამიანის ხელი.