პარასკევი
დეკ272014

პიარ კონსალტინგი და გლობალიზაციის პროცესი

28

გამოწვევები და პერსპექტივები 21-ე საუკუნეში

სამუშაო არეალი და სფერო განუსაზღვრელია… ჩვენ ვართ ყველგან: საბანკო, რითეილ, ტურისტულ, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სპორტის, კინოხელოვნების, სამოდელო თუ სამთავრობო სექტორში. ვემსახურებით სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს, იმისთვის რომ გავზარდოთ მათი ცნობადობა, მოვახდინოთ კომპანიის ან პერსონების იმიჯის ფორმირება, ვიზრუნოთ მათ რეპუტაციაზე, მივაღწიოთ წიგნის ბესთსელერად და ფილმის ბლოგბასტერად წარდგენას და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, პიარ მხარდაჭერის საჭიროება თითქმის ყველა სექტორშრია და მის გარეშე წარმატების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია თანამედროვე ეპოქაში, თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე ტრენდებს და გლობალიზაციას. ეს თავისთავად აისახება პიარ კონსულტანტების მომრავლებაზეც, ინდუსტრია გარდატეხის პროცესშია და ის ფაქტიურად უკვე გახდა ყველა სფეროში წარმატების მიღწევის ფუნდამენტი. მიუხედავად ამგვარი სურათისა, პიარ კონსალტინგი დგას 21-ე საუკუნის პოლიტიკური და გლობალური გამოწვევების წინაშე… პიარ ინდუსტრიის მნიშვნელოვანი განვითარებისა და ზრდის პერსპექტივა ჯერ კიდევ წინ არის.

პოლიტიკური გამოწვევები

ზოგადად, ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური გარემო მუდმივად ცხელია, PR კონსულტანტები დგანან ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა პიროვნული ნდობა, პიროვნული დამოკიდებულება. ხდება პიარ კონსულტანტების პერსონიფიკაცია და მიკუთვნება რომელიმე ორგანიზაციასთან, დაჯგუფებასთან, ასოციაციასთან, პარტიასთან… ეს ართულებს ინდუსტრიებს შორის ჯანსაღი კომუნიკაციის პროცესს.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ეთიკა, და მისი გათვალისწინება პიარ ინდუსტრიაში ხშირად ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება ბიზნესის განვითარებისთვის… აქ ბევრი პლიუსი და მინუსია: როცა პიარი გამოიყენება კონსულტანტებისთვის მიუღებელი პროცესების მხარდასაჭერად, რთულია პროფესიული რეპუტაციის შენარჩუნება და ეს ასეა გლობალურად. თავისთავად კონსულტანტები ამჯობინებენ მეტად იმუშავონ კომერციულ თემებზე, ვიდრე პოლიტიკურზე და ეს უკვე ქმნის გარკვეულ პრობლემას გლობალურად ინდუსტრიაში, რადგან მათი ჩართულობა სწორედ ამ უკანასკნელში საკმაოდ მნიშვნელოვანია.
დიახ, პიარ კონსულტანტები, რომლებიც თავიანთ სერვისს პოლიტიკურ სფეროში უწევენ რეალიზაციას, გაცილებით დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, ვიდრე მხოლოდ კომერციულ სფეროში მოღვაწე კონსულტანტები. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ ძალას ემსახურებიან ისინი, რადგან პოლიტიკა მუდმივად განიცდის ცვლილებას. უხერხულობა ამგვარ მოცემულობაში ბუნებრივია, თუმცა პროფესიონალთათვის ცხადია: ეს არის მათი პროფესიული საქმიანობა და ვალი, შეხედონ ყველა დაკვეთას (მათ შორის პოლიტიკურს) პროფესიული თვალით. მსოფლიო პრაქტიკით ამ ეტაპზე მხოლოდ ერთეული კომპანიები იყენებენ პიარ ქცევის კოდექსს თავიანთ საქმიანობაში, მაგრამ აქ ბევრი კითხვაა: რამდენად არგებენ თავიანთ ქცევას გაწერილ კოდექსს? ვფიქრობ, რთული შესაფასებელია გარედან, რადგან პიარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, დაგარწმუნოს… დაგარწმუნოს ან უბრალოდ გახადოს შენი დამოკიდებულება პროდუქტის, რეფორმის, პარტიის და ა.შ. ლოიალური… ბუნებრივია, რასაც ქადაგებ რაღაცნაირად გწამს კიდეც იმის, ასე რომ შენს თავთან ნაკლებად მოდიხარ ეთიკურ ნორმებთან წინააღმდეგობაში… მოკლედ რომ ვთქვათ, გჯერა და სხვასაც არწმუნებ, შესაბამისად თუკი ახორციელებ პროექტს, გწამს კიდეც, რომ აქ ყველაფერი ეთიკის ნორმებშია!

გლობალიზაცია

უსაზღვროდ გლობალიზებულ მსოფლიოში, საზოგადოებასთან ურთიერთობების ინდუსტრიამ უნდა გააფართოვოს ჰორიზონტი, ანუ იფიქროს გლობალურად და არ ჩაიკეტოს ქვეყნის ლოკალურ ჩარჩოებში. გლობალური კავშირების გასამყარებლად, ინდუსტრიამ უნდა დაძლიოს ქვეყანათა შორის არსებული კულტურული, ენობრივი და დროითი ბარიერები – ამაზე თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იმუშვოს. თუკი ეს მიღწევადია, პიარ ინდუსტრია შესაძლოა გახდეს 21-ე საუკუნის მრავალმხრივი მოთამაშე, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს გლობალიზაციის პროცესს ხელს და ზოგადად, გახდის ინდუსტრიას უფრო ეფექტურს და მომგებიანს. თანამედროვე ტექნოლოგიური გარემო ამის საშუალებას იძლევა! დღესდღეობით ერთეული კონსულტანტები უწევენ ერთი ქვეყნიდან მეორეში მყოფ კლიენტებს საკონსულტაციო მომსახურებას, ეს კი მოსალოდნელია რომ ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს და თითოეული ჩვენგანისთვის ბაზარი საგრძნობლად გაფართოვდეს.
ჩვენი და თქვენი ქცევის მოდიფიკაცია
დღეს, პიარ კონსულტანტებმა უნდა დაარწმუნონ კლიენტები მათი სერვისის აუცილებლობაში, ბიზნესმა კი უნდა ირწმუნოს, რომ მიუხედავად კონსულტანტების თუნდაც ფრაგმენტული და მოკლევადიანი ჩარევისა, საკონსულტაციო სერვისს აქვს შესაძლებლობა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის განვითარებაში. დამოკიდებულებების შეცვლა ერთ-ორ დღეში შეუძლებელია, ეს გრძელვადიანი პროცესია. ინდუსტრია ვითარდება მოვლენების შესაბამისად, თუმცა აუცილებელია თითოეულმა კონსულტანტმა თავად მიიღოს განვითარების ყველა ეტაპზე მონაწილეობა და გამოიყენოს გლობალიზაციის პროცესი PR ინდუსტრიის განვითარებისთვის.
და ბოლოს, ინფორმაცია 21 საუკუნის ძალაუფლებაა და ის მართვადია პიარ ტექნოლოგიებით… დაარწმუნეთ კლიენტები ამაში!


ნინო სუბელიანი,
უფროსი კონსულტანტი
Share Button

საუკეთესო სტატიები